გაქვთ გამდიდრების შანსი და უნარები? - გააკეთეთ ტესტი და დაუკვირდით შედეგებს - მშობლები

გაქვთ გამდიდრების შანსი და უნარები? - გააკეთეთ ტესტი და დაუკვირდით შედეგებს

2025-06-23 12:09:09+04:00

როგორი ადამიანი უნდა იყოთ, რომ ფინანსურ წარმატებას მიაღწიოთ? ეშმაკი და მოხერხებული? სასტარტო კაპიტალით, კარგი კავშირებითა და ხუთი უმაღლესის დიპლომით? საკუთარი პრინციპები უნდა გაყიდოთ თუ ერთგული დარჩეთ? - ამ თემასთან დაკავშირებით ყველა ადამიანს განსხვავებული დამოკიდებულება აქვს. ზოგიერთი ფიქრობს, რომ ფინანსური წარმატება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ზოგის აზრით კი, "ფული ადამიანს აფუჭებს", "პატიოსანი შრომით გამდიდრება არ შეიძლება" და ასე შემდეგ.

თანამედროვე სამყაროში საქმიანი რეპუტაცია, პირადი ბრენდი და ბიზნეს სქემების გამჭვირვალობა სულ უფრო და უფრო ფასეული ხდება. სინამდვილეში, დღეს წარმატების მიღწევაში სრულიად განსხვავებული პიროვნული თვისებები გვეხმარება.

იმის გასარკვევად, გაქვთ, თუ არა გამდიდრებისათვის საჭირო უნარები, ერთ ტესტს გაგიზიარებთ. ის ამერიკელი მილიონერის, ჯონ რემპტონის "რეცეპტს" ეფუძნება, რომელიც ფიქრობდა, რომ ვერასდროს გამდიდრდებოდა, მაგრამ მეწარმეობაში წარმატების მიღწევა მაინც მოახერხა. მოგვიანებით მან საკუთარი და მეგობრების გამოცდილება გააერთიანა და საინტერესო ტესტი შექმნა.

ამ ტესტის მთავარი პრინციპი არის ის, რომ მოცემულ დებულებებს შეხედოთ და მოინიშნოთ, კონკრეტული დებულება თქვენ გეხებათ თუ არა. ბოლოს კი პასუხები შეამოწმეთ. რაც უფრო მეტი დებულება დაემთხვევა თქვენს ცხოვრებასა და განვლილ გზას, ეს ნიშნავს, რომ გამდიდრებისათვის საჭირო უნარებს ფლობთ:

ტესტი: შეძლებთ გამდიდრებას?

1."ფულის გამომუშავება ბავშვობაში დავიწყე (თუნდაც ეს ძალიან მცირე ყოფილიყო)".

  • კი
  • არა

2. "სკოლის შეჯიბრებებს ან ოლიმპიადებს სულ ვიგებდი".

  • კი
  • არა

3. "მენატრება წარსული, უფრო ბედნიერი, უფრო უდარდელი დრო იყო".

  • კი
  • არა

4. "თუ ახლა 1 მილიონს შემომთავაზებთ ან 5 წელიწადში 10 მილიონს, პირველ ვარიანტს ავირჩევ. რატომ უნდა დაველოდო, თუ მილიონის მიღება ახლავე შემიძლია?"

  • კი
  • არა

5. "მაქვს ქორწინება, რომელიც განქორწინებით დასრულდა".

  • კი
  • არა

6. "მეტს ვხარჯავ, ვიდრე ვშოულობ".

  • კი
  • არა

7. "ვფიქრობ, ჯერ რაღაცების დასაწყებად საუკეთესო დრო არ დამდგარა".

  • კი
  • არა

8. "მყავდა (მყავს) ადამიანი, მენტორი, რომელიც საინტერესო რჩევებს მაძლევს".

  • კი
  • არა

9. "ვფიქრობ, ოპტიმისტი ვარ".

  • კი
  • არა

პასუხები:

  1. კი - სტატისტიკა აჩვენებს, რომ წარმატებული ადამიანების უმეტესობამ საკუთარი ფინანსური რესურსების დაგროვება და მეწარმოების ნიჭის გამოვლენა სწორედ ბავშვობიდან დაიწყო. მაგალითად, დალას მავერიქსის საკალათბურთო კლუბის მფლობელი მეზობლებთან ნაგვის პარკებს ყიდდა, უორენ ბაფეტი საღეჭ რეზინებს ყიდდა, ხოლო რიჩარდ ბრენსონი თუთიყუშებს, რომლებსაც თავად ზრდიდა და გასაყიდად ამზადებდა.
  2. კი - ჩიკაგოს უნივერსიტეტის მკვლევრებმა გამოთვალეს, რომ თუ სასკოლო შეჯიბრებებში გამარჯვებას ახერხებდით, თქვენი ხელფასი სხვებზე 10%-ით მეტი იქნება. საინტერესოა, რომ მათ ანგარიშში უმაღლეს განათლებაში მიღწეული წარმატება ნახსენები საერთოდ არ ყოფილა.
  3. არა - ნოსტალგია ყველას დროდადრო თავს ახსენებს და ეს ბუნებრივია. მაგრამ, თუ წარსულში ხართ ჩარჩენილი და აწმყოს ვერ აფასებთ, წარმატების მიღწევა გაგიჭირდებათ.
  4. არა - მოთმინება განსაკუთრებული უნარია, რომელიც ადამიანებს მიზნების მიღწევაში ეხმარება. ამის მრავალი შემთხვევა არსებობს. მაგალითად, ფსიქოლოგიის პროფესორმა, ვალტერ მიშელმა ბავშვებთან "ზეფირის ექსპერიმენტი" ჩაატარა. 14 წლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ბავშვებმა, რომლებმაც ტკბილეული მაშინვე არ შეჭამეს და თავი შეიკავეს, იმაზე გაცილებით მეტს მიაღწიეს, ვიდრე ბავშვებმა, რომლებმაც ზეფირი მაშინვე მიირთვეს.
  5. არა - 9000 ადამიანზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ განქორწინება სიმდიდრეს 77%-ით ამცირებს. თუმცა, დაქორწინებულ ადამიანებს სიმდიდრის გაზრდა შემთხვევათა 93%-ში შეეძლოთ. "თუ გსურთ სიმდიდრის გაზრდა, დაქორწინდით და ნუ განქორწინდებით", - ამბობს კვლევის ავტორი და ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარი ჯეი ზაგორსკი.
  6. არა - "მე და ჩემი მეუღლე ჩვენი შემოსავლის სულ მცირე 50%-ს ინვესტიციისთვის ვდებთ. ეს საშუალებას მოგვცემს, გრძელვადიან პერსპექტივაში კიდევ უფრო მეტი ფული ვიშოვოთ. ეს უფრო მომგებიანია, ვიდრე ძვირად ღირებული შენაძენებით თვალში ნაცრის შეყრა", - ამბობს მილიონერი ჯონ რემპტონი.
  7. კი - დღევანდელ სამყაროში ახალ გარემოსთან ადაპტირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი უნარია. გამოიყენეთ ის შესაძლებლობები, რაც ახლა გაქვთ, რადგან შესაძლებლობები ყოველთვის არსებობს და სანამ თქვენ მათ უგულებელყოფთ, სხვები აკეთებენ.
  8. კი - გარემო ადამიანის წარმატების მიღწევაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს. თუ თქვენ გვერდით გყავთ ადამიანი, რომელსაც მიბაძავთ, რომლისგანაც საინტერესო რჩევებს მიიღებთ, თქვენი წარმატების შანსი გაცილებით დიდი იქნება.
  9. კი - მილიონერები, როგორც წესი, ოპტიმისტები არიან. ნებისმიერი სარისკო გადაწყვეტილების მიღების წინ ისინი ხომ იმედს ინარჩუნებენ, რომ ეს საქმე აუცილებლად გამოვა და გაამართლებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რატომ დაიწყებენ?! ამიტომ, დადებითი განწყობის შენარჩუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.