საზაფხულო არდადეგები იწყება - განტვირთვის, მოგზაურობისა და ცოტათი ინტელექტუალური დასვენების პერიოდიც, როცა ჩვენს თავგადასავლებთან ერთად, წიგნის გმირების ამაღელვებელი ისტორიებიც გვიქმნის დაუვიწყარ მოგონებებს.
თუ საკითხავი ჯერ არ შეგირჩევიათ, „ბიბლუსის“ შემოქმედებითი დირექტორი და მწერალი გიორგი კეკელიძე გირჩევთ 5 წიგნს ქართული და უცხოური ლიტერატურიდან, რომელიც არდადეგებს მხიარულად და სასიამოვნოდ გაგატარებინებთ. თანაც განმარტავს, თუ რატომ გადაწყვიტა, ეს კონკრეტული ნაწარმოებები შემოეთავაზებინა:
მარტ ტვენის ,,ტომ სოიერის თავგადასავალი’’ ჩემი ბავშვობის კარიბჭეა. მეტიც, ამ წიგნმა რამდენიმე კარი ერთად შეაღო: ერთი - კითხვის ინტერესი აღმიძრა და ლიტერატურის სამყაროში შემიძღვა. სულ მცირე, ,,ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი’’ მაპოვნინა, რომელიც დღემდე საყვარელი წიგნია ჩემი. მეორე - თავგადასავლების აუცილებლობა მაგრძნობინა. მას მერე, ცხოვრებას, როგორც ამბავს, ისე ვუყურებ, ამბავს, სადაც ყველა საკუთარ განძს დავეძებთ.
ნოდარ დუმბაძის საბავშვო პოეზია მსოფლიო რანგისაა. მე არ მგონია, რომ არსებობდეს ჩემი თაობის ადამიანი, რომლის ბავშვობამაც ამ ლექსების გარეშე ჩაიარა. ასე იოლად და ძალდაუტანებლად მე არასდროს მისწავლია არაფერი და ასე მგონია, რომ ყველა თაობის საზეპირო უნდა იყოს, რადგან განა ეს შეიძლება მოძველდეს:,,გაბერილი და ამაყიწყალში ყიყინებს ბაყაყი.ქ ე თ ი ნ ო : ცურვა რომ იცი, ბაყაყო,ყვინთვა რომ იცი, ბაყაყო,იმითი ხომ არ ამაყობ?!აბა, ნაპირზე ამოდი,ნახე, რა მაგრად დაგნაყო!ბ ა ყ ა ყ ი : ცურვა და ყვინთვა რომ ვიცი,სწორედ იმიტომ ვყიყინებ,გაბედე, წყალში ჩამოდი,სულ დაგაწიწკნი კიკინებს!’’
იაკობ გოგებაშვილმა შექმნა ქართული საბავშვო მწერლობა. ეს მოკლე წინადადება რომ გიგანტურ საქმეს გულისხმობს, ადვილად მიხვდებით. ნამდვილი ჯადოქარი იყო, ტიტანური ძალის დემიურგი - თანაც წყნარი და უხმაურო. ამ მოთხრობებს რომ გადავიკითხავ, გაოცებული ვფიქრობ ხოლმე, რა სიზუსტით იცოდა ამ დიდმა კაცმა ბავშვი, მისი ფსიქოლოგია, ყოფითი ნიუანსები, განვითარების გზა, სოციალიზაცია. ეს გაოცება თქვენც უნდა გადმოგედოთ - კიდევ ერთხელ წაიკითხეთ და წაუკითხეთ თქვენს შვილებს.
არასდროს მიმოგზაურია იმდენი, რამდენიც ბავშვობაში. თანაც ეს ერთ პატარა ოთახში, ლოგინზე წამოწილილმა - რაც თურმე თვალებისთვის ვერ არის კარგი, მაგრამ ჩემმა რატომღაც გაუძლო - ამ კეთილი კაცის წიგნებით ხელში მოვახერხე. ოკეანის სიღრმიდან რომ ამოვყვინთავდი, მთვარე ერთი ხელის გაწვდენაზე იყო. მთვარეზე რომ ახვიდე, ეს ჩაყვინთვა აუცილებელია. ამიტომაც ჩემი მორიგი რჩევა 80 000 კილომეტრი წყალქვეშ იქნება - „ნაუტილუსი“, კაპიტანი ნემო და პროფესორი არონაკსი.
მფრინავი კაცის დაწერილი მფრინავი წიგნი - ეგზიუპერის ,,პატარა პრინცი’’ - ამბავი არამხოლოდ იმაზე, რომ ყველანი საკუთარი ბავშვობიდან მოვდივართ, არამედ იმაზეც, რომ არსადაც არ მივდივართ ამ ბავშვობიდან. პლანეტა დედამიწა, ისეთი, როგორიც უნდა იყოს და არა ისეთი, როგორც ჩვენ შევქმენით. ყველა დროის უდიდეს მაგიათაგანი მცირე ზომის ლიტერატურაში.