„არ დამაშოროთ ჩემს აბიტურიენტ შვილს, ცხოვრების ამ ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე... ერთი თვით მაინც რომ ვიყო თავისუფლებაზე?“ - ნინო დათაშვილის სიტყვები სასამართლოზე და საზოგადოების გამოხმაურება - მშობლები

„არ დამაშოროთ ჩემს აბიტურიენტ შვილს, ცხოვრების ამ ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე... ერთი თვით მაინც რომ ვიყო თავისუფლებაზე?“ - ნინო დათაშვილის სიტყვები სასამართლოზე და საზოგადოების გამოხმაურება

2025-06-21 23:53:53+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის მიმართ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულ სამოქალაქო აქტივისტს,ნინო დათაშვილსაღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

  • აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკა ბარბაქაძემ მიიღო.

დღევანდელ სხდომაზე დათაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს. სახელმწიფო ბრალდება ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი 20 000-ლარიანი გირაოსა და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებების გამოყენებას შუამდგომლობდა.

სიტყვით ისარგებლა თავად ბრალდებულმაც, აღნიშნა, რომ მას შეეძლო დაკავებამდე ქვეყნიდან წასულიყო, თუმცა, ის ასე არ მოიქცა. ამასთან, დათაშვილი მიუთითებდა, რომ მას ჰყავს შვილი და აქვს მასზე ვალდებულებები. მისი რამდენიმე ფრაზა, რომელიც მოსამართლემ უკომენტაროდ დატოვა, დღეს ბევრჯერ გაჟღერდა სოციალურ ქსელში: „არ დამაშოროთ ჩემს აბიტურიენტ შვილს, ცხოვრების ამ ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე..." "ერთი თვით მაინც რომ ვიყო თავისუფლებაზე?“

ეკა ბარბაქაძემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ცნობისთვის, ნინო დათაშვილი 9 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარი ფაქტის გამო 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საზოგადოებისთვის ცნობილმა ადამიანებმა, ნინოს კოლეგებმა, თანამოაზრეებმა თუ უბრალოდ გულშემატკივრებმა სოციალურ ქსელში მას მხარდაჭერა გამოუცხადეს. გთავაზობთ რამდენიმე მათგანის ღია განცხადებას:

ნინო დობორჯგინიძე:

"ნინო დათაშვილი ჩემი სტუდენტი იყო, მერე - თანამშრომელი. სტუდენტობიდანვე დაიწყო ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტში მუშაობა კვლევის ასისტენტად, პარალელურად მცირეწლოვან შვილს ზრდიდა.
წელს ნინოს შვილი აბიტურიენტია. ძნელი წარმოსადგენია, რა იქნება მისთვის ამ პირობებში გამოცდებზე გასვლა.
მზად ვარ, თავდებში დავუდგე ნინოს, რომ მან მოახერხოს ასეთ მნიშვნელოვან დროს შვილის გვერდით ყოფნა".
ნინო კალანდია:
"ჩემი შვილი აბიტურიენტია, წელს აბარებს და არ მინდა ჩემ გარეშე გაიაროს ეს პროცესი, მის გვერდზე მინდა ვიყოო, ნინომ.
ძალიან ძნელია ამის მოსმენა და ძალიან რთულია ამის გადატანა.
გული მეწურება რომ მახსენდება ნინოს ხმა, ამას რომ ამბობდა და მისი შვილის სახე, ამას რომ ისმენდა".
დეკანოზი ილია ჭიღლაძე:
"ჩემი პატივისცემა და სოლიდარობა ნინო დათაშვილს, ჩვენ ერთმანეთს სტუდენტობის პერიოდიდან ვიცნობთ! არის გულანთებული პატრიოტი და განათლების, სწავლის, ცოდნის მოყვარე! სანიმუშო მოქალაქე და პატრიოტი! ასეთ ადამიანებს რომ
ებრძვის, ატერორებს, ამუხრუჭებს სისტემა, ეს უკვე დიაგნოზია ამ რეჟიმის დაჭაობებისა და სიბნელისა! მინდა მტკიცედ იყო ნინო და მალე დაუბრუნდე შენს ოჯახს და აკეთო შენი საქმე გათავისუფლებულ, ბედნიერ საქართველოში!"
ნენე დალაქიშვილი:
"ნინო დათაშვილის ერთადერთი შვილი აბიტურიენტია.
არ დამაშოროთ ჩემს შვილს, ცხოვრების ამ ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე, უთხრა ნინომ მოსამართლეს.
მოსამართლეც და ორივე პროკურორიც ქალები არიან.
სამივეს ვუსურვებ, რომ მათი შვილების ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპის დროს ციხის კედლებს ხეხავდნენ და სიმწრით ხორცებს იგლეჯდნენ".