"გაჟღერდა ჭორები, თითქოს, მე ძმაკაცის ქალიშვილს შევხედე და ეს ადამიანი შევიყვარე. იმ მონაჭორს დღეს წერტილს ვუსვამ" - ლუკა კურტანიძე - მშობლები

"გაჟღერდა ჭორები, თითქოს, მე ძმაკაცის ქალიშვილს შევხედე და ეს ადამიანი შევიყვარე. იმ მონაჭორს დღეს წერტილს ვუსვამ" - ლუკა კურტანიძე

2025-06-23 11:00:09+04:00

მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი, ჭიდაობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი და ექსპარლამენტარი, ლუკა-ელდარ კურტანიძე გადაცემაში "ნოესთან" 26 მაისის მოვლენებს იხსენებს და ამბობს, რომ მასზე სასტიკად იძალადეს:

- თავისუფლების მოედანზე წრე შეკრეს და ყველას დასაცინად, 50 ნიღაბასხმული ადამიანი ხელკეტებით დაუნდობლად მცემდა. იქიდან ცოცხალ-მკვდარი წამიყვანეს. ქალაქის მთავარ სამმართველოში პირველი სართულიდან მე-10 სართულამდე ცოცხლად მომკლეს. კიბეებზე შავნიღბიანები იდგნენ და ცემა-ცემით ამიყვანეს მე-10 სართულამდე. როცა მე-10 სართულზე ამიყვანეს და დამაჯინეს, იარაღგადატენილი ადამიანი მეუბნება: "ხელს თუ გაანძრევ, შუბლს გაგიხვრეტ." ამისი ბრძანება დათა ახალაიასაგან ჰქონდა. ეს ყველაფერი გავიარე, ეს ყველაფერი ვნახე... არავინ მეკითხება, რა გადავიტანე. ჩემში ულამაზესი ფერები დაიმსხვრა, რითაც იმ მშიერ, მწყურვალ საქართველოში ძალა მქონდა. მათ დამიმსხვრიეს და არასდროს ვაპატიებ. არც დღევანდელ ხელისუფლებას ვპატიობ, რომ მთავარი მოქმედი გმირი, სააკაშვილი, დღეს კრესლოზეა წამოსკუპებული და განცხადებებს აკეთებს. არ მაქვს ძალაუფლება, რომელიც მომცემდა საშუალებას - მის აშენებულ მე-8 საპყრობილეში გადავიყვანდი დღესვე. იმას ვაგრძნობინებდი, რაც ათასობით პატიმარმა გაიარა, როდესაც მამაკაცებს ქალივით ატირებდნენ, როცა ფეხებით კიდებდნენ, ოჯახის წევრებს ღირსებას ულახავდნენ, პატიმრის თვალწინ. ეს ადამიანები, ფაცაცია, ახალაიები, დღეს კიდევ საზოგადოებაში დადიან.

ლუკა კურტანიძე ამავე გადაცემაში მისი პირადი ცხოვრების შესახებ აგორებულ ჭორსაც გამოეხმაურა:

- გაჟღერდა ისეთი ჭორები, რაც ძალიან მაწუხებს და აწუხებს საზოგადოებას. თითქოს, მე ძმაკაცის ქალიშვილს შევხედე და ეს ადამიანი შევიყვარე. სოფო მეფარიშვილი, რომელიც მე გავიცანი, ტიკტოკერია. ძალიან ღირსეულ ვიდეოებს დებს. შარშან, ხორვატიაში, მსოფლიო ჩემპიონატზე ვიყავი. 8 ოქტომბერი იყო. იქ ვნახე ადამიანი, რომელიც ქართულ სულს, ადათ-წესებს, ეროვნულ ღირებულებებს პოპულარიზაციას უწევს და ჩემში ძალიან დიდი ემოცია გამოიწვია. ხორვატიაში ვთქვი, რომ მსოფლიო ჩემპიონატს აუცილებლად მოვიგებ, ჩავალ საქართველოში და ამ ქართველ გოგოს აუცილებლად გავიცნობ-თქო. როდესაც მსოფლიო ჩემპიონობა მოვიპოვე და საქართველოში ჩამოვფრინდი, მოვძებნე ეს ადამიანი, გავიცანი და ვფიქრობ, ის ოჯახია, რომელიც უდიდეს პატივისცემას იმსახურებს. შემდეგ მისი ძმები გავიცანი. ნახევარი წლის შემდეგ ოჯახში დამპატიჟეს და მის მშობლებს პირველად მაშინ შევხვდი. ღირსეული ადამიანები არიან. ამიტომ, იმ მონაჭორს, რომელიც მომზადდა იმისათვის, რომ ჩემთვის კიდევ ერთი ცუდი რამ გაეკეთებინათ, შავი პიარი აეგორებინათ, ვფიქრობ, ამ გადაცემით წერტილს ვუსვამ. სანამ ამ ქვეყანაზე ვცხოვრობ, ვიცხოვრებ ისე ღირსეულად, როგორც დღემდე მოვედი. არასოდეს ჩემი განვლილი გზის არ შემრცხვება.