ბევრ მშობელს ჰგონია, რომ ბავშვი ყველაზე ინტენსიურად ზაფხულის პერიდში იზრდება. სინამდვილეში ბავშვების ზრდის ტემპი სეზონურობაზე არ არის დამოკიდებული, ხოლო ზაფხულში გარკვეულ პირობებში შეიძლება შენელდეს კიდეც. ასეთი დასკვნების გასაკეთებლად ახალი კვლევის ავტორები ბავშვების სიმაღლესა და წონას წელიწადში ორჯერ - სექტემბერსა და აპრილში - 5 წლის განმავლობაში ზომავდნენ.
კვლევაში მონაწილე ბავშვები კვლევის დაწყებისას 5 წლისანი იყვნენ, მათ მე-5 კლასამდე ზომავდნენ ბაღსა და სკოლაში სპეციალურად დაყენებული ზომის ხელსაწყოებისა და ელექტრონული სასწორების დახმარებით. გაირკვა, რომ სასწავლო წლის განმავლობაში ბავშვები უფრო სწრაფად იზრდებიან, ვიდრე ზაფხულში. ასე რომ, სექტემბრიდან აპრილამდე ბავშვები სიმაღლეში საშუალოდ 0,05 სანტიმეტრს იმატებდნენ თვეში, ხოლო აპრილიდან სექტემბრამდე ზრდის ტემპი შესამჩნევად ნელდებოდა.
თუ სიმსუქნისკენ მიდრეკილება ან ზედმეტი წონა არსებობს, ზაფხულში წონა ჩქარი ტემპებით მატულობს - გვაფრთხილებენ მეცნიერები. კვლევაში მონაწილე ბავშვებს შორის იყვნენ ისეთები, ვინც ზაფხულში ძალიან მოიმატა წონა, მაგრამ ამასთან ოდნავი ზრდაც არ ჰქონია. შესაძლოა, ეს ცხოვრების წესისა და კვების ცვლილებასთან იყო დაკავშირებული. მეცნიერების დასკვნების მიხედვით, ზედმეტი წონის მქონე ბავშვები ასაკობრივებზე ნელა იზრდებიან.
მეცნიერებს ვერ მოუხერხდათ იმ მიზეზების დადგენა, რის გამოც ბავშვები სასწავლო წლის განმავლობაში უკეთ იზრდებიან. შესაძლოა, გავლენას ახდენს სკოლის გარემო, ბავშვების ძილისა და კვების უფრო სტაბილური გრაფიკი, დღის განათების, ტემპერატურისა და ტენიანობის ცვლილება. მეცნიერების აზრით, ბავშვის ზრდაზე გარემოს ფაქტორებიც კი შეიძლება მოქმედებდეს.