რა არის ცისტიტის მიზეზი ყველაზე ხშირად, როგორ ვრცელდება სოკო და როგორ უნდა დაიცვას ქალმა ზღვაზე თავი ინფექციებისგან - მადონა ჯუღელის რეკომენდაციები - მშობლები

რა არის ცისტიტის მიზეზი ყველაზე ხშირად, როგორ ვრცელდება სოკო და როგორ უნდა დაიცვას ქალმა ზღვაზე თავი ინფექციებისგან - მადონა ჯუღელის რეკომენდაციები

2025-06-20 10:57:53+04:00

გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი მადონა ჯუღელი გადაცემაში "დღის პოსტი" საუბრობს, როგორ დავიცვათ თავი ზღვაზე, აუზზე, მდინარეზე სხვადასხვა ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციისაგან და რა უნდა ვიცოდეთ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შესახებ:

- ზღვა საშიში არ არის, თუ, რა თქმა უნდა, ყველა პირობას დავიცავთ. პირველ რიგში, არ გადავხურდებით, სათანადო რაოდენობით წყალს დავლევთ და რაც მთავარია, საცურაო კოსტიუმს გამოვიცვლით. ოფლი, სველი საცურაო კოსტიუმი ბაქტერიებს გამრავლების საშუალებას აძლევს. რძემჟავა ბაქტერია კვდება. ამიტომ, ჰიგიენა მნიშვნელოვანია. PH-დამცავი გელით დაბანა, დღეში ორჯერ და სველი კოსტიუმის გამოცვლა აუცილებელია.

დავლიოთ პრობიოტიკებით მდიდარი იოგურტი, მაწონი, რაც ასევე გვაძლევს საშუალებას, რომ პრობიოტიკები, რომლებიც ჩვენს ორგანიზმს სხვა ინფექციებისაგან იცავს, მივიღოთ.

როდესაც ქალბატონი ორსულადაა, ლაქტაციის პერიოდშია ან ორალურ კონტრაცეპტივს იღებს, მზეზე დიდხანს ყოფნისას ცუდი პიგმენტაციის რისკი მაღალია. მოვერიდოთ და ამავდროულად, გამოვიყენოთ მზისგან დამცავი.

ვაგინას თვითგანწმენდის უნარი აქვს. როდესაც ქალები მენსტრუალურ პერიოდში ტამპონებს იკეთებენ, მათ ყოველთვის ვეუბნები, რომ ეს არასასურველია. ასეთ დროს ტოქსიკური შოკიც კი განვითარებულა. ბაქტერიები ტამპონის ზედაპირზევე მრავლდება.

ზღვაზე გამგზავრებამდე ანტიბიოტიკების, სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების მიღება არასწორია. დღევანდელ სამყაროში ანტიბიოტიკორეზისტენტობა ძალიან მაღალია. ელემენტარულად, ხელი რომ გავიჭრათ, შეიძლება, ანტიბიოტიკმა აღარც იმოქმედოს. ამიტომ, არ დალიოთ.

სოკოვანი ინფექცია სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციად არ ითვლება. თუმცა, როდესაც საშოს მიკრობიოტაში რაოდენობრივად იმატებს, მას აქვს უნარი, პარტნიორის ლორწოვანსაც მიეწებოს. თუ პარტნიორს სიმპტომები აქვს, მაშინ ექიმს უნდა მიმართოს. მაგრამ, პრევენციულად, რომ მამაკაცმა აუცილებლად უნდა იმკურნალოს, ასეთი მოწოდება არ არის.

სოკოვანი ინფექცია ქალებში შეიძლება, ხაჭოსებრი გამონადენით, ქავილით ხასიათდებოდეს, მამაკაცებში კი სიწითლით, ქავილითა და სხვა კლინიკური ნიშნებით.

შეიძლება, თუ არა ქალი მენსტრუალური ციკლის დროს ზღვაში ჩავიდეს? ტამპონის გამოყენება რამდენად რეკომენდებულია ასეთ დროს?

როდესაც მენსტრუალური გამონადენია, ქალისთვის დისკომფორტია, რომ ზღვაში შევიდეს, მაგრამ თუ მისთვის ეს პრიორიტეტი და სურვილია, მისი არჩევანია, რატომაც არა? შევიდეს. ტამპონი დროებით, ცოტახნის განმავლობაში შეუძლია, გამოიყენოს. ასევე, მენსტრუაციის გადავადებაც შეგვიძლია.

რა დროს შეიძლება, ცისტიტი დაგვემართოს?

ცისტიტი ანთებაა. ანთება ინფექციის გარეშე არ ხდება. თუ ჩვენ წინასწარი განწყობა რაღაც სტრესის ფონზე გვაქვს, თუნდაც სქესობრივი ურთიერთობის შემდეგ, ის მწვავდება. მაგრამ, ისე, რომ ქალს ინფექცია და წინასწარი განწყობა არ ჰქონდეს, ცივ ადგილზე დაჯდეს და ცისტიტი დაემართოს, ასე არ ხდება. ხშირად ცისტიტს ვმკურნალობთ, მაგრამ შარდში ბაქტერია არ არის. ასეთ დროს მცირე მენჯის კუნთების სპაზმია, რომელიც სიცივითა და სხვადასხვა კლიმატური ნორმის ცვალებადობით, თუნდაც სტრესით მწვავდება.

თუ აუზზე პირობები არ არის დაცული, იმ ბაქტერიებით, რომლებიც მრავლდება, თუნდაც ნაწლავის ჩხირი, სხვადასხვა ტიპის კოკი, შესაძლებელია, ადამიანი დაინფიცირდეს. სიწითლეს, სპეციფიკურ სუნს, გამონადენს ყურადღება მიაქციეთ. მაგრამ, პროფილაქტიკურად ანტიბიოტიკი არ უნდა მიიღოთ.

ქალებს, რომლებიც ზღვის სეზონისთვის ემზადებიან, მინდა, რამდენიმე რჩევა მივცე:

  • დავლიოთ წყალი
  • მოვერიდოთ გადახურებასა და ხანგრძლივი დროის განმავლობაში მზეზე ყოფნას
  • როცა სიცხეა, ქალებთან პრემენსტრუალური სიმპტომები მწვავდება. მაგნიუმის შემცველი პროდუქტები მივიღოთ. ნუში, ნიგოზი ფანტასტიკურია
  • ოფლიანობის დროს სოკო მრავლდება, ამიტომ ეს გავითვალისწინოთ
  • ჩვენს თავთან, სხეულთან ჰარმონიაში ვიყოთ, სტრესს, გვიან დაძინებას მოვერიდოთ. ალკოჰოლი მცირე რაოდენობით რელაქსაციისთვის კარგია, მაგრამ ზომიერება უნდა დავიცვათ.
  • მივიღოთ კენკრა, სადაც C ვიტამინი, მაგნიუმია
  • სქესობრივი ურთიერთობის დროს თავი დავიცვათ, რომ სექტემბერში უჩვეულო პრობლემის წინაშე არ დავდგეთ.