ფსიქოლოგი ბარბარა ჭკუასელი გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო” საუბრობს, როგორ უნდა მოვამზადოთ ბავშვი წინასწარ, რომ მას ბაღთან ადაპტირება არ გაუჭირდეს:
- როდესაც ვსაუბრობთ, თუ როგორ მოვამზადოთ ბავშვი ბაღისთვის, არა მხოლოდ ბავშვის, არამედ მშობლის მზაობაც უნდა გავითვალისწინოთ. პირველი პერიოდი ზოგჯერ რთულია. გააჩნია სიტუაციასაც, ბავშვი პირველად მიდის ბაღში თუ ზაფხულის არდადეგების შემდეგ ბრუნდება.
როდესაც ბავშვი ბაღში პირველად მიდის, ახალ გარემოსთან ადაპტაცია უწევს, სადაც ის წესები, რომლებიც სახლშია, არ მუშაობს. მნიშვნელოვანია, ბაღისთვის მისაღები წესები წინასწარ სახლშიც შევიტანოთ. მაგალითად, ეს არის ნივთების გაზიარება, წესების მიწოდება თამაშის სახით და ასე შემდეგ.
ბაღში მიყვანის იდეალური ასაკი 3 წელია. ამ ასაკში, როგორც წესი, თვითმოვლის წესები და უნარები ბავშვს კარგად აქვს განვითარებული. კოგნიტური უნარებიც შესაბამისობაში მოდის. თუმცა, ჩვენს რეალობაში ბავშვები ბაღში უფრო ადრეც მიჰყავთ ხოლმე.
ბავშვს ბაღში შესვლამდე ელემენტარული რაღაცების გაკეთება უნდა შეეძლოს. მაგალითად, ტანსაცმლის გახდა და ჩაცმა, ტუალეტის რუტინა და კვება.
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რამდენად ემპათიურია მასწავლებელი. რამდენად აძლევს ბავშვს დროს, რომ საკუთარი რიტმით ახალ გარემოსთან ადაპტირდეს. მნიშვნელოვანია ისიც, თუ რამდენად კარგად უჭერს მშობელი მასწავლებელსა და ბავშვს მხარს. ეს სამკუთხედი - ბავშვი, მასწავლებელი და მშობელი ამოსავალი წერტილი უნდა იყოს. ერთმანეთის მხარდამჭერები უნდა იყვნენ. თუ მშობელსა და მასწავლებელს შორის განხეთქილებაა, ბავშვი იჩაგრება.
ადაპტაციის პერიოდი ინდივიდუალურია. მაგრამ, დაახლოებით, 2 კვირა ნელ-ნელა უნდა გავზარდოთ დრო იმისათვის, რომ ბავშვი ბაღში დავტოვოთ. მშობელს პირველი პერიოდი ამ პროცესისათვის სრულად უნდა ჰქონდეს დათმობილი.
ბავშვი ბაღთან რომ ადაპტირდეს, მას მშობლის გარეშე ყოფნის გამოცდილება უნდა ჰქონდეს. თუ ის ჩვენზე ბოლომდე მიჯაჭვულია, როდესაც პირველად მივიყვანთ ბაღში, გაცილებით უფრო რთული იქნება მისთვის.
შეგვიძლია, წინასწარ, იმ კონკრეტული ბაღის ეზოში ვათამაშოთ, სადაც მიყვანა გვსურს. ასევე, სახლში ვეთამაშოთ ბაღობანა. იდეა, იმის შესახებ, რომ ბავშვს გარემოსთან ნაცნობობის განცდა ჰქონდეს, ყველაზე მნიშვნელოვანია.
ნახეთ გადაცემა ვრცლად: