ვინ არიან უცნაურად თავგადაპარსული ბავშვები, რომლებმაც სოციალური ქსელი დაიპყრეს - "მწვრთნელების წინააღმდეგ ფეხბურთი ითამაშეს, იდეაც ბავშვებს ეკუთვნით, რომ წაგებულ გუნდს მეორე გუნდი ვარცხნილობას შეურჩევდა..." - მშობლები

ვინ არიან უცნაურად თავგადაპარსული ბავშვები, რომლებმაც სოციალური ქსელი დაიპყრეს - "მწვრთნელების წინააღმდეგ ფეხბურთი ითამაშეს, იდეაც ბავშვებს ეკუთვნით, რომ წაგებულ გუნდს მეორე გუნდი ვარცხნილობას შეურჩევდა..."

2025-06-21 10:21:33+04:00

სოციალურ ქსელში საოცარი სისწრაფით ვრცელდება სასაცილოდ თავგადაპარსული ბავშვების ვიდეო, რომელსაც უამრავი კომენტარი და გაზიარება აქვს. ვიდეო ბიჭებისა უცნაური ვარცხნილობებით სპორტულმა გუნდმა "ლელო სარასენს თბილისმა" გაავრცელა თავის ფეისბუქგვერდზე. რა მოხდა სინამდვილეში და რატომ აღმოჩნდნენ ამ საოცარი ვარცხნილობით ბიჭები, რომლებიც უკვე საქართველოს ჩემპიონები არიან?

ამის შესახებ გუნდის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელს თეონა წიკლაურს ვესაუბრეთ.

„ბავშვები საზაფხულო შეკრებაზე არიან და მწვრთნელების წინააღმდეგ ფეხბურთი ითამაშეს. იდეაც მათ ეკუთვნით, რომ წაგებულ გუნდს მეორე გუნდი ვარცხნილობას შეურჩევდა. გარდა ამისა, უამრავი გასართობით ერთობიან, სადაც მწვრთნელებსაც"სჯიან" დაგვიანებისთვის, წაგებისთვის და ასე შემდეგ. ჩვენს კლუბში ყველა თანაბარი უფლებებითაა და არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებდით, რომ ერთი ბავშვი მაინც დაეზიანებინა ამას. რასაკვირველია, მშობლებთან შეთანხმებით მოხდა და ბავშვებს, ვისაც ეს არ უნდოდა, არ ჩართულან ამ თამაშში. ეს ბავშვების იდეა იყო.

დარწმუნებული რომ არ ვიყოთ, რომ ამ ქმედებებს არანაირი ზიანი არ მოაქვს და პირიქით, არ აახლოებს ბავშვებს და მწვრთნელებს, არ გავაკეთებდით და ამაზე საზოგადოებაზე ადრე მშობლებს ექნებოდათ მკაცრი რეაქცია. მოკლედ, ეს ყველაფერი ბავშვების ინიციატივითა და დიდი ხალისით მოხდა. სხვა ვიდეოებსაც თუ გადახედავთ, ნახავთ, მწვრთნელები როგორ აბარებენ წაგებულ "სასჯელს" ბავშვებს.

ეს ბავშვები შარშანაც ამ მწვრთნელებთან იყვნენ იგივე ადგილას, იგივე შეკრებაზე. წლიდან წლამდე ემზადებოდნენ ამ შეჯიბრისთვის. მათთვის დიდი ხალისი და მოტივაციაა. დაცინვისა და ბულინგისკენ ოდნავი მიდრეკილებაც არ აქვს ამ ამბავს. ახლაც დასრულებული არ არის შეკრება და უკვე ემზადებიან, რომ მომავალ წელს რევანში აიღონ. გუნდს ჰყავს ფსიქოლოგი, რომელიც მუშაობს ბავშვებთანაც, მოზრდილებთანაც და, რა თქმა უნდა, ყველა ნაბიჯს მასთან გავდივართ. როცა საქმე სპორტულ გუნდს ეხება, სიტუაცია სრულიად სხვაგვარია, არანაირი საერთო არ აქვს ბულინგთან. ერთი ბავშვის მხრიდანაც კი არ ყოფილა მსგავსი რეაქცია", - განმარტავს თეონა წიკლაური.

მართალია, კადრები არაერთმა ადამიანმა გააკრიტიკა, თუმცა უმრავლესობამ მაინც პოზიტიურად მიიღო და პოსტს სახალისო კომენტარებიც მრავლად ჰქონდა:

"შაჰ აბასის შვილიშვილებს ჰგვანან".

"მშობლები მოვდივართ რევანშის ასაღებად".

"ამათ სტილისტს სამსახური უნდა შევთავაზო".

"ბავშვებო, ითამაშეთ თმის ბოლო ღერამდე", - წერენ კომენტარების ავტორები.

494351807-1217900816980209-4926094415229548831-n-1750490459.jpg

„ლელო“ 1980 წელს დაფუძნდა და 6 წლიდან კაცთა უმაღლესი ლიგის ჩათვლით აერთიანებს სპორტსმენებს. სხვათა შორის, „ლელომ“ ერთობ იშვიათი და ფასეული ე.წ. „ტრებლი“ შეასრულა - ქვეყნის ყველა ასაკობრივი ჩემპიონატი მოიგო და 2024-25 წლების სეზონი სრული ტრიუმფით დაასრულა.

„დღიდან დაარსებისა ჩვენი კლუბი საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებს აწვდის ყველაზე მეტ მოთამაშეს. ჩვენი კლუბის მთავარი ღირებულება და ნიშა ყოველთვის იყო ბავშვები და სწორად აღზრდილი ახალი თაობა. დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ რომ საქართველოში წამყვანი სარაგბო სკოლა გვაქვს. ჩვენი კლუბის აღზრდილნი არიან ლეგენდარული მამუკა გორგოძე, მეკო კვირიკაშვილი, ირაკლი ყიასაშვილი, აკაკი ტაბუცაძე და ასე შემდეგ. ჩვენი კლუბის პრიორიტეტი და ჩვენი სისტემის მთავარი ნაწილი ყოველთვის ბავშვები იყო და ასე გრძელდება. ჩვენი მწვრთნელები არიან მაღალკვალიფიციურნი და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს მასშტაბით, საუკეთესონი“ - ამბობს თეონა წიკლაური.

რატომ ირჩევენ მშობლები შვილებისთვის რაგბის და რა უნდა იცოდეთ აუცილებლად ამ სპორტზე