მასწავლებლები 13 წლამდე მოსწავლეების ინტიმურ ფოტოებს ერთმანეთს დახურულ ჯგუფებში უზიარებდნენ: "იღებდნენ კადრებს, როცა გოგონები ტანსაცმელს იცვლიდნენ" - მშობლები

მასწავლებლები 13 წლამდე მოსწავლეების ინტიმურ ფოტოებს ერთმანეთს დახურულ ჯგუფებში უზიარებდნენ: "იღებდნენ კადრებს, როცა გოგონები ტანსაცმელს იცვლიდნენ"

2025-06-26 18:24:21+04:00

იაპონიაში მთელი საზოგადოება შეძრა პედაგოგების მიერ ჩადენილმა დანადაულმა..პოლიციამ ორი მასწავლებელი დააკავა არასრულწლოვან მოსწავლეებზე განხორციელებული სერიოზული დანაშაულის გამო. დაკავებულები არიან 42 წლის ნაგოიელი და 37 წლის იოკოჰამელი მასწავლებლები, რომლებიც სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლეებს ფარულად უღებდნენ ინტიმურ ფოტოებს და ვიდეოებს. გამოძიების მიხედვით, მასწავლებლები იღებდნენ არასრულწლოვანი გოგონების საცვლების ფოტოსურათებს, ე.წ. „upskirt“ კადრებს, ასევე ვიდეოებს, რომლებშიც მოსწავლეები ტანსაცმელს იცვლიან.

მასალების ნაწილი გადაღებულია უშუალოდ სასკოლო შენობებში. ეს ფოტოები და ვიდეოები შემდეგ იგზავნებოდა მასწავლებელთა დახურულ ჯგუფურ ჩათში, სადაც მონაწილეობდნენ იაპონიის სხვადასხვა სკოლების სხვა მასწავლებლებიც. ცნობილია, რომ აღნიშნულ ჩათში დაახლოებით 10-მდე ადამიანი იყო გაწევრიანებული. პოლიცია იძიებს არა მხოლოდ კონკრეტული პირების ქმედებებს, არამედ იმ ჯგუფის საქმიანობასაც, რომელშიც სავარაუდოდ სისტემურად ხდებოდა ბავშვთა პირადი სივრცის შელახვა და არაეთიკური მასალების გაზიარება.

გამოძიება მარტში დაიწყო, როცა ერთ-ერთი მასწავლებელი შეუფერებელი ქცევისთვის დააკავეს. მისი ტელეფონის ჩხრეკისას კი სამართალდამცავებმა აღმოაჩინეს ჯგუფური ჩათი, სადაც ინახებოდა ათეულობით ფოტო და ვიდეო არასრულწლოვანი გოგონების მონაწილეობით. მათ შორის იყო ასევე „დიფ ფეიქით“ დამზადებული მასალებიც — ეს ნიშნავს, რომ გოგონების სახეების ფოტოგრაფიული მონაცემებით იქმნებოდა ყალბი, ვიზუალურად რეალისტური, მაგრამ არარსებული კადრები. იაპონიის კანონმდებლობით, ასეთი ქმედებები წარმოადგენს ბავშვთა პორნოგრაფიის შექმნასა და გავრცელებას, რაც შეიძლება დაისაჯოს როგორც თავისუფლების აღკვეთით, ასევე სოლიდური ჯარიმებით.

ქვეყნის კანონები ამ მიმართულებით 2023 წელს გამკაცრდა — განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ბავშვების ინტიმური სივრცის დაცვაზე და ნებისმიერი არაეთიკური შინაარსის კონტროლზე. აღნიშნული საქმე არა მხოლოდ იურიდიული, არამედ სოციალური შოკიც აღმოჩნდა: მასწავლებლები, რომლებსაც ბავშვების განვითარება, დაცვა და აღზრდა ევალებათ, თავად იყვნენ იმ ძალადობის წყარო, რომლისგანაც მოსწავლეები უნდა დაეცვათ. სკოლა, რომელიც უსაფრთხოების სივრცედ უნდა აღიქმებოდეს, ამ შემთხვევამ ტრავმულ გარემოდ აქცია. მშობლები, საზოგადოება და განათლების სფეროს წარმომადგენლები მოითხოვენ გამჭვირვალე გამოძიებას, მკაცრ სასჯელს დამნაშავეთათვის და სისტემური რეფორმების გატარებას, რათა მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდეს.