ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყების თარიღი ცნობილია. დეტალური ინფორმაცია გამოცდის თარიღის, გამოცდაზე გამოცხადების დროისა და საგამოცდო ცენტრის მისამართის შესახებ საგამოცდო ბარათზე იქნება მითითებული. გამოსაცდელები ბარათების ამობეჭდვას საკუთარი სარეგისტრაციო გვერდიდან 20 ივნისიდან შეძლებენ. რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა ამ პროცესში, მათთვის სასარგებლო რჩევებითა და ინფორმაციით "შუადღის" ეთერში ნინო წერეთელი, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი საუბრობს:
- პირველი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორც კი აბიტურიენტი გამოცდებს ამთავრებს და შედეგები ქვეყნდება, ჩათვალეთ, რომ მეორე დღიდან შემდეგი წლის გამოცდებისთვის ვიწყებთ მომზადებას. აუცილებლად უნდა დავიწყოთ ყველა საგანში ახალი ტესტების მომზადება. ასევე, ჩატარდეს ტენდერები, პროგრამული უზრუნველყოფა გავითვალისწინოთ და ასე შემდეგ. რაც შეეხება წლევანდელ წელს, ახლა ყველაზე აქტიური პერიოდია. არა მხოლოდ ინფრასტრუქტურულად ვემზადებით, არამედ ადამიანურ პერსონალი, რომლებიც გამოსაცდელებს უნდა მოემსახურონ, კონკურსებს, ტესტირებას, ტრენინგებს გადიან. ყველაზე მთავარი, რასაც ჩვენ ამ ადამიანებს ვთხოვთ, არის ის, რომ გამოსაცდელებს კეთილგანწყობით, სიმშვიდით მოექცნენ. ეს სამუშაოები უკვე დასრულებულია.
- რეგისტრაციის დროს ყველა გამოსაცდელი საგამოცდო ქალაქს თავად ირჩევს. 12 ქალაქში 24 საგამოცდო ცენტრი გვაქვს. მაგალითად, თელავში 1 საგამოცდო ცენტრი გვაქვს, ახალციხეში 1, ბათუმში 3, ქუთაისში 3, თბილისში 9... შესაბამისად, აბიტურიენტები საგამოცდო ცენტრებში ნაწილდებიან. საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა 20 ივნისს დაიწყება და იქ ყველა ინფორმაცია მითითებული იქნება. ეს გამოსაცდელებისთვის ერთგვარი საშვი იქნება. რა თქმა უნდა, პირადობის დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად. საგამოცდო ბარათში წერია: ქალაქი, საგამოცდო ცენტრი, თავისი მისამართით, თარიღი, თუ რომელ საგანს რომელ სესიაზე აბარებს. იმის გამო, რომ აბიტურიენტს სახლში პირადობის მოწმობა დარჩა, ნუ გააცდენს გამოცდას. სხვადასხვა წესი არსებობს. აღსანიშნავია, რომ აბიტურიენტს ხელში ორი რამ უნდა ეჭიროს - პირადობის მოწმობა და საგამოცდო ბარათი.
მინიმუმ 40 წუთით ადრე უნდა გამოცხადდეთ საგამოცდო ცენტრში. საგამოცდო ბარათზე დატანილია ინფორმაცია, თუ როდის იწყება რეგისტრაცია. დილის სესიაზე ეს 8 საათი გახლავთ. მეორე სესიაზე - 14 საათი. შესაბამისად, აბიტურიენტებს ვურჩევ, რომ სესიების მიხედვით 8 საათსა და 14 საათზე გამოცხადდნენ. ღელვის საწინააღმდეგოდ ეს ყველაზე კარგი არჩევანია. გარკვეული პროცედურებია გასავლელი. საგამოცდო ცენტრში შემოდიან, გადიან რეგისტრაციას, ზედმეტ ნივთებს აბარებენ, შედიან თავიანთ სექტორში. ეს სექტორი შეიძლება, პირველ სართულზე ან სხვა სართულზე იყოს. იქ დასხდებიან, "მოირგებენ" გარემოს, დამშვიდდებიან. ამიტომ ვურჩევდი აბიტურიენტებს, რომ საგამოცდო ცენტრში ზუსტად რეგისტრაციის დროს მივიდნენ.
გასვლამდე აუცილებლად შეამოწმეთ, გაქვთ თუ არა პირადობის მოწმობა.
აუცილებლად წინასწარ გადაამოწმეთ, სად არის საგამოცდო ცენტრი და გათვალეთ, დაახლოებით, რა დრო დაგჭირდებათ იქამდე მისასვლელად.
მიუხედავად იმისა, რომ უკვე 20 წელია, ყოველთვის აღვნიშნავთ, რომ დაგვიანება არ შეიძლება, ერთეული შემთხვევები მაინც გვაქვს და ძალიან განვიცდით. ხშირად გაიგებთ ასეთ ფრაზას: "რა მოხდა, 1 წუთი დამაგვიანდა..." 1 წუთი არ დაგგვიანებიათ, საათი და 1 წუთი დაგაგვიანდათ. საგამოცდო ბარათზე ან 8 საათი წერია ან 14 საათი.