ბაღიდან სკოლაში გადასვლა ან პირდაპირ სკოლაში შესვლა ძალიან დიდი სოციალურ-ემოციური ტრანსფორმაციაა. როგორ უნდა შეამზადოს მშობელმა შვილი სკოლისთვის, რა უნდა იცოდეს მომავალმა პირველკლასელმა და არის თუ არა წერა-კითხვის წინასწარ სწავლება გამართლებული - თემაზე გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" მასწავლებელი, დაჩი ნანობაშვილი ვრცლად საუბრობს:
- ბაღიდან სკოლაში მისვლა გაცილებით უკეთესია, ვიდრე სახლიდან სკოლაში მისვლა. ბაღში იმ უნარებს, რაც სკოლისთვის გამოადგებათ, სწავლობენ. მაგალითად, დამოუკიდებლად უნდა შეეძლოთ საკუთარი ნივთების შეგროვება, ჩალაგება და ასე შემდეგ. რაც შეეხება იმას, თუ რა უნდა იცოდეს მოსწავლემ პირველი კლასისთვის - ვეწინააღმდეგები, რომ მოსწავლემ წერა წინასწარ იცოდეს. აქვე აღვნიშნავ, ხშირად წერა-კითხვის სწავლას ბავშვები თავად ითხოვენ და ამის ჩახშობა არაფრით შეიძლება. მაგრამ, ზოგადად, ამ ასაკში ფალანგები ჩამოსაყალიბებელია, იძაბებიან, რომ დაწერონ. ძალიან მარტივად შეგვიძლია, რომ პატარ ყუთში ქვიშა ჩავყაროთ და თითით დაწეროს. ან ზურგზე დავაწერინოთ, ვეთამაშოთ, როლები შევცვალოთ, გამოიცნოს, რომელ რიცხვს ვწერთ... ასეთი თამაშები ძალიან მნიშვნელოვანია.
რაც შეეხება ანგარიშს, ასევე ზეპირად რაღაცების სწავლის წინააღმდეგი ვარ. "3+4, აბა, რამდენია?! თითები დამალე... გუშინ ხომ იცოდი, დღეს რა მოგივიდა?" - მსგავსი მიდგომა არ უნდა გამოვიყენოთ. მისთვის ეს ციფრები განივთებული არ არის. 3 რომ 3 ცალია, არ იცის. იმიტომაც ვერ ადარებს 3-სა და 4-ს. მერე 3-ის ქვემოთ 3 ვაშლს ვხატავთ, 4-ის ქვემოთ - 4-ს და ვაწყვილებთ. ზეპირად არ უნდა ვასწავლოთ. გააზრებულად უნდა იცოდეს, რამდენია კონკრეტული ციფრი.
შეგვიძლია, ასე ვავარჯიშოთ: მაგალითად, ველოდებით სტუმრებს და ვამბობთ, რომ 6 ადამიანი უნდა მოვიდეს. ბავშვს ვთხოვოთ, ჯერ 3 ჩანგალი მოგვაწოდოს, შემდეგ კიდევ 3. ფაქტი უნდა გავააზრებინოთ, რომ 6 3-ისა და 3-ის ჯამია.
შეგვიძლია, ქვიშიანი ვედრო ავიღოთ, დავაწეროთ "4", ავიღოთ 4 პატარა ბურთი და ვისროლოთ. დავაფიქსიროთ, რამდენი ჩავარდა. ვაჩვენოთ, თუ რისგან შედგება 4.
სკოლაში მოსწავლეს მარტო სწორ პასუხზე არ უნდა ვაქებდეთ. მცდელობაც კი უნდა დაფასდეს. ის დამოკიდებულება, რომ ყველაფერი უშეცდომოდ უნდა იყოს, ძალიან სტრესულია და მაღალ კლასებშიც მიჰყვებათ ხოლმე. შეცდომის დაშვება რომ პრობლემაა, ეს სამომავლოდ ძალიან დიდი დაბრკოლებაა. მერე ნიშანი მხოლოდ 10-იანი უნდა იყოს, სხვა აღარ განიხილება...
მე ასეთი სტრატეგია მაქვს: მაგალითად, 20 ამოცანიდან ვთხოვ, რომ 10 აარჩიოს და ტესტში მას შევიტან. ჯერ მოსწავლე ხომ ყველა ამოცანას ყურადღებით კითხულობს იმიტომ, რომ თავისთვის არჩევს, შემდეგ ამ ამოცანებს არჩევს. ძალიან ყურადღებითაა. მერე სახლში წაღებასაც ითხოვენ. ტესტის დრო რომ მოდის, რა მიზანიც მქონდა, მიღწეული მაქვს. ბავშვმა ოცივე ამოცანა განიხილა. შესაბამისად, შედეგიც უკეთესი დგება. შეიძლება, 10-დან 10 ყველასთან სწორი არ იყოს, მაგრამ ის დაშვებული შეცდომებიც უფრო გააზრებულია. შემდეგ შეცდომებს კიდევ ერთხელ ვარჩევთ. ინდივიდუალური ტესტებია. წერის პროცესიც განსხვავებულია, რადგან ერთმანეთთან არ იყურებიან. რა აზრი აქვს, ეს ამოცანები ხომ არეულია?! მასწავლებელს მეტი შრომა უწევს, მაგრამ შედეგისთვის ნამდვილად ღირს.
5 წლის ბავშვის სკოლაში დარეგისტრირების შემთხვევაში რისკები მაღალია, რომ რაღაცები ისე არ გამოვიდეს, როგორც ველოდით. შესაძლოა, აკადემიური კუთხით საერთოდ არ იყოს პრობლემა. მაგრამ, სხვა პრობლემები გამოიხატოს. არ გაგვიკვირდეს მშობლებს, თუ მოხდება ისე , რომ რაღაც პერიოდის შემდეგ იტყვის, რომ სკოლაში აღარ უნდა და ეს გარემო აღარ მოსწონს. ან მეგობრების მიმართ რაიმე ფორმით აგრესიას გამოხატავს. ეს იმის შედეგია, რომ მოსწავლისთვის იმ წესებთან შეგუება, რაც სკოლაში არსებობს, რთულია იმიტომ, რომ პატარაა. რამდენიმე თვეც კი ბევრ რამეს ცვლის. ვისაც ასეთ ბავშვებთან გვიმუშავია, ყველა აღვნიშნავთ, რომ ძალიან ბევრი პრობლემა ჩნდება. ეს მხოლოდ პირველ კლასში არ იგრძნობა. ახალ კლასში რომ შევალ, მაგალითად, მე-4-ში, იქ შემიძლია, ამოვიცნო, რომელი მოსწავლეა 5 წლის ასაკში სკოლაში შესული.
ხშირ შემთხვევაში, როდესაც სკოლაში კონფლიქტური სიტუაციაა, მშობელი არასწორად ერევა. რასაც ბავშვი სახლში ჰყვება, იმას სრულად იჯერებს. კითხვასაც კი არ სვამს. ამიტომ, მასწავლებელთან პირდაპირ მიდის შეკითხვით, თუ რატომ მოხდა ეს ასე. მერე აღმოჩნდება, რომ მთლად ყველაფერი ისე არ იყო, როგორც ბავშვი სახლში ჰყვებოდა. ამიტომ, უნდა გვახსოვდეს, რომ თუ ბავშვისთვის გვერდში დგომა გვინდა, უნდა დავამშვიდოთ და პრობლემას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ მივანიჭოთ. მერე ეს ზედა კლასებშიც გამოვლინდება ხოლმე. შეკრებებზე, ე.წ. ზბორებზე რომ დამყავდა მოსწავლეები, იქ ეს ეტყობოდათ ხოლმე. ზოგიერთი ბავშვი ძალიან დამოუკიდებელი იყო. რაც არ უნდა მოსვლოდათ, მშობელს არ ურეკავდნენ. იყვნენ ბავშვები, რომლებსაც ფეხი დაუსველდებოდათ თუ არა, მაშინვე მშობელთან რეკავდნენ.
ასევე, მშობელი ხშირად უშვებს შეცდომას და ბავშვს ჩანთას თავად ულაგებს. მესმის მშობლის, რადგან შეიძლება, ბავშვს, დამოუკიდებლად ჩალაგების შემთხვევაში, რაღაც ნივთები დარჩეს. კი, სწორია, რომ სკოლაში ყველა ნივთი უნდა ჰქონდეს. მაგრამ, შეიძლება ასე გავაკეთოთ: ბავშვმა ჩანთა თავად ჩაალაგოს და შემდეგ ერთად გადავამოწმოთ, რაიმე ხომ არ რჩება.