"მე-4 კლასს ამთავრებს, ვერც კითხულობს და ვერც წერს... მხოლოდ ასოებს და ციფრებს ცნობს"... "არ არის აუცილებელი, განვითარების დარღვევა ჰქონდეს. თუ  სწავლა უჭირს, ვერ ითვისებს, შეიძლება, მშობელმა და სკოლამ სპეცმასწავლებელი მოითხოვონ" - მშობლები

"მე-4 კლასს ამთავრებს, ვერც კითხულობს და ვერც წერს... მხოლოდ ასოებს და ციფრებს ცნობს"... "არ არის აუცილებელი, განვითარების დარღვევა ჰქონდეს. თუ  სწავლა უჭირს, ვერ ითვისებს, შეიძლება, მშობელმა და სკოლამ სპეცმასწავლებელი მოითხოვონ"

2025-06-13 12:28:07+04:00

"მეოთხე კლასშია ჩემი შვილი და მათემატიკის გარდა, წიგნი არ გადაუშლია. ვერ იტანს მეცადინეობას, ტირის, ვერ კითხულობს" ... "პირველი კლასი დაასრულა ჩემმა და მხოლოდ ცნობს ასოებს და ციფრებს, ვერ კითხულობს, ვერ ანგარიშობს", "მე-4 კლასს ამთავრებს, ვერც კითხულობს და ვერც წერს, მათემატიკა ხომ საერთოდ" - ბოლო დროს სოციალურ ქსელში მსგავსი შინაარსის პოსტებს ხშირად ნახავთ. არც ისაა სიახლე, რომ პირველივე კლასიდან მშობლებს რეპეტიტორები აჰყავთ, რადგან ბავშვი დამოუკიდებლად ვერ ეწევა სასწავლო პროგრამას. მშობლები ხშირად აღნიშნავენ, რომ მათ შვილებს სწავლასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ. მე-3, მე-4 და კიდევ უფრო მაღალ კლასებში ქართული ანბანის ასოების ცნობაც კი უჭირთ და საგაკვეთილო პროცესში სრულფასოვნად ჩართვას ვერ ახერხებენ. მშობელთა ნაწილი ამბობს იმასაც, რომ დასახმარებლად რეპეტიტორს მიმართავენ, თუმცა უშედეგოდ. ისინი თავიანთი გამოცდილების შესახებ სხვადასხვა ჯგუფში წერენ და გამოხმაურება იმდენად დიდია, გადავწყვიტეთ, დეტალური ინფორმაცია მოგვეძიებინა, თუ ვის უნდა მიმართოს მშობელმა დახმარებისთვის და რა გამოსავალი არსებობს, როცა ბავშვი სასწავლო პროგრამას მნიშვნელოვნად ჩამორჩება.

შესაძლოა, ბევრმა მშობელმა არ იცის, რომ თუ ბავშვს სწავლა განსაკუთრებით უჭირს და სასკოლო პროგრამას მნიშვნელოვნად ჩამორჩება, მას შეუძლია, სპეციალური მასწავლებლის დახმარება მოითხოვოს.

როგორ ხდება სპეციალური მასწავლებლის დანიშვნა და მოსწავლისთვის შესაბამისი სტატუსის მინიჭება, თემაზე საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერ ცენტრს მივმართეთ:

- მოსწავლის მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი სკოლაში მიმართვის ფორმას ავსებს. ეს ფორმა ყველა სკოლას აქვს. ასევე, მიმართვის ფორმას სკოლაც ავსებს. ფორმას მანდატურის სამსახურში აგზავნიან. ორივე ფორმას თან ხელმოწერაც უნდა ახლდეს. მიმართვის ფორმის საფუძველზე, სპეციალისტი, დაახლოებით, 20 დღის ვადაში, სკოლასთან და მშობელთან შეთანხმდება და შემდგომი ნაბიჯები დაიგეგმება.

შეფასებისა და კონსულტირების სპეციალისტი ტესტითა და აქტივობებით მოსწავლეს შეაფასებს, დასკვნას მოამზადებს და შესაბამისი დასკვნას სკოლასა და მშობელს გადაუგზავნის. ამის მიხედვით განისაზღვრება, მოსწავლეს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება დაუდგინდება თუ - არა.

რა შემთხვევაში შეუძლია, მშობელს სპეციალური მასწავლებლის დახმარება მოითხოვოს?

სპეციალისტთან მიმართვის მთავარი ჩვენება სწავლასთან დაკავშირებული სირთულეებია. არ არის აუცილებელი, ბავშვს აუტისტური სპექტრი ან განვითარების რაიმე ფორმის დარღვევა ჰქონდეს. თუ მოსწავლეს სწავლა უჭირს, კოგნიტურ და აკადემიურ სფეროში სირთულეებია, სხვადასხვა მცდელობის მიუხედავად, პროგრამის ათვისებას ვერ ახერხებს, მაშინ შესაძლოა, მშობელმა და სკოლამ სპეციალური მასწავლებლის დახმარება მოითხოვონ. თუ შესაბამისი შეფასებით სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები გამოიხატა, მას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სტატუსი მიენიჭება.

როგორ ხდება მოსწავლის შეფასება?

შეფასებისა და კონსულტირების სპეციალისტი მოსწავლესთან შეფასების მიზნით სპეციალურ ტესტს იყენებს. ეს პროცესი, დაახლოებით, 1,5 საათის განმავლობაში მიმდინარეობს. ტესტის ფორმა და შინაარსი მოსწავლის ასაკსა და შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. შეფასება, ძირითადად, სკოლაში ხდება. სპეციალისტი ადგილს მშობელთან ათანხმებს და ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ითვალისწინებს.

სკოლამ და მშობელმა სპეციალური მასწავლებლის დახმარება ნებისმიერ დროსა და კლასში შეიძლება, მოითხოვონ. არ არის აუცილებელი, მაინცდამაინც პირველ კლასში მოხდეს. თუ მოსწავლეს უფრო მაღალ კლასებში აქვს სწავლასთან დაკავშირებული პრობლემები და საგაკვეთილო პროცესში ვერ ერთვება, შეუძლიათ, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერ ცენტრს მიმართონ.

მოსწავლისთვის შესაბამისი სტატუსის მინიჭება ნიშნავს იმას, რომ მას სპეციალური მასწავლებელი ეყოლება. სპეციალური მასწავლებლის გარდა, შესაძლოა, პროცესში სხვადასხვა დამხმარე სპეციალისტი ჩაერთოს. იმის მიხედვით, თუ რა საჭიროება აქვს ბავშვს, შესაძლოა, მეტყველების სპეციალისტი, ფსიქოლოგის ჩართულობა, ასისტენტის მომსახურება დასჭირდეს და ასე შემდეგ.

როგორ ერთვება მოსწავლე სასწავლო პროცესში?

რაც შეეხება სასწავლო პროცესს, ესეც ბავშვის საჭიროებაზეა დამოკიდებული. შესაძლოა, მას ინდივიდუალური გაკვეთილები ჩაუტარდეს. შესაძლოა, არა ინდივიდუალური, არამედ კლასში მხარდაჭერა, საგაკვეთილო პროცესში სხვადასხვა აქტივობაში ჩართვა დასჭირდეს და ასე შემდეგ. ხშირად ხდება, რომ სპეციალური მასწავლებელი მოსწავლეს ინდივიდუალურადაც უტარებს გაკვეთილს და სხვა მოსწავლეებთან ერთად აქტივობებში ჩართვაშიც ეხმარება.

მომავალშისადმე ეწერება, რომმოსწავლეს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების სტატუსი ჰქონდა?

მისი სტატუსის შესახებ არსად არაფერი ეწერება. მათ შორის, არც ატესტატში. ეს საკითხი მშობლებს ხშირად აღელვებთ და შესაძლო ბულინგისაგან შვილების დაცვა სურთ. როდესაც მოსწავლე სპეციალურ მასწავლებელს კარგად მიჰყვება, განსაზღვრული პროგრამით მეცადინეობს, ბავშვს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების სტატუსი ეხსნება.

თუ სკოლაში გამოცდები ან ტესტები დაინიშნა, რა ფორმით ერთვება მასში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე?

რაც შეეხება სასკოლო გამოცდებს, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს მასზე მორგებული გამოცდა უტარდება. ასევე, მას ყველა საგანში ინდივიდუალური სასწავლო გეგმა აქვს და შეფასებაც ინდივიდუალური გეგმის მიხედვით განისაზღვრება და არა იმის მიხედვით, რითაც მთლიანი კლასი ფასდება.