როგორ დაამარცხა 35 წლის ვლადიმერ აფციაურმა უკიდურესი მორბიდული სიმსუქნე? - მშობლები

როგორ დაამარცხა 35 წლის ვლადიმერ აფციაურმა უკიდურესი მორბიდული სიმსუქნე?

2025-06-17 16:02:16+04:00

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ სიმსუქნე არაინფექციურ ეპიდემიად დაახასიათა. მეტიც, 90-იანი წლების ბოლოს „ბარიატრიული ქირურგიის საერთაშორისო ფედერაციის“ მიერ სიმსუქნე განისაზღვრა, როგორც ქრონიკული, სამუდამო, მრავალფაქტორიანი, გენეტიკურად განპირობებული სიცოცხლისთვის საშიში დაავადება.

უკანასკნელი მონაცემებით, მსოფლიოში მორბიდული სიმსუქნით მოსახლეობის 5%-ზე მეტია დაავადებული. მორბიდულია სიმსუქნე როდესაც სხეულის მასის ინდექსი 34-ს აჭარბებს. 25-დან 35 წლამდე ასაკის დაავადებული ადამიანებში სიკვდილიანობა 12-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე მათ ნორმალურ წონიან თანატოლებში; 35-დან 45 წლამდე პირებში კი - დაახლოებით 8-ჯერ მაღალი.

ვლადიმერ აფციაური ერთ-ერთი მათგანია, ვისი წონის ინდექსიც ძალიან მაღალი, 82 იყო. დიეტებისა და წონის კლების სხვა გზების უშედეგოდ ცდის შემდეგ, მან გასულ წელს ბარიატრიული ოპერაციის გაკეთება გადაწყვიტა და 1 წლის განმავლობაში ვლადიმერის წონა 230 კგ-დან 118-ზე ჩამოვიდა. მნიშვნელოვნად შეიცვალა მისი ცხოვრების ხარისხი. რატომ გადაწყვიტა ბარიატრიული ოპერაციის გაკეთება, რამდენად რთული იყო ეს პროცესი და როგორ მიდის წონის კლება - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე თავად ვლადიმერი გვესაუბრება.

- მოგვიყევით თქვენ შესახებ, როდის და რატომ მოხდა წონის მატება?

- ჭარბი წონა ადრეული ასაკიდან არ მაწუხებდა. მოგვიანებით დაიწყო წონის მატება და ბოლო 3 წლის განმავლობაში უკვე განსაკუთრებულად გავსუქდი. ჩემი მასის ინდექსი 82 გახდა, როდესაც 34-ის შემდეგ უკვე პათოლოგიად ითვლება. 230 კგ გავხდი და 1 თვის განმავლობაში ჯანმრთელობის უამრავმა პრობლემამ შემაწუხა. ჩემი მდგომარეობა უარესდებოდა როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად. დაღლილობა, უძილობა, სახსრების ტკივილი, უხასიათობა მაწუხებდა. სახლიდან გარეთ გასვლა აღარ მინდოდა. ქუჩაში რომ დავდიოდი, მეგონა, ყველა მე მიყურებდა და ჩემზე ჭორაობდნენ. ძალიან დიდი სტრესი იყო ეს ყველაფერი.

- წონის კლების სხვა გზები თუ სცადეთ ბარიატრიული ოპერაციის გაკეთებამდე?

- ჰორმონალური დარღვევები მქონდა, რაც წონის მატებას განაპირობებდა. ბევრი, მათ შორის, ძალიან ცნობილი დიეტებიც ვცადე, მაგრამ კლება ნელი ტემპით მიდიოდა და დიეტის დასრულების შემდეგ ორმაგსა და სამმაგს ვიმატებდი.

- ბარიატრიული ოპერაციის შესახებ საიდან შეიტყვეთ და რატომ გადაწყვიტეთ მისი გაკეთება?

- ჩემი წონა მართლა საშიშ ნიშნულს მიუახლოვდა და გამოსავალი უნდა მომეძებნა. ჩემი მეგობრების რჩევით მივედი ოპერაციის გადაწყვეტილებამდე. არაერთმა ადამიანმა მითხრა „ნიუ ჰოსპიტალსისა“ და გია მოსიაშვილის შესახებ. სხვა კლინიკებშიც კეთდება ეს ოპერაცია, მაგრამ ბატონი გიასა და მისი გუნდის შესახებ იმდენად პოზიტიურ რეკომენდაციებს ვიღებდი, რომ მეც მასთან მისვლა გადავწყვიტე. კონსულტაციაზე მივედი და 1 კვირაში ოპერაციაც დაიგეგმა. რა თქმა უნდა, ჩემი მოლოდინი გამართლდა და ძალიან კარგი შედეგი მივიღე.

- როგორ დაიგეგმა და წარიმართა ოპერაცია? რამდენად რთული იყო ეს პროცესი?

- კონსულტაციაზე მისვლის შემდეგ, 1-კვირიანი მოსამზადებელი პროცედურები გავიარე. არაერთი კვლევა და ანალიზი ჩამიტარდა და შედეგები არც ისე კარგი გახლდათ. გულზეც მქონდა პრობლემები და ღვიძლის გაცხიმოვნებაც მაწუხებდა. ოპერაცია და წონაში კლება ჩემი ჯანმრთელობისთვის გადამწყვეტად მნიშვნელოვანი იყო.

რაც შეეხება თავად ოპერაციას, საკმაოდ ხანმოკლე ქირურგიული ჩარევაა, დაახლოებით 1-1.5 სთ გრძელდება. თუმცა პოსტოპერაციული პერიოდი მართლაც რთულია. მთავარი სირთულე კი საკუთარ თავთან, ჩვევებსა და ფსიქოლოგიასთან ბრძოლაა.

- მოგვიყევით ამ სირთულეების შესახებაც. ოპერაციის შემდეგ რა იყო ყველაზე რთული და როგორ შეძელით ამ გამოწვევების დაძლევა?

- ოპერაციის შემდეგ გარკვეული პერიოდი გრამაჟობით, ფაფებს ვჭამდი. დანიშნული მქონდა ყოველდღიურად 2 ლ. წყლის დალევა, რაც ჩემთვის ყველაზე რთული აღმოჩნდა. თან ზაფხული იყო, ცხელოდა და ორგანიზმს წყალი სჭირდებოდა, მე კი ფიზიკურად ვერ ვსვამდი. თითოეული ყლუპი საკუთარ თავთან ბრძოლა იყო. ჩემს თავს ვარწმუნებდი, რომ ყველა ყლუპი მნიშვნელოვანი იყო და დიდ შედეგად ვთვლიდი.

ეს სირთულე დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდა. პარალელურად, დაიწყო წონის კლება, რაც ძალიან დიდი მოტივაცია აღმოჩნდა. მეტი სტიმული მეძლეოდა და მეც მეტი მონდომებით ვაგრძელებდი.

- ამჟამად როგორია თქვენი კვების რეჟიმი? ზოგადად, ცხოვრების სტილი როგორ შეიცვალა?

- უკვე 1 წელი გავიდა ჩემი ოპერაციიდან. 230 კგ-დან 118 კგ გავხდი. ამჟამად ყველაფრის ჭამა შემიძლია, შეზღუდვები არ მაქვს. მთავარია, ვჭამო იმდენი, რომ კუჭის ტკივილამდე არ მივიდე. მიუხედავად ამისა, მე მაინც ვცდილობ ცომეული და ცხიმიანი საკვები არ მივიღო და ამით კიდევ უფრო მეტად შევუწყო ხელი წონის კლების პროცესს.

- როგორ გრძელდება თქვენი ცხოვრება? კიდევ რამდენი კგ-ს დაკლება გსურთ?

- კლება ოპერაციიდან 2 წლის განმავლობაში გრძელდება. მე ჯერ კიდევ 1 წელი მაქვს წინ და ჩემი მიზანია, რომ წონა ორნიშნა რიცხვზე ჩამოვიდეს. მჯერა, რომ ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევ.

- წონის კლება თქვენი ცხოვრების ხარისხზე რამდენად აისახა?

- რომ ამბობდნენ, „მეორედ დავიბადეო“, ვერ ვხვდებოდი, ეს ფრაზა რას ნიშნავდა. ახლა კი ზუსტად ვიცი, რას ნიშნავს „მეორედ დაბადება“. მე ჩემს ახალგაზრდობაში დავბრუნდი, თავს ისე ვგრძნობ, როგორც 20 წლის ასაკში ვიყავი. ცხოვრება მიხარია და ყოველდღიურად სამომავლო გეგმებს ვსახავ. უამრავი მიზანი გამიჩნდა და ყველაფერს ხალისით ვაკეთებ. ქუჩაშიც თავისუფლად დავდივარ.

- რას ურჩევთ ადამიანებს, რომლებიც ბარიატრიულ ოპერაციაზე ფიქრობენ?

- ყველას ვურჩევ, საჭიროებისამებრ გაიკეთონ ბარიატრიული ოპერაცია. არაფერი რთული არ არის, თუ ფსიქოლოგიური მზაობა ექნებათ. როგორც უკვე გითხარით, ეს ძირითადად საკუთარ თავთან ბრძოლაა და მონდომებისა და რწმენის შემთხვევაში, აუცილებლად მიაღწევთ შედეგს. გარისკეთ და დამიჯერეთ, „ხელმეორედ დაიბადებით“.

შედეგის მისაღებად აუცილებელია სწორად შეარჩიოთ კლინიკა და სპეციალისტიც. ამ დროს მხოლოდ ოპერაციის მაღალ დონეზე ჩატარება არაა საკმარისი. ექიმისგან და მთელი გუნდისგან ემოციური მხარდაჭერა არის უმნიშვნელოვანესი და სწორედ ეს ვიგრძენი „ნიუ ჰოსპიტალსში“. თითოეულ სიტყვას, შეძახილსა და გამხნევებას საბოლოო შედეგის მიღწევაში დიდი როლი ეკისრება.

R