სოციალური ქსელში, განსაკუთრებით TikTok-ში, მასობრივად ვრცელდება ახალი ტრენდი, სადაც ახალგაზრდობა, ე.წ ჯენზი-თაობა ADHD სინდრომს აპიარებს და თავს მისადმი მიკუთვნებულად მიიჩნევს. როგორც ცნობილია, ჯენზი-თაობაში, პირობითად, 1990-იანი წლებიდან 2010 წლამდე დაბადებულ პირებს მოიაზრებენ, რაც ახალგაზრდების დიდ ნაწილს მოიცავს. რაც შეეხება ADHD სინდრომს, მენტალური მედიცინის ენაზე ის ჰიპერაქტიურობასა და ყურადღების დეფიციტს ნიშნავს, მენტალურ სირთულედ მოიაზრება, კერძოდ, ნეიროდარღვევად, რომლის მართვასა და აღმოფხვრაზე მუშაობს განვითარებული ქვეყნების მედიცინა.
რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, საზოგადოების დიდი ნაწილი სინდრომს არ აღიარებს, სოცქსელში გავრცელებულ ტრენდს კი ახალგაზრდულ "მოდად" და გატაცებად მიიჩნევენ. კითხვაზე, თუ რატომ "გატრენდდა" ADHD სინდრომი, ან რატომ გახშირდა ახალგაზრდებში ფსიქიატრებთან ვიზიტები, ფსიქოლოგი ნანა სეხნიაშვილი გვიპასუხებს.
- ქალბატონო ნანა, სოციალურ ქსელში უცნაური რამ ფიქსირდება, ე.წ. ჯენზითაობის უმრავლესობა თავს ADHD სინდრომის მქონედ აღიარებს. ამასობაში ირკვევა, რომ უდიდეს ნაწილს სინდრომი სულაც არა აქვს და უბრალოდ, სინდრომის "გატრენდებას" ახდენს. საინტერესოა, რატომ უნდა მიიჩნიო თავი ნეიროსირთულის მატარებლად, რომელიც სულაც არ გაქვს, ხოლო რეალური მატარებლები ებრძვიან და მის მართვას სწავლობენ?
ახალგაზრდებთან, რომელთაც ეს სინდრომი მართლაც აქვთ, მთელი დატვირთვით ვმუშაობ და ვიცი, როგორ განიცდიან ამას და დაძლევასაც ცდილობენ. ეს ნეირომდგომარეობის განვითარების შეფერხებას ნიშნავს, რამაც შესაძლოა ადამიანი სოციალურ ურთიერთობებს სრულიად ჩამოაშოროს. ეს სინდრომი მართლაც გავრცელებულია, ბავშვების დაახლოებით 4%-ს აქვს. თუმცა თუ მშობელი დროზე შეამჩნევს, რომ ბავშვში რაღაც ისე "ვერ არის", ვერ სწავლობს, გულს ვერაფერს უდებს, პასუხისმგებლობების აღების უნარი არა აქვს და ამაზე მუშაობას დაიწყებს, სინდრომის დაძლევა სავსებით შესაძლებელია. თუკი სინდრომის დაძლევა ბავშვობაშივე ვერ მოხერხდა, ბავშვი სირთულეებს აწყდება. მაგალითად, დაბალ თვითშეფასებას მოზრდილობაში. ამის გამო უჭირს ნებისმიერი სოციალური ურთიერთობა და შეიძლება მთელი სიცოცხლის განმავლობაში დაითრგუნოს. სწორედ ამიტომ მიმაჩნია მენტალურ პრობლემად ისიც, როდესაც ახალგაზრდა ამ სინდრომს "იბრალებს" და ამაყობს ამით, სამწუხაროდ, არა მხოლოდ ADHD სინდრომს, არამედ სხვა მენტალურ სირთულეებსაც.
ხშირად მოსულა ჩემთან ახალგაზრდა, ასე ვთქვათ, მზა დიაგნოზით, რომ მას სჭირს ბიპოლარული აშლილობა, ფსიქოზი, შფოთვითი აშლილობა და ა.შ. სინამდვილეში, ასე არ არის, მაგრამ სურს ჰქონდეს.