როგორ მივხვდეთ, რომ მეხსიერების პრობლემები გვაქვს და როდის უნდა მივმართოთ დაუყოვნებლივ ექიმს - თემაზე გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" ფსიქოლოგი ნინო კერესელიძე საუბრობს:
- ადამიანს, როგორც წესი, გამოცდილებაში ერთხელ მაინც აქვს მომენტი, როცა არ იცის, ესა თუ ის მოქმედება გააკეთა თუ არა. ან შესაძლებელია, ჰგონია, რომ რაღაც შეასრულა, მაგრამ დარწმუნებული არ არის... ეს, როგორც წესი, დასაწყისში შფოთვიდან გამომდინარეა. ადამიანი შესაძლოა სხვა, უფრო მნიშვნელოვან საკითხზეა ფოკუსირებული და დავიწყებაც აქედან გამომდინარეობს. მაგრამ, თუ ანალოგიური შემთხვევები ძალიან ხშირია და თუნდაც ყოველდღიური ხასიათი აქვს, ადამიანს ყოველდღე ავიწყდება, სად დადო ტელევიზორის პულტი, სათვალე, საყურადღებოა. ან შესაძლოა, კალამი ხელში უჭირავს და მაინც ეძებს - ასეთ დროს ქრონიკულ სტრესზე ვსაუბრობთ, რომელიც შესაძლებელია, უფრო მძიმე ფორმაში, მეხსიერებასთან დაკავშირებულ პრობლემებში გადავიდეს. ამას ცალკე დამატებითი კვლევები სჭირდება. მეხსიერების პრობლემებს განგრძობადობა და ჩაღრმავება ახასიათებს. მაგალითად, გართულების ნაწილში შეიძლება, დღეს ადამიანმა არ იცოდეს, რა გააკეთა, გამორთო თუ არა ტექნიკა. ხოლო, ხვალ ისიც დაავიწყდეს, იმ მომენტში რა თქვა. ეს უკვე რთულ ფორმად ითვლება.
თერაპევტთან მისვლის საჭიროება ჩნდება მაშინ, როდესაც ადამიანს ცხოვრების პირობებში ხელი ეშლება. როდესაც ესა თუ ის ქცევა ნამდვილად აზიანებს და ძალიან დიდი ენერგიის ჩადება სჭირდება იმისათვის, რომ სხვადასხვა მომენტი გაიხსენოს. მიუხედავად განრიგისა, თუ ადამიანს დღის მანძილზე 2-ჯერ ან 3-ჯერ მაინც აქვს განცდა, რომ მეხსიერების ნაწილში რაღაც დაავიწყდა, არ არის კომფორტულად, უჭირს, სრულად იყოს ჩართული პროცესში, რა თქმა უნდა, ასეთ დროს თერაპევტები ერთვებიან. შეიძლება, მეხსიერების პრობლემა საერთოდ არ ჰქონდეს და აღნიშნულ ნიშნებს სტრესი განაპირობებდეს. ხშირ შემთხვევაში, მეხსიერების დაბინდვა, დავიწყება, სხვადასხვა მომენტის ამოვარდნა შეიძლება, ძლიერი სტრესის მკაფიო სიმპტომი იყოს. ეს სიმპტომები მეც, თერაპევტსა და ჩემს კლიენტებსაც მიანიშნებს, რომ რაღაც სასწრაფოდ შესაცვლელია. შესაძლოა, ცხოვრების ხარისხი შეიცვალოს, ძილიანობა გამოკეთდეს. ფეხით სიარული, ბუნებასთან მეტი კონტაქტი - ესეც დამხმარე მექანიზმია ხოლმე.
სპეციალისტმა ასევე ე.წ. სქროლვისა და სოციალურ ქსელებში მოკლე ვიდეოების ყურების ჩვევაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს მეხსიერების გაუარესებას ხელს უწყობს:
- ე.წ. სქროლვა ყურადღებას, კონცენტრაციის უნარს საკმაოდ აქვეითებს. ერთგვარად, ტექნიკურ ქცევაში გადადის, რომლის დროსაც, აღქმა თითქმის აღარ ერთვება. ასწრაფებული დამოკიდებულება ჩნდება. მაგალითად, მოკლე რილსების ნახვისას, 15 წამში ძალიან დიდ ინფორმაციას ვიღებთ. ეს, როგორც წესი, მეხსიერებაზე საკმაოდ ნეგატიურად მოქმედებს.
იხილეთ გადაცემა სრულად: