ნუტრიციოლოგო ნაია ლატარია გადაცემაში "შუადღე" ყავის სასარგებლო თვისებებისა და კოფეინის დღიური ნორმის შესახებ საუბრობს:
- ყავა ძალიან სასარგებლო პროდუქტია. ძალიან კარგი გემოვნური თვისებები აქვს, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ მიღების დროს ზომიერება დავიცვათ. ყავა კოფეინს შეიცავს. კოფეინის დღიური ნორმა 400 მილიგრამია. ორსულებისთვის ეს დოზირება ნახევრდება. ორსულმა 200 მილიგრამ კოფეინზე მეტი არ უნდა მიიღოს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ყავის ფინჯნების რაოდენობა გავაკონტროლოთ.
1 ჩაის კოვზი, დაახლოებით, 7 გრამი ყავა 80 მილიგრამ კოფეინს შეიცავს. ამიტომ, თურქულად თუ ვადუღებთ ყავას, უნდა გავითვალისწინოთ, რომ დღეში მაქსიმუმ 4 ფინჯანი მივიღოთ. 4 ფინჯანს არ უნდა გადავაჭარბოთ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ შოკოლადიდანაც ვიღებთ კოფეინს.
მინდა, კალორაჟსაც მივაქციო ყურადღება. შავი ყავა უკალორიო სასმელად ითვლება. კაპუჩინოსა და ლატეს შემთხვევაში, რძის შემცველობიდან გამომდინარე, თუ მაღალპროცენტიანი რძეა გამოყენებული და შაქარიც აქვს დამატებული, შეიძლება 300-400 კალორიამდე ავიდეთ. ვინც წონას აკონტროლებს, ეს უნდა გაითვალისწინოს.
რძიანი ყავის შემთხვევაში, რძესთან ერთად ცილას ვიღებთ და ამ მხრივ, მას დადებითი ბენეფიტები აქვს. მაგრამ, გათვითცნობიერებული მიდგომა გვჭირდება.
ყავა არ დალიოთ უზმოზე, რადგან კოფეინი კუჭის მჟავიანობას ზრდის და შეიძლება, ლორწოვანი გარსი გააღიზიანოს. ეროზიული გასტრიტისა და წყლულოვანი დაავადებების რისკი იზრდება.
დალიეთ დილით ან დღის პირველ ნახევარში. ასევე, დაძინებამდე 6-8 საათით ადრე. კოფეინის ნახევრად დაშლას 6 საათი სჭირდება და მერეც რჩება. ხშირად პაციენტები, ნაცნობები მეუბნებიან, რომ ღამის 9 საათზე, 11 საათზე სვამენ და მაინც სძინავთ. თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში კვლევებით დადგინდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეძინათ, ძილის ხარისხი მაინც დაქვეითებული იყო. ასეთი ადამიანები ცოტა დაღლილები იღვიძებენ ან დღის განმავლობაში ენერგიის ნაკლებობას განიცდიან.
კოფეინისაგან პერიოდულად დასვენების აუცილებლობას ვერ ვხედავ. მთავარია, დღიურ ნორმას არ გადავაჭარბოთ. დასვენებების გაკეთება აუცილებელი არ არის.
წყლის ადეკვატური რაოდენობით მიღებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ყავას შარდმდენი ეფექტი აქვს. რა თქმა უნდა, ყავასაც რომ არ ვიღებდეთ, წყლის მიღება ძალიან მნიშვნელოვანია. თურქულ ყავასთან ერთად წყლის მიღების წესი რომ არის, ჯანმრთელობისათვის ამას რაიმე დამატებითი ბენეფიტი არ აქვს, თუ, წყალს ისედაც დღის განმავლობაში საკმარისი რაოდენობით ვიღებთ. თუ გვინდა, რომ პირის ღრუ გავისუფთაოთ ყავის მიღებებს შორის, კი ბატონო, მაშინ ძალიან კარგია. ასევე, წყლის მიღება ყავის, კოფეინის შეწოვას ცოტა ანელებს და ეფექტი ხანგრძლივდება.
სრულად უკოფეინო ყავა არ არსებობს. ყავა მაინც შეიცავს რაღაც ოდენობით კოფეინს. მწარმოებელს ინგრედიენტებში უწერია, თუ რამდენ მილიგრამ კოფეინს შეიცავს.
ორსულებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ყავის დოზირებას არ გადააჭარბონ. კოფეინი პლაცენტარულ ბარიერს არღვევს და შეიძლება ამან ნაადრევი მშობიარობის, პრეეკლამფსიის რისკი გაზარდოს.