ივნისი ტრადიციულად მარწყვის სეზონია, თუმცა ის საკმაოდ მოკლეა. მარწყვი სწრაფად ფუჭდება – მაცივარშიც კი ორი დღე ძლივს ძლებს, ამიტომ ხშირად მურაბად ამზადებენ. როგორ მოვხარშოთ მარწყვის მურაბა ისე, რომ კენკრა არ დაიშალოს და ფორმა შეინარჩუნოს?
არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი წესი, რომელიც დაგეხმარებათ მურაბის სწორად მომზადებაში.
მთავარია, აირჩიოთ მხოლოდ მკვრივი, უვნებელი კენკრა. საუკეთესოა საშუალო ან პატარა ზომის კენკრა, თანაც ერთნაირი ზომის – ასე თანაბრად მოიხარშება და მომზადების დრო სწორად გაითვლება.
კენკრა აუცილებლად კარგად უნდა გაირეცხოს. თუ მიწის ნაწილაკები და ბაქტერიები მურაბაში მოხვდა, შესაძლოა, მასში ბოტულიზმის გამომწვევი კლოსტრიდიებიც აღმოჩნდეს. მარწყვი ისე უნდა გარეცხოთ, რომ არ დაჭყლიტოთ. ამისთვის ჩაყარეთ ის ცივი წყლით სავსე ჯამში ყუნწებიანად, ფრთხილად მოურიეთ ხელით, შემდეგ გადაწურეთ, მოაცილეთ ყუნწები და ხელმეორედ ჩამორეცხეთ. ბოლოს დადეთ საწურზე, რათა ზედმეტი წყალი გაუვიდეს.
მარწყვის ფორმის შესანარჩუნებლად მურაბა ეტაპობრივად უნდა მოიხარშოს. თუ კენკრას დიდხანს აადუღებთ, ის დაიშლება და მურაბა უფრო ჯემს დაემსგავსება.
დაიმახსოვრეთ, მურაბის მოსამზადებლად ქილები და თავსახურები წინასწარ უნდა გაასტერილოთ. მურაბის მორევა უმჯობესია ხის ან სილიკონის კოვზით, რბილად და ფრთხილად – რომ კენკრა არ დაიჭყლიტოს.
მარწყვის მურაბის რეცეპტი მთლიან კენკრებით
მოცემული რეცეპტი გათვლილია 1 კგ მარწყვისთვის. სურვილისამებრ შეგიძლიათ გაზარდოთ ინგრედიენტების რაოდენობა იმავე პროპორციით.
ინგრედიენტები:
მარწყვი – 1 კგ
შაქარი – 1 კგ
მომზადების წესი:
გადარეცხილი და გამშრალი მარწყვი მოათავსეთ მურაბის მოსახარშად განკუთვნილ ჭურჭელში. ზემოდან მოაყარეთ შაქარი და ნაზად შეარხიეთ, რათა შაქარი ქვემოთ ჩავიდეს. დატოვეთ ეს მასა გრილ ადგილას 5-6 საათით, რომ მარწყვმა წვენი გაუშვას.
როცა წვენი გამოდის, ქაფქირის დახმარებით ამოიღეთ კენკრა და ცალკე ჭურჭელში გადადეთ. დარჩენილი წვენი (უკვე შაქრიანი სიროფი) ცეცხლზე დადგით და მუდმივად ურიეთ, სანამ შაქარი ბოლომდე არ გადნება. შემდეგ კიდევ 5-7 წუთით იხარშოს, სანამ უფრო ბლანტი არ გახდება. ზედმეტი ქაფი აუცილებლად მოაშორეთ.
ამის შემდეგ სიროფში დაუმატეთ კენკრა, ცეცხლს დაუწიეთ, მიიყვანეთ ადუღებამდე და 5-7 წუთით ადუღეთ. შემდეგ გამორთეთ და მურაბა 2 საათით გააგრილეთ.
გაგრილების შემდეგ კვლავ დადგით ცეცხლზე, ისევ მიიყვანეთ ადუღებამდე და დაახლოებით 5 წუთით მოხარშეთ. ძალიან ფრთხილად მოურიეთ, რომ კენკრა არ დაზიანდეს. სურვილისამებრ, კიდევ ერთხელ გააგრილეთ და გაიმეორეთ იგივე პროცესი.
მზადების ბოლოს, როცა მურაბა საბოლოოდ მზად იქნება, ოდნავ შეგრილებაც კი აღარ არის საჭირო. ჯერ კიდევ ცხელი მასა ჩაასხით სტერილურ და მშრალ ქილებში, დაახურეთ სტერილიზებული მშრალი თავსახურები და გააცივეთ. ასე მომზადებული მურაბა ოთახის ტემპერატურაზეც მშვენივრად ინახება.