თოდუას კლინიკის დიღმის ფილიალის ფსიქიატრ მარიამ ჭელიძის რჩევები - რა ხდება როდესაც ადამიანი ფიზიკურ ტკივილებს განიცდის , თუმცა მის უკან ფსიქოლოგიური ფაქტორები დგას - მშობლები

თოდუას კლინიკის დიღმის ფილიალის ფსიქიატრ მარიამ ჭელიძის რჩევები - რა ხდება როდესაც ადამიანი ფიზიკურ ტკივილებს განიცდის , თუმცა მის უკან ფსიქოლოგიური ფაქტორები დგას

2025-06-30 10:32:23+04:00
თანამედროვე პრაქტიკაში მენტალური ჯანმრთელობისმიმართულებით მომუშავე მედიკოსები სულ უფრო და უფრო ხშირად საუბრობენ გახშირებულ ჩივილზე, როდესაც ადამიანი ფიზიკურ ტკივილს განიცდის, თუმცა სამედიცინო დიაგნოსტიკა ამ ჩივილის შესაბამისს დიაგნოზს არ ადასტურებს. რა კავშირი აქვს სტრესს, ემოციურ მდგომარეობას და გადატანილ ფსიქოლოგიურ ტრავმებს სხეულის რეალურ სიმპტომებთან? ეს მედიცინაში სომატოფორმულ დიაგნოზს უკავშირდება. ფსიქიკურ მდგომარეობას, როდესაც ადამიანი განიცდის სიმპტომებს, თუმცა მათ უკან ფსიქოლოგიური ფაქტორები დგას.

როგორ გამოვიცნოთ, ვუმკურნალოთ და ვესაუბროთ ადამიანებს, რომელთაც „სხეულით“ სტკივათ ის, რაც ხშირად სულიერი მდგომარეობიდან მოდის- პროფესიულ გამოცდილებას თოდუას კლინიკის დიღმის ფილიალისფსიქიატრი, მარიამ ჭელიძეგვიზიარებს.

- რა არის სომატოფორმული აშლილობები და როგორ ვხვდებით, რომ საქმე ფსიქოლოგიურ, და არა ფიზიკურ მიზეზებთან გვაქვს?

- სომატოფორმული აშლილობებიწარმოადგენს ისეთი ფსიქიკური აშლილობების ჯგუფს, რის დროსაც ადამიანი განიცდის ფიზიკურ ჩივილებს (ტკივილს, დისკომფორტს, სისუსტეს, გულსისხლძარღვთა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ ჩივილებს), თუმცა ორგანული პათოლოგია არ აღინიშნება, ან ჩივილების სიმწვავე და ინტენსივობა არ არის საკმარისი კონკრეტული ფიზიკური დაავადების სადიაგნოსტიკოდ. ფიზიკური ჩივილები ნამდვილად არსებობს- ეს არ არის სიმულაცია, ან მოჩვენება, პაციენტი ნამდვილად გრძნობს ტკივილს ან დისკომფორტს. პაციენტი გადაჭარბებულად არის ფოკუსირებული სხეულებრივ შეგრძნებებზე, გამუდმებით ღელავს ჩივილების გამო და მრავალ სხვა და სხვა ექიმთან დადის, თუმცა ჩატარებული ლაბორატორიული თუ ინსტრუმენტული კვლევები პათოლოგიას არ ავლენს. შესაბამისად პაციენტის კითხვა, თუ რატომ აქვს გარკვეული დისკომფორტი, რჩება პასუხგაუცემელი, უქვეითდება გუნება-განწყობა, მატულობს შფოთვის დონე, რაც პირდაპირ აისახება მის პროდუქტიულობაზე, შრომისუნარიანობაზე, ურთიერთობებსა და ზოგადად-ცხოვრების ხარისხზე.

- როგორი სიმპტომები ახასიათებს ამ მდგომარეობას და რა ჩივილებით მიმართავენ პაციენტები ყველაზე ხშირად?

- ყველაზე გავრცელებული და ხშირად გამოთქმული ჩივილი პაციენტების მხრიდან , არის ტკივილი და ზოგადი დისკომფორტი- დაღლილობა, უენერგიობა, უძილობა, ან ჭარბი ძილი, შფოთვა იმის გამო, რომ ექიმებმა ვერაფერი უპოვეს, გამორჩათ, ან საკმარისი ყურადღება არ დაუთმეს. გამოვყოფთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ ჩივილებს: გულისცემის გახშირება, გულის ფრიალი, გულმკერდის არეში მოჭერის შეგრძნება, უჰაერობის განცდა, ასევე ნევროლოგიური ტიპის ჩივილებს: ქრონიკული თავის ტკივილი, თავბრუსხვევა ან გონების დაკარგვის შეგრძნება, სისუსტე კიდურებში ან დაბუჟება, კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ: მუცლის არეში აუხსნელი, მოვლითი ხასიათის ტკივილი, დისკომფორტი.

31-2-1751265029.jpg

- არსებობს თუ არა ტიპური დაავადებები, რომელთა შიში სომატოფორმული აშლილობის მქონე პაციენტებს განსაკუთრებით ახასიათებთ?

- ყველაზე მეტად გავრცელებულია კარდიოლოგიური დაავადების დამართნის შიში: გულის შეტევის, მიოკარდიუმის ინფარქტის, ასევე ინსულტის, ანევრიზმის და სხვა. ასევე ონკოლოგიური დაავადების: ქალებში- სარძევე ჯირკვლის, ხოლო მამაკაცების შემთხვევაში პროსტატის ან ნაწლავის სიმსივნის განვითარების შიში.

- სომატოფორმული აშლილობებს რამდენი სხვადასხვა ფორმა აქვს და როგორია მათი გამოვლინება?

სომატოფორმული აშლილობის რამდენიმე ფორმა არსებობს:
  • სომატიზაციური აშლილობა– მრავალფეროვანი ფიზიკური ჩივილებით, ზედმეტი ფოკუსით და შფოთვით.
  • ჰიპოქონდრია– აკვიატებული შიში, რომ პაციენტს მძიმე დაავადება აქვს, მიუხედავად უარყოფითი კვლევებისა.
  • კონვერსიული აშლილობა– სტრესის ფონზე შეიძლება განვითარდეს დროებითი პარალიზი, სიბრმავე და სხვა ნეიროლოგიური სიმპტომები.

- რომელია სომატოფორმული აშლილობების ყველაზე გავრცელებული ტიპი და როგორ ვლინდება ის ყოველდღიურ ცხოვრებაში?

- ყველაზე გავრცელებული ტიპი გახლავთ ჰიპოქონდრია, რომლის ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი ნიშანია ხშირი თვითდიაგნოსტიკა ინტერნეტით, ყველა სხეულებრივ შეგრძნებაზე აქცენტი, კვლევების სირი განმეორება, ექიმთა ცვლა და ამ მანკიერ წრეზე სიარული თვეობით.

155a4598-gascorebuli-1751265043.jpg

- რამდენად გავრცელებულია ეს აშლილობები საქართველოში და ვის უჩნდება რისკი – ასაკი, სქესი, სტრესი, გარემო ფაქტორები?

- საქართველოში სომატოფორმული აშლილობები საკმაოდ ფართოდ არის გავრცელებული. განსაკუთრებით ხშირია ახალგაზრდა, რეპროდუქციული ასაკის ქალებში, თუმცა მამაკაცებიც არ არიან გამონაკლისი. რისკფაქტორებს შორისაა სტრესი, სოციუმის ზეწოლა, მატერიალური სირთულეები და ოჯახის მხარდაუჭერლობა.

- რა იწვევს სომატოფორმულ აშლილობებს – ფსიქოლოგიური ტრავმა, ქრონიკული სტრესი, დეპრესია?

- სპეციფიკური გამომწვევი მიზეზის დასახელება რთულია. პრაქტიკა აჩვენებს, რომ ხშირად მრავალი ფაქტორი ერთდროულად მოქმედებს:

  • ტვინის ნეიროქიმიური დისბალანსი,
  • გენეტიკური მიდრეკილება,
  • ოჯახური დინამიკა,
  • ემოციური თუ ფიზიკური ტრავმა,
  • დამოკიდებულებები,
  • ქრონიკული ფიზიკური დაავადებები.

- როგორია სომატოფორმული აშლილობების მკურნალობის თანამედროვე მიდგომები – რა შედეგი მოაქვს ფსიქოთერაპიასა და მედიკამენტურ თერაპიას?

- აუცილებელია ფსიქიატრთან კონსულტაცია, რადგან ის არის კომპეტენტური სპეციალისტი, რომელიც წყვეტს, საჭიროა თუ არა მედიკამენტოზური ჩარევა და/ან ფსიქოთერაპია. ორივე მეთოდის შერწყმით მკურნალობა ეფექტურია და იძლევა გრძელვადიან შედეგს.

- რამდენად მნიშვნელოვანია ოჯახის წევრებისა და ახლობლების მხარდაჭერა სომატოფორმული აშლილობის მქონე ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაში?

- პრაქტიკა აჩვენებს რომ ძალიან ბევრი პაციენტის მდგომარეობა რთულდება ოჯახის წევრების მხრიდან გამოვლენილი უნდობლობის ნიადაგზე.

ჩივიან, რომ ოჯახის წევრებს მათი არ სჯერათ, ეუბნებიან, რომ ეჩვენებათ ან იგონებენ . ამ დროს მედიკოსის ჩართულობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ვინაიდან ექიმებმა ზუსტად ვიცით, რომ პაციენტი არ იტყუება და ისიც როგორ უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია ამა თუ იმ ეტაპის შესახებ . ჩვენი მოვალეობაა პაციენტს დავეხმაროთ შეძლონ, რომ სწორად აუხსნან ოჯახის წევრებს არსებული სიტუაცია, ასევე ოჯახის წევრებსაც უნდა განემარტოთ მათი როლის შესახებ. ეს პაციენტის ცხოვრებაში, მეტ თანაგრძნობას, გულშემატკივრობას, მდგომარეობის სერიოზულად აღქმას მოითხოვს . ფსიქიატრები არასდროს ვამბობთ, რომ რამე ეჩვენება პაციენტს. მისი განცდები სრულიად რეალურია. ამიტომაც, პრობლემის მოგვარება რომ დაიწყოს, აუცილებელია მისი მიმღებლობა.

- რა როლი აქვს ოჯახის ექიმს ან სხვა სპეციალისტებს – როგორ უნდა მოხდეს პაციენტის სწორად გადამისამართება ფსიქიატრთან?

- ძალიან ხშირად პაციენტები ქმნიან მანკიერ წრეს და სანამ ფსიქიატრამდე მივლენ, ეწვევიან ყველა სხვა დარგის სპეციალისტს- კარდიოლოგს, ნევროლოგს, გასტროენტეროლოგს და ა.შ. რაც ძალიან ცუდია, რადგან ფსიქიატრთან დროული ვიზიტის თავიდან არიდებით, იკარგება დრო და მდგომარეობა მწვავდება, შედეგად-მკურნალობის პროცესიც რთულდება. უმნიშვნელოვანესია სტიგმის მსხვრევა ფსიქიატრიასთან დაკავშირებით.ვინაიდან მიზანმიმართულად მხოლოდ მას შეუძლია მკურნალობის კურსის სწორად წარმართვა.

R