მარგარინი და სპრედი - იაფფასიანი ალტერნატივა, რომელიც ჩვენს ჯანმრთელობას ძვირი უჯდება. ბოლო ლაბორატორიულმა კვლევამ საქართველოში, გაყიდვაში არსებულ პროდუქტში, დასაშვებზე 6-ჯერ მეტი ტრანსცხიმი აღმოაჩინა. საეჭვო პროდუქტი გაყიდვიდან უკვე ამოღებულია. ინსულტისა და ინფარქტის განვითარების რისკი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ჭარბი წონა - ტრანსცხიმების უსაფრთხო დოზა არ არსებობს. მცირე ოდენობამაც კი შეიძლება, ჩვენს ჯანმრთელობაზე ძალიან ცუდი გავლენა იქონიოს. თემის შესახებ საინტერესო სიუჟეტი გადაცემამ "კურიერი P.S" მოამზადა:
მარგარინი, სპრედი, სამარხვო კარაქი - ამ სახელწოდებებით ფერადი შეფუთვები გვპირდებიან ომეგა 3-ს, დაბალ ქოლესტერინს, მცენარეულობას, მაგრამ ის ორგანიზმში სულ სხვა ზრახვებით აღწევს. მსოფლიო ბაზარზე მცენარეული მყარი ცხიმის დიდი არჩევანია და დიდია კითხვის ნიშანიც, თუ რამდენად ჯანსაღია ეს პროდუქტი.
გასულ საუკუნეში სპრედი კარაქის იაფფასიანი ვერსიის იდეით, მცენარეული ზეთის გადამუშავებისა და გამყარების ფორმულით შეიქმნა. შემდეგ კი ჯანმრთელობაზე შეტევის უხილავ იარაღად იქცა. გააჩინა ეჭვები და კვლევებიც დაიწყო. საქართველოს ბაზარზე არსებული მარგარინების ბოლო კვლევა momxmarebeli.ge-მ ჩაატარა. საკვლევი სურსათი შემთხვევითი პრინციპით შეირჩა როგორც ქსელურ მარკეტებში, ისე მცირე ზომის ჯიხურებში. ნიმუშები თურქეთის აკრედიტირებულ ლაბორატორიაში შემოწმდა.
შედეგი ასეთია: საქართველოში თურქეთიდან იმპორტირებული საბუტერბროდე მცენარეული ცხიმი, "ლუნა", ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიშია. მასში ლაბორატორიული კვლევისას დასაშვებ ნორმაზე 6-ჯერ მეტი ტრანსცხიმი აღმოჩნდა.
ანა გემაზაშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ამბობს:
"კონკრეტული პარტია ბიზნესოპერატორს ამოვაღებინეთ და ამავე დროს, სახელმწიფო ლაბორატორიაში გამოვაკვლევინეთ."
საეჭვო პროდუქტი საქართველოში ამ დროისთვის გაყიდვაში აღარ არის, მაგრამ სხვა მწარმოებლისა და სხვა შეფუთვის ბევრია. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო კვლევამ მათში ჭარბი ტრანსცხიმები არ დაადგინა, სპეციალისტებს სიჯანსაღეში ეჭვი შეაქვთ.
"ინგრედიენტებს რომ დავაკვირდეთ, თუ რისგან მზადდება ეს პროდუქტები, მათ სიჯანსაღესთან არანაირი კავშირი არ აქვთ. გარდა იმისა, რომ ეს ხელოვნურად მიღებული პროდუქტია, მას ძალიან ბევრი კონსერვანტი და საკვები დანამატი ემატება, რომ მყარი მასა დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნდეს. ემატება ვადის გამახანგრძლივებელი, ასევე საღებავები, რომ მოყვითალო ფერი მიიღოს. ასეთი ინგრედიენტებით შედგენილი პროდუქტი, რა თქმა უნდა, არაჯანსაღია." - ამბობს ირაკლი არაბული, სურსათი უვნებლობის სპეციალისტი.
ექიმებს ვრცელი ჩამონათვალი აქვთ, თუ რას იწვევს ტრანსცხიმები:
"ზრდის ცუდი ქოლესტერინის დონეს, რაც გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებზე აისახება. ზრდის ინსულტისა და ინფარქტის განვითარების რისკს და ასევე, ზოგადად, ანთებითი პროცესების დონეს ჩვენს ორგანიზმში. ტრანსცხიმები მაღალკალორიული პროდუქტებია და თუ მათ დიდი რაოდენობით მივიღებთ, ეს ჭარბ წონასა და სიმსუქნეს გამოიწვევს. ტრანსცხიმების უსაფრთხო დონე არ არსებობს. მცირე ოდენობამაც კი შეიძლება, ძალიან ცუდი ზეგავლენა იქონიოს." - ამბობს ნაია ლატარია, ენდოკრინოლოგი.
მიუხედავად რისკებისა, თუ არჩევანს მაინც სპრედზე ვაკეთებთ, სასურველია, ეტიკეტს გავეცნოთ. საცხობებთან და საკონდიტროებთანაც ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგანაც სწორედ ასეთი ობიექტები იაფი გამოსავლის მიზნით, მცენარეულ ცხიმს კარაქის ალტერნატივად იყენებენ.