რატომ სჭირდება ფსიქოლოგს ტექნოლოგიური განათლება? – BTU-ს ახალი საბაკალავრო პროგრამა "ფსიქოლოგია ციფრულ სამყაროში" 2025-2026 სასწავლო წლიდან - მშობლები

რატომ სჭირდება ფსიქოლოგს ტექნოლოგიური განათლება? – BTU-ს ახალი საბაკალავრო პროგრამა "ფსიქოლოგია ციფრულ სამყაროში" 2025-2026 სასწავლო წლიდან

2025-06-16 13:11:01+04:00

2025-2026 სასწავლო წლიდან ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი სტუდენტებს ახალ საბაკალავრო პროგრამას „ფსიქოლოგია ციფრულ სამყაროში შესთავაზებს“. პროგრამის ფარგლებში სტუდენტები დეტალურად შეისწავლიან თანამედროვე ტექნოლოგიების გავლენას ფსიქიკასა და საზოგადოებაზე. კურიკულუმი აერთიანებს ფსიქოლოგიასა და ციფრულ ტექნოლოგიებს, რათა კურსდამთავრებულები მზად იყვნენ ერთი მხრივ, მათ საქმიანობაში არსებული ციფრული გამოწვევებისთვის და, მეორე მხრივ, სწორად მართონ ტექნოლოგიური საკითხებით გამოწვეული პრობლემები. ის მოიცავს ტექნოლოგიურ მოდულებსაც. ფსიქოლოგიისა და ტექნოლოგიური ინოვაციების ცოდნა კი სპეციალისტებს კარიერაში ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის.

„ფსიქოლოგია ციფრულ სამყაროში“ მოწინავე უნივერსიტეტების გამოცდილების გაზიარების შედეგად შეიქმნა და ქართულ საგანმანათლებლო ბაზარზე სტუდენტებს სრულიად განსხვავებულ შესაძლებლობებს სთავაზობს. პროგრამა აკრედიტაციის პროცესშია და მის არჩევას NAEC-ის ვებგვერდზე აბიტურიენტები უახლოეს პერიოდში შეძლებენ.

პროგრამის შესახებ დეტალურად მისი ხელმძღვანელი, ფსიქოლოგი გიორგი ჭუმბურიძე გვესაუბრება.

- რა ძირითადი საკითხები გაითვალისწინეთ პროგრამის შექმნაზე მუშაობის დროს? რომელი უნივერსიტეტების გამოცდილება გაიზიარეთ კურიკულუმის შექმნისას?

- პროგრამის შექმნისას მნიშვნელოვანი იყო რამდენიმე საკითხის გათვალისწინება. პირველ რიგში, ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებული უნდა ყოფილიყო ფსიქოლოგიის ბაკალავრი (BA), რომელსაც ფსიქოლოგიის ზოგადი ცოდნა ექნებოდა. თუმცა, ასევე უნდა გაგვეთვალისწინებინა ის ტექნოლოგიური სიახლეები, რომელიც ამ დარგში ბოლო ათწლეულში გაჩნდა. პროგრამის შექმნისას შევისწავლეთ ბრიტანეთის, გერმანიის, ნიდერლანდების, ესპანეთის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის სხვა ქვეყნების ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამები. ასევე ის საბაკალავრო პროგრამები, სადაც ფსიქოლოგიასა და ტექნოლოგიებს ერთდროულად ასწავლიან. გარდა ამისა, შევისწავლეთ ქართული უნივერსიტეტების ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამებიც, და საბოლოოდ შევქმენით პროგრამა, რომელზე მოსული სტუდენტიც მიიღებს ცოდნას ფსიქოლოგიის ფუნდამენტური საკითხებიდან და, ასევე, გაეცნობა უახლეს ინფორმაციასაც. მაგალითები ავიღეთ ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის, ლეიდენის უნივერსიტეტისა და გრანადას უნივერსიტეტიდან.

- რით განსხვავდება „ფსიქოლოგია ციფრულ სამყაროში“ სხვა უნივერსიტეტების ფსიქოლოგიის პროგრამებისგან?

- საქართველოში არსებული ფსიქოლოგიის სხვა პროგრამებისგან განსხვავებით, ჩვენი პროგრამის ფარგლებში, სტუდენტები გაიგებენ, თუ როგორ ინტეგრირდება ტექნოლოგიები ფსიქოლოგიაში, როგორ იცვლება სფერო. მარტივად რომ ვთქვა, მომავლის ფსიქოლოგიას ისწავლიან ჩვენთან. რა თქმა უნდა, ეს განსხვავებები ნათელია საგნების დონეზეც. ისინი შეისწავლიან ისეთ განსხვავებულ საგნებს, როგორიცაა კიბერფსიქოლოგია ან გადაწყვეტილების ნეირომეცნიერება. გაეცნობიან ფსიქოლოგიასა და ეკონომიკას შორის არსებულ კავშირებს. პროგრამის აწყობისას ძალიან მნიშვნელოვნად მივიჩნიეთ, რომ სტუდენტებისთვის რაც შეიძლება ფართო ხედვა შეგვექმნა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მიდის ადამიანების სააზროვნო პროცესი. ჩვენს პროგრამაზე სწორედ ამ ფართო ხედვას შეიძენენ. რა თქმა უნდა, განსხვავებული პროგრამით ვასწავლით მონაცემთა ანალიზსა და დამუშავებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფსიქოლოგისთვის. კერძოდ, ჩვენთან ისწავლიან პროგრამა R-ს, რომელიც პროგრამირების ენასაც მოიცავს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენს კურსდამთავრებულ ფსიქოლოგს, ფსიქოლოგიის გარდა, პროგრამირების უნარებიც ექნება. ეს კი კარგად მიჰყვება მსოფლიო ტენდენციას.

- რატომ არის საჭირო ფსიქოლოგისთვის სხვადასხვა ტექნიკური უნარის ფლობა?

- ბოლო ათწლეულებში ტექნოლოგიები წარმოუდგენლად სწრაფად განვითარდა. შესაბამისად, გაჩნდა ბევრი ახალი საშუალება, რომელთა წყალობითაც ადამიანების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვება შეგვიძლია. ამ გზით მოპოვებული ინფორმაცია ბევრად უფრო ზუსტია. თუ ადრე ადამიანებს ვთხოვდით, გაეხსენებინათ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ხომ არ უგრძნიათ შფოთვა, ახლა ამას ჭკვიანი საათები აკეთებენ, საათისა და წუთის ზუსტი აღრიცხვით. კოვიდის დროს, მთელი მსოფლიო დისტანციურ საქმიანობაზე გადავიდა, და ონლაინ სივრცე ფსიქოლოგებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდა. თუ ადრე თერაპიისთვის, ფიზიკურად ერთი სივრცის აუცილებლობა იყო საჭირო, ახლა ონლაინ სივრცე გაჩნდა, რაც შეზღუდული დროის პირობებში ბევრისთვის საკმაოდ მოსახერხებელია. ამ და კიდევ სხვა მრავალი სიახლის პარალელურად, მნიშვნელოვანია, რომ ფსიქოლოგებმა მაქსიმალურად სწრაფად აუწყონ ფეხი ტექნოლოგიურ წინსვლას და ეს სიახლეები თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენონ.

- ტექნოლოგიური განვითარებით გამოწვეული რა გამოწვევების წინაშე დგანან დღეს თანამედროვე ფსიქოლოგები?

- ტექნოლოგიურმა განვითარებამ, რა თქმა უნდა, ბევრი გამოწვევაც წარმოქმნა. სოციალური ქსელების მოხმარებით გამოწვეული დეპრესია, “ზუმისა” თუ სხვა ონლაინ პლატფორმების წყალობითა და სამსახურისთვის მუდმივი ხელმისაწვდომობით გამოწვეული გადაწვა, თუ კიბერბულინგი, ის მცირე საკითხებია, რომლებზე მუშაობაც ფსიქოლოგებს უწევთ. ეს მხოლოდ რამდენიმე ნიმუშია, იმ გამოწვევებისა, რომლებზე მუშაობაც ფსიქოლოგებს მოუწევთ ტექნოლოგიური განვითარების პარალელურად.

- რატომ უნდა აირჩიონ აბიტურიენტებმა BTU-ს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა?

- ძალიან მოკლედ რომ გიპასუხოთ, BTU არის ადგილი, სადაც აბიტურიენტები მომავლის ფსიქოლოგიის შესწავლას შეძლებენ და ბევრ საჭირო უნარს გამოიმუშავებენ.

- სად შეძლებენ კურსდამთავრებულები დასაქმებას?

- ფსიქოლოგიის ბაკალავრის ხარისხით, აბიტურიენტები შეძლებენ დასაქმდნენ როგორც საჯარო, ასევე კერძო და არასამთავრობო სექტორში. ეს შეიძლება იყოს ფსიქოლოგიური და ფსიქოსოციალური მომსახურების, ორგანიზაციული ცვლილებებისა და განვითარების დაგეგმვის, ადამიანური რესურსების მართვისა და შეფასების სფეროს სპეციალისტების, ფსიქოლოგის, ტრენერის, თერაპევტისა და მკვლევრის (მათ შორის მონაცემთა ანალიტიკოსის) ასისტენტის თანამდებობა.

- რას ეტყვით აბიტურიენტებს, რომლებიც BTU-ს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე ჩაბარებას ფიქრობენ?

- პროგრამაზე ჩაბარებისას ქართულისა და ინგლისურის გამოცდის გარდა, აბიტურიენტებს მესამე საგნად შეუძლიათ აირჩიონ მათემატიკა, ბიოლოგია ან ისტორია. თუ მათ ჩვენს პროგრამაზე ჩაბარება სურთ, ვეტყოდი, რომ ეს სწორი არჩევანია და მათთვის შემდეგი ოთხი წელი ძალიან საინტერესო და განსხვავებული იქნება.

- რამდენია სწავლის ღირებულება და დაფინანსების რა შესაძლებლობით ისარგებლებენ სტუდენტები?

- პროგრამის ყოველწლიური საფასური 2250 ლარია. სტუდენტებს სახელმწიფო გრანტის მოპოვების შემთხვევაში სწავლა დაუფინანსდებათ.

R