ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ თბილისში პატრონიანი ცხოველების შემოწმება დაიწყო - რა ვალდებულებები უნდა დააკმაყოფილოთ, თუ სახლში ძაღლი გყავთ? - მშობლები

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ თბილისში პატრონიანი ცხოველების შემოწმება დაიწყო - რა ვალდებულებები უნდა დააკმაყოფილოთ, თუ სახლში ძაღლი გყავთ?

2025-06-16 12:00:08+04:00

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ თბილისში პატრონიანი ცხოველების შემოწმება დაიწყო. პროექტი უკვე მიმდინარეობს. სააგენტოს თანამშრომლები ინტერესდებიან, იცავენ, თუ არა პატრონები კანონით გათვალისწინებულ წესებსა და კანონებს. საინტერესოა, რა ვალდებულებები აქვთ მეპატრონეებს და რა პირობებში უწევთ ცხოველებს ყოფნა - თემაზე ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნიკოლოზ არაგველი გადაცემაში "დღის პოსტი" საუბრობს:

- პროექტი "კარდაკარ" 23 მაისიდან დაიწყო და, დაახლოებით, წლის ბოლომდე გაგრძელდება. აბსოლუტურად ყველა ოჯახში დაკაკუნების პრინციპით, კარდაკარ მისვლა გვაქვს დაგეგმილი. გვინდა, ცხოველების მოვლა-პატრონობის წესი შევამოწმოთ. ასევე, რამდენად ჰყავთ კანონიერად ეს ცხოველი და ასე შემდეგ.

პირველ რიგში, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ მეპატრონეს ცხოველი რეგისტრირებული, ჩიპირებული ჰყავდეს. ასევე, მეტისის, ნარევი ჯიშის ყოლის შემთხვევაში, მისი სტერილიზაცია-კასტრაცია აუცილებელია. გარდა ამისა, როგორც აღვნიშნე, ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციაც აუცილებელია. არარეგისტრირებული ძაღლი ქუჩაში ისევ ჩვენი, ადამიანების დაუდევრობით ხვდება. უკონტროლოდ მრავლდებიან და გვაქვს ის სურათი, რასაც დღეს ვხედავთ.

პარლამენტში კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს. ეს კანონპროექტი მხოლოდ დედაქალაქს არ მოიცავს. მთელი საქართველოს მასშტაბით გავრცელდება. კანონში როგორც მომშენებლების, ვეტერინარული დაწესებულებებისა და აბსოლუტურად ყველაფრის განმარტება და წესები იქნება განსაზღვრული. შესაბამისად, საჯარიმო სანქციებიც გაცილებით გაიზრდება.

ჩვენი თანამშრომლები და სააგენტოს შესაბამისი მობილური ჯგუფები ადგილზე ვიზიტის დროს, სურვილის შემთხვევაში, ცხოველის ჩიპირებას განახორციელებს. თუ მეპატრონეს ძაღლისთვის ჩიპის გაკეთების სურვილი არ აქვს, პირველ ეტაპზე, ცნობიერების ამაღლებით შემოვიფარგლებით. გვინდა, ახალ კანონპროექტს მოსახლეობა უფრო გაცნობიერებული შეხვდეს, რომ აღიქვან, რა ვალდებულებები აქვთ, რა პირობები უნდა დააკმაყოფილონ და გაითვალისწინონ. გვინდა, აბსოლუტურად ყველასთან მივიდეთ ადგილზე. უკვე, დაახლოებით, 1700 მოქალაქე შევამოწმეთ. 1700-დან მხოლოდ 300-მდე ცხოველი გადავამოწმეთ. დანარჩენებს ცხოველი არ ჰყავდათ.

რა ვალდებულებები აქვთ ძაღლების მეპატრონეებს?

პირველ რიგში, იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია მნიშვნელოვანია. მეტისის შემთხვევაში, სტერილიზაცია-კასტრაცია აუცილებელია. ასევე, აქტივობების უზრუნველყოფა, ჯიშების თავისებურებების მიხედვით. მეპატრონემ ცხოველი უნდა გაასეირნოს, არ უნდა ჰყავდეს იზოლირებულად ჩაკეტილი, უნდა ჰქონდეთ საკვები, შესაბამისი დათბუნება, ასევე ვეტერინარული მომსახურება. შემოწმება ეხება კატებსაც.

რატომაა ცხოველის ჩიპირება აუცილებელი?

პირველი, სახელმწიფოს ცხოველის გაკონტროლება უნდა შეეძლოს და ვიცოდეთ, უმეთვალყურეოდ მიტოვების შემთხვევაში ეს ცხოველი ვისი საკუთრებაა, რომ შემდგომ მეპატრონის მოძიება შევძლოთ. ასევე, თუ მეპატრონეს დაეკარგება ან გაიქცევა მისგან ცხოველი, ჩვენთან მოხვედრის შემთხვევაში, ცხოველს სკანირება უტარდება და ერთიან სარეგისტრაციო ბაზაში ხვდება, რის მიხედვითაც ძალიან მარტივად შეგვიძლია, ცხოველის პატრონს დავუკავშირდეთ. ჩიპირება 19 ლარი ღირს. ცხოველი ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. თუ აყვანას გადაწყვეტენ, აუცილებელია, სათანადო პირობები შეუქმნან.

თუ მოქალაქეს ქუჩიდან ცხოველის აყვანა სურს, აუცილებლად ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უნდა მიმართოს. ცხოველი პოპულაციის მართვის ცენტრში გადაგვყავს, სტერილიზაცია-კასტრაციას ვუტარებთ, ყურზე შესაბამისი თაგი უკეთდება, მოქალაქეს სარეგისტრაციო ფორმას გადავცემთ და ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ადამიანი კონკრეტული ცხოველის მეპატრონეა.

გლდანში პოპულაციების მართვის ახალ ცენტრს ვაშენებთ, რომელიც, ძირითადად, სტერილიზაცია-კასტრაციებს მოემსახურება.

კარდაკარის პროექტი კი ძალიან მნიშვნელოვან შედეგს მოიტანს. პირველ რიგში, ცხოველებს აღვწერთ და მონაცემებს ელექტრონულ ბაზაში შევიტანთ. ეს საინტერესოა იმისათვის, რომ, დაახლოებით, წარმოდგენა გვქონდეს, დედაქალაქში რამდენი პატრონიანი ცხოველი გვყავს.