რამდენიმე დღის წინ "მის ეკვადორის" ნახევარფინალისტი, 28 წლის მარია ლორენა არგუელო მოულოდნელად გარდაიცვალა. გოგონას რამდენიმე დღეში ქორწილი უნდა ჰქონოდა. გარდაცვალების მიზეზი ოფიციალურად ჯერ არ გახმაურებულა.
მარია 1997 წლის 12 მარტს დაიბადა. მან არა მხოლოდ წარმატებული სამოდელო კარიერის აწყობა, არამედ კარგი განათლების მიღებაც მოახერხა. 2023 წელს მან ლას-ამერიკის უნივერსიტეტი ქირურგიის სპეციალობით დაამთავრა. "მის ეკვადორი 2024"-ის კონკურსი, რომელშიც არგუელო ქვეყნის დედაქალაქს, კიტოს წარმოადგენდა, სილამაზის ინდუსტრიაში მისი პირველი, მაგრამ ძალიან წარმატებული ნაბიჯი იყო.
სილამაზის კონკურსში გოგონას გამოჩენას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მას გამარჯვებასაც უწინასწარმეტყველებდნენ. ბუნებრივმა მოხდენილობამ, ელეგანტურობამ და საოცრად მეგობრულმა ხასიათმა მაყურებლის ყურადღება მაშინვე მიიპყრო და ყველა საუბრობდა, რომ მარიას დიდი მომავალი ელოდებოდა.
მარიას საქმრო მედიასთან აცხადებს, რომ მათ ქორწილისთვის ყველაფერი მზად ჰქონდათ და რამდენიმე დღეში წვეულების გამართვასაც აპირებდნენ. თუმცა, სამწუხაროდ, ახალგაზრდა მოდელი მოულოდნელად გარდაიცვალა.
მარიას გარდაცვალება როგორც გულშემატკივრებისთვის, ასევე კონკურსის ორგანიზატორებისთვის შოკისმომგვრელი იყო. „მის ეკვადორის" წარმომადგენლებმა ოფიციალური განცხადება გაავრცელეს:
"გვსურს, ღრმა მწუხარება გამოვხატოთ მისი ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიმართ. მარიას გარდაცვალება დიდი დანაკარგია არა მხოლოდ მისი ოჯახისთვის, არამედ ეკვადორის სილამაზის ინდუსტრიისათვისაც. მისი ხსოვნა ჩვენს გულებში სამუდამოდ დარჩება." - წერია განცხადებაში.
არგუელოს მეგობარმა, "მის ეკვადორის" გამარჯვებულმა მარია ტოპიკმა, ეს ამბავი განსაკუთრებით მძიმედ გადაიტანა. მან გოგონას სოციალურ ქსელში ემოციური სიტყვები მიუძღვნა:
"დღეს სამოთხემ კიდევ ერთი მშვენიერი სული მიიღო. ჩემი გული შენთანაა. მარია ყოველთვის ყველას უჭერდა მხარს და თავისი სიკეთით სხვების ცხოვრებას ანათებდა. ღმერთმა კიდევ ერთი ანგელოზი დაიბრუნა." - წერს გოგონა.
რა გახდა მარია არგუელოს უეცარი გარდაცვალების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.