თუ ახლო მანძილზე მკაფიო ხედვა გიძნელდებათ, კითხვის ან წერის დროს ტექსტის უფრო შორს დაჭერა გირჩევნიათ, ხშირად გეღლებათ თვალი, კითხვის შემდეგ თავის ტკივილის გრძნობთ, თქვენი ასაკი კი 40-ს გადასცდა, მაშინ თქვენ, დიდი ალბათობით, პრესბიოპია გაწუხებთ. პრესბიოპია თვალის აკომოდაციის უნარის თანდათანობითი ასაკობრივი დაქვეითებაა და მას ახლოსმდებარე საგნებზე ფოკუსირების შეზღუდვა ახასიათებს.
„ნიუ ჰოსპიტალსის“ ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის ოფთალმოლოგი, ოფთალმოქირურგი, მედიცინის დოქტორი მარიამ გოლოვაჩოვა განმარტავს, რომ პრესბიოპია არის ასაკობრივი მდგომარეობა, რომლის დროსაც ბროლის ელასტიკურობის ქვეითდება. უფრო დეტალურად ამ პრობლემასა და მისი მკურნალობის გზებზე თავად მარიამ გოლოვაჩოვა გვესაუბრება.
- რა არის პრესბიოპია?
- პრესბიოპია არის თვალის აკომოდაციის უნარის თანდათანობითი ასაკობრივი დაქვეითება და ფოკუსირების შეზღუდვა ახლოსმდებარე საგნებზე. აკომოდაცია თვალის უნარია მკაფიოდ დაინახოს საგნები სხვადასხვა დისტანციაზე. მასში მონაწილეობს თვალის ბუნებრივი ბროლი, რომელიც იცვლის ფორმას და სიმრუდეს, რათა გამოსახულება ბადურაზე მკაფიოდ ფოკუსირდეს.
პრესბიოპია ასაკობრივი მდგომარეობაა, როდესაც ხდება ბროლის ელასტიკურობის დაქვეითება (გამკვრივება), ცინის იოგების კუნთების ტონუსის შემცირება, რაც იწვევს გაძნელებულ ფოკუსირებას ახლოსმდებარე საგნებზე.
ეს პრობლემა ძირითადად 40-45 წლის ასაკში იწყება და ის ასაკის მატებასთან დაკავშირებული ბუნებრივი მოვლენაა. მნიშვნელოვანია, გავიაზროთ, რომ პრესბიოპია არის ასაკობრივი რეფრაქციული დარღვევა და არა პათოლოგია ან დაავადება.
- რა ნიშნები და სიმპტომები ახასიათებს პრესბიოპიას?
- პრესბიოპიის სიმპტომებია: საკითხავი მასალის გაწევა გაშლილი ხელის სიგრძეზე, მხედველობის დაბინდვა ახლო მანძილზე კითხვისას (33 სმ), თვალის დაღლა ახლო მანძილზე ნებისმიერი სამუშაოს შესრულებისას (ნემსის ყუნწში ძაფის გაყრა, კითხვა და ა.შ.), განათების ინტენსივობის მომატება ჩვეულზე მეტად, გაორება ახლო მანძილზე კითხვისას, თავის ტკივილი.
- როდის უნდა მიმართოს პაციენტმა ექიმს?
- ჩამოთვლილი სიმპტომების არსებობისას, რეკომენდებულია საკითხავი სათვალის შესარჩევად მიმართოთ ექიმს, რათა განისაზღვროს საკითხავი სათვალის ნომერი.
- შესაძლებელია თუ არა პრესბიოპიის სიმპტომების გადავადება/შეჩერება?
- პრესბიოპია დაბერების გარდაუვალი ნაწილია, შესაბამისად გადავადება ან შეჩერება შეუძლებელია, თუმცა მისი სიმპტომები და შედეგები მართვადია.
- როგორ უნდა გავარჩიოთ პრესბიოპია თვალის სხვა პრობლემებისგან?
- პრესბიოპიას შესაძლოა თან სდევდეს სხვადასხვა თვალის პათოლოგიები, რომელთა გამოვლენა და მართვა ექიმი ოფთალმოლოგის დახმარებით უნდა მოხდეს. პაციენტისთვის მისი სხვა დაავადებებისგან განსხვავება რთულია.
- პრესბიოპიის მკურნალობის რა გზები არსებობს? თითოეული მათგანის დადებით და უარყოფით მხარეებზე გვესაუბრეთ
- პრესბიოპიის საუკეთესო მკურნალობის ვარიანტი დამოკიდებულია ინდივიდუალურ ფაქტორებზე, როგორიცაა: თვალის ზოგადი ჯანმრთელობა, ცხოვრების წესი, მხედველობის მოთხოვნილება, პროფესია. მიდგომა ინდივიდუალური და განისაზღვრება თვალის კვლევის შედეგებისა და პაციენტის მოთხოვნილებების შესაბამისად.
არსებობს არაქირურგიული და ქირურგიული მკურნალობა. არაქირურგიულ მკურნალობაში მოიაზრება საკითხავი სათვალის შერჩევა პაციენტის რეფრაქციული მონაცემების გათვალისწინებით. სათვალის ტიპებია: საკითხავი, კომპიუტერის, ბიფოკალური, პროგრესული.
არაქირურგიული მკურნალობის კიდევ ერთი გზაა კონტაქტური ლინზების შერჩევა: მულტიფოკალური ან მონოვიჟენი.
ქირურგიულ მკურნალობას მიეკუთვნება ლაზერული კორექცია, ბუნებრივი ბროლის შეცვლა ხელოვნური ბროლის გამოყენებით - რეფრაქციული ფაკოემულსიფიკაცია და ხელოვნური ბროლის გადანერგვა სხვადასხვა ტიპის პრემიუმ კლასის ბროლებით. ძირითადად ხდება მონოვიჟენის ტექნიკის გამოყენება ანუ ამ დროს პაციენტი ერთი თვალით ახლოს ხედავს, მეორე თვალით - შორს.
თუმცა მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ არცერთი ქირურგიული პროცედურა არ აღადგენს თვალის ბუნებრივ ფოკუსირების უნარს ისე სრულად, როგორც ეს იყო ახალგაზრდობაში.
- მოგვიყევით პრესბიოპიის დროს ლაზერული კორექციის შესახებ. რა არის პრესბიონდ ლაზერი?
- პრესბიონდი არის კარლ ცაისის მიერ შექმნილი ლაზერის პროცედურა, რომელიც იყენებს ასფერულ აბლაციას და წარმოქმნის უწყვეტი რეფრაქციული ძალის გრადიენტს მთლიანი რქოვანის ოპტიკურ ზონაზე.
პრესბიონდი ლაზიკის პროცედურაა, რომელიც აერთიანებს მიკროანიზომეტროპიას და ფოკუსის გაფართოებულ სიღრმეს რქოვანას არაწრფივი ასფერული აბლაციის პროფილის გამოყენებით.
პრესბიონდი იდეალურია თითოეული თვალისთვის ინდივიდუალური შედეგის მისაღებად. ის წარმოქმნის უნიკალურ შუალედურ გადაფარვის ზონას, ე.წ. შერევის ზონას, რომელიც ეხმარება ტვინს მოახდინოს ორი საგნის ფუზია ანუ შერწყმა მარტივად. შესაბამისად, ნეიროადაპტაცია ანუ ტვინის მიერ ახალი მხედველობის შესაძლებლობების მარტივად აღქმა და შეგუება მოკლე დროშია შესაძლებელი.
- რა უპირატესობები გააჩნია პრესბიონდ ლაზერს?
- როგორც უკვე აღვნიშნეთ, პრესბიოპიის მკურნალობის არცერთი მეთოდი არ მოგვცემს ახალგაზრდა თვალის აკომოდაციის უნარს, თუმცა პრესბიონდით ბუნებრივ ბინიკულარულ მხედველობას ვიღებთ.
პრესბიონდი არის მოდიფიცირებული ბინოკულარული მხედველობა, რომლის უპირატესობებიც არის:
- „ნიუ ჰოსპიტალსში“ რამდენი ხანია პრესბიონდ ლაზერს იყენებთ მხედველობის აღსადგენად?
- 2011 წელს „ნიუ ჰოსპიტალსის“ ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი იყო პირველი კლინიკა ამიერკავკასიაში, რომელიც აღიჭურვა კარლ ცაისის ფირმის ფემტოექსიმერლაზერის აპარატურით და საქართველოში სწორედ ჩვენს კლინიკაში ჩატარდა ფემტოლაზერკორექცია ანუ ოლ ლეიზერ ინ პროცედურა პირველად.
კარლ ცაისის ექსკლუზიური მოდულია პრესბიონდი, რომელიც შეიქმნა 40 წელს გადაცილებული პაციენტების ლაზერული კორექციისთვის და უკვე რამდენიმე თვეა წარმატებით დაინერგა და ტარდება ჩვენს კლინიკაში. პრესბიონდ ლაზიკი საკმაოდ ეფექტური და წარმატებული ლაზერული ჩარევაა და ვფიქრობ, კიდევ ბევრი პაციენტი მოიხსნის საკითხავ სათვალეს ინვაზიური ქირურგიის გარეშე.
- რა რეკომენდაციებს აძლევთ პაციენტებს ლაზერული კორექციის შემდეგ?
- ლაზერის შემდეგ 3-4 კვირით იზღუდება: აქტიური ფიზიკური დატვირთვა, ექსტრემალური სპორტი, წყლის სპორტი, აუზი, ზღვა, მზე, სოლარიუმი. თუმცა პაციენტი მის ყოველდღიურ საქმიანობას მეორე დღიდან აგრძელებს.
- პრესბიოპიას ახასიათებს თუ არა რეციდივი?
პრესბიოპია პროგრესირებადი პროცესია. შესაბამისად, შესაძლოა პაციენტს ლაზერული ჩარევიდან რამდენიმე წლის შემდეგ შეიძლება განმეორებითი ჩარევა და კორეგირება დასჭირდეს. პრესბიონდის უპირატესობა სწორედ ამ პროცესის მოდიფიცირების და მართვის საშუალებაა თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად.
R