"ზოგიერთი გოგონა ძალიან ლამაზია, მაგრამ საკუთარი სილამაზის არ სჯერა, ზოგს კი პირიქით, საშუალო გარეგნობა და ისეთი თავდაჯერება აქვს, სხვებსაც არწმუნებს, რომ ლამაზია" - როგორ მოვერიოთ კომპლექსებს - მშობლები

"ზოგიერთი გოგონა ძალიან ლამაზია, მაგრამ საკუთარი სილამაზის არ სჯერა, ზოგს კი პირიქით, საშუალო გარეგნობა და ისეთი თავდაჯერება აქვს, სხვებსაც არწმუნებს, რომ ლამაზია" - როგორ მოვერიოთ კომპლექსებს

2025-06-23 14:25:28+04:00

ბოლო დროს გარეგნობასთან, სილამაზის სტანდარტებთან დაკავშირებით ბევრს აღარ საუბრობენ, რადგანაც მიდგომებიც შეიცვალა და ამავდროულად, გამრავალფეროვნდა ის საშუალებები, რომლებიც ადამიანებს ფიზიკური მონაცემების შეცვლაში ეხმარება. არსებობს უამრავი სხვადასხვა ფილტრი, კოსმეტიკური საშუალება. ასევე, მოდის გავლენიანი ბრენდები სილამაზესა და პარამეტრებს უკვე განსხვავებულად აღიქვამენ. ამიტომაც, პოდიუმებსა და სარეკლამო კამპანიებში არასტანდარტული გარეგნობის მქონე მოდელებს ხშირად ვხვდებით.

თუმცა, მეორე მხრივ, ჩვენს თავში, თითქოს, მტკიცედაა ფესვგადგმული ის აზრი, რომ გარეგნობა და სილამაზე ადამიანის წარმატებასა და კარგ მომავალთან პირდაპირ კავშირშია. მშობლებმა შესაძლოა, შვილებს დაუფარავად უთხრან, რომ სწორედ ფიზიკურ მონაცემებზეა დამოკიდებული, რამდენად კარგ მეუღლეს იპოვიან, რამდენად დაიმკვიდრებენ თავს სხვადასხვა გარემოში და შეძლებენ თავიანთი თავის წარმოჩენას. მსგავსი ფრაზები განსაკუთრებით საზიანო მოზარდებისთვისაა.

ნუ შეახსენებთ თქვენს ქალიშვილს, რომ "თხელი თმა", "ცუდი ცხვირი" "ჩამოშვებული მხრები" ან რაიმე ისეთი ნაკვთი აქვს, რაც არ მოგწონთ. ასევე, ნუ შეადარებთ სხვა ბავშვებსა და ახლობლებს და ნუ ეტყვით, რომ ისინი მასზე გაცილებით უკეთ გამოიყურება.

kompleksebi-4-1750674606.jpg

რატომ ჩნდება კომპლექსები?

ალბათ თქვენც შეგიმჩნევიათ, ზოგიერთი გოგონა ძალიან ლამაზია, მაგრამ საკუთარი სილამაზის არ სჯერა, ზოგს კი პირიქით, საშუალო გარეგნობა და ისეთი თავდაჯერება აქვს, სხვებსაც არწმუნებს, რომ ლამაზია.

ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად უყვარდათ ბავშვი ბავშვობაში. რამდენად თბილად ექცეოდნენ, რამდენად აქებდნენ და დადებით ფრაზებს ეუბნებოდნენ. თუ ბავშვი მთელ დროს დაღლილ, დასტრესილ დედასთან და ბებიასთან ატარებდა, ეს გაღიზიანება მასაც გადაეცემა. მოზარდობის ასაკში კი დაუცველობისა და თვითსიძულვილის განცდა უჩნდება.

მოზარდობის ასაკი განსაკუთრებით საფრთხილოა. სწორედ ამ დროს ბავშვების ნაკვთები იცვლება, ყალიბდება და პარალელურად, უამრავი კომპლექსი ჩნდება. მოზარდი შესაძლოა, საკუთარ თავს თანაკლასელებს ადარებდეს და მათ ფონზე, საკუთარი თავი არ მოსწონდეს.

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც მოზარდებს თავიანთი თავი არ მოსწონთ, სილამაზის სტანდარტები და სტერეოტიპებია. ადრე სიგამხდრე მთავარ უპირატესობად აღიქმებოდა. ახლა ფორმებზე ხაზგასმას სულ უფრო ხშირად ცდილობენ.

kompleksebi-2-1750674637.jpg

როგორ დავეხმაროთ მოზარდს კომპლექსებთან გამკლავებაში?

  • ბავშვს გარეგნობასთან დაკავშირებით არასდროს დასცინოთ. განსაკუთრებით, ბავშვებისა და მოზარდების თანდასწრებით. ნუ აქცევთ დაცინვას სახუმარო თემად. ერთი შეხედვით, უწყინარმა ფრაზებმაც კი შეიძლება, მას ძალიან დიდი ტრავმა დაუტოვოს.
  • ესაუბრეთ თქვენს შვილს, ჰკითხეთ, რას მიიჩნევს საკუთარ თავში ლამაზად, ხედავს თუ არა საერთოდ სილამაზეს საკუთარ თავში და როგორია მისი აღქმები. შეაქეთ და საკუთარი უპირატესობის დანახვაში დაეხმარეთ.
  • აუხსენით თქვენს შვილს, რომ მოზარდობის ასაკი ცვლილებების პერიოდია და ეს ყველა ადამიანმა გაიარა. ამიტომ, ცვლილებები აბსოლუტურად ნორმალურია და მალე ყველაფერი დალაგდება. უთხარით, რომ ადამიანები "ლამაზებად" და "მახინჯებად" არ იყოფიან და გარეგნობა წარმატებისა და ბედნიერების მთავარი კრიტერიუმი არ არის.
  • უამბეთ თქვენს შვილს თქვენ შესახებ. მოუყევით თქვენი გამოცდილების შესახებ, გაიხსენეთ სასაცილო და სევდიანი მომენტები; უთხარით, რომ თქვენც გაიარეთ ის ეტაპი, რასაც ახლა თავად გადის.
  • გაიხსენეთ ცნობილი ადამიანები, რომელთა გარეგნობაც არასტანდარტულად მიიჩნეოდა, მაგრამ მათ ძალიან დიდი წარმატების მიღწევა შეძლეს და უამრავი გულშემატკივარი გაიჩინეს.
  • ბავშვის პრობლემებს ნუ უგულებელყოფთ. თუ რაღაცაზე განსაკუთრებით ნერვიულობს, მაგალითად, თმა, წარბი არ მოსწონს და მისი შეცვლა მარტივად შეიძლება, აუცილებლად დაეხმარეთ. წაიყვანეთ სტილისტთან, კოსმეტოლოგთან, ნუტრიციოლოგთან და საჭირო რჩევები მიიღეთ.
  • ხშირად უთხარით თქვენს შვილს კომპლიმენტები, შეახსენეთ, რომ ლამაზი თვალები, სახე, ღიმილი, ხელწერა, ხმა აქვს და მისი დადებითი თვისებებზე ყურადღება გაამახვილეთ.