სად წავიყვანოთ ბავშვები დასასვენებლად - მთაში, ზღვაზე თუ სოფლად, რა პერიოდის განმავლობაში უნდა იყვნენ ისინი განსხვავებულ გარემოში, რომ სარგებელი მიიღონ და რა უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც შვილების საზაფხულო არდადეგებს ვგეგმავთ - აქტუალურ თემაზე გადაცემაში "დღის პოსტი" პედიატრი თამთა ივანაშვილი საუბრობს:
- ზაფხული ძალიან კარგი პერიოდია იმისათვის, რომ ბავშვებთან ერთად დავისვენოთ. დასვენება მხოლოდ დასვენება არ არის. ეს ბავშვთა ჯანმრთელობისა და განვითარების ხელშესაწყობად ძალიან კარგი დროა. თუ ჩვენ ამას ოჯახთან ერთად გავაკეთებთ, ეს კიდევ გაზრდის იმ სარგებელს, რაც შეიძლება, ზაფხულმა ბავშვებს მოუტანოს.
რაც შეეხება თემას, მთაში, ზღვაზე თუ სოფლად ჯობს ბავშვის წაყვანა - ნებისმიერ ადგილას, სადაც არ არის გამონაბოლქვი, სადაც მეტი მცენარეა, სადაც ნაკლები ეკრანია, ყველგან დასვენება მათთვის სასარგებლო იქნება. რა თქმა უნდა, უკეთესია, თუ მათ რამდენიმე ადგილს მოვუნაცვლებთ. ეს არა მარტო ჯანმრთელობისთვის, განვითარებაშიც მიეხმარება. დასვენება ძალიან ცალსახად მიგვაჩნია ხოლმე და მხოლოდ ჰაერის შეცვლად აღვიქვამთ. დასვენება მხოლოდ ჰაერის შეცვლა არ არის. ეს ძალიან ბევრი ახალი უნარის ჩამოყალიბებაა. ასევე, ოჯახის წევრების ერთად ყოფნაა, რაც ბავშვებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მათ ოჯახის წევრებთან ერთად ყოფნა ჟანგბადივით სჭირდებათ.
თავად მშობლები აღნიშნავენ ხოლმე, რომ ბავშვები სოფლად უკეთესად ვითარდებიან. თუნდაც ადრეული ასაკის ბავშვები ცხოველებს, ახალ გარემოს, ახალ მეგობრებს ეცნობიან, აღიქვამენ ბუნებას. ამიტომ, სარგებელი ათასმაგია. ყველგან წაყვანა მისასალმებელია, სადაც ნაკლები გამონაბოლქვი იქნება იმიტომ, რომ ბავშვები ძალიან ხშირად მთელი წლის განმავლობაში ჩაკეტილ სივრცეებში არიან და მშობლები ვერ ახერხებენ, თუნდაც თბილისიდან 2-3 საათით გარეთ გაყვანას. ამიტომ, ზაფხული იდეალური დროა ამისთვის. არ არის აუცილებელი, ეს ძვირად ღირებული კურორტი, მთა ან ზღვა იყოს. ყველგან, სადაც ნაკლები მანქანა და მეტი მცენარეა, ყველგან, სადაც ჯანსაღი საკვებია, ბავშვები ძალიან კარგად გრძნობენ თავს.
თუ მშობლები დაიცავენ ზღვაზე შვილების წაყვანასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს და ბავშვების ჯანმრთელობას გაუფრთხილდებიან, დაახლოებით, 1 წლის ასაკისთვის მათი ზღვაზე წაყვანა შეიძლება. თუმცა, მნიშვნელოვანია გარკვეული წესები დავიცვათ. ბავშვი ზღვის სანაპიროზე დილის 11 საათამდე და საღამოს 5 საათის შემდეგ უნდა გავიყვანოთ. ბავშვები სპეციალური ქოლგის ქვეშ უნდა იყვნენ. ღია ფერის ტანსაცმელი უნდა ეცვათ. სასურველია, სხეული მაქსიმალურად დაფარული ჰქონდეთ. ქუდი აუცილებელია. ასევე, წყალი, რომ დატენიანდნენ. თუ პატარებს გავუფრთხილდებით და რეკომენდაციებს დავიცავთ, რა თქმა უნდა, ისინი მშობლებმა შეიძლება, ყველგან წაიყვანონ. ერთადერთი რჩევაა, რომ პატარა ბავშვები, 0-დან 1 წლამდე, წავიყვანოთ იქ, სადაც სამედიცინო დაწესებულება ახლოსაა, რომ საჭიროების შემთხვევაში, შორს არ აღმოჩნდნენ.
ყველა დედასა და მამას აქვს უფლება, თავისი შვილი წაიყვანოს იქ, სადაც სურთ. მაგრამ, აუცილებლად ბავშვის უფლებები და უსაფრთხოება უნდა დაიცვან.
1 წლამდე ბავშვების წაყვანას მშობლებს ვურჩევდი ისეთ ადგილებში, სადაც მეტი ჟანგბადი, ნაკლები ადამიანი და ინფექციაა. თუმცა, თუ მათ ზღვაზე წაყვანა სურთ, წაიყვანონ და გაუფრთხილდნენ. ასევე, ასაკთან შესაბამისი მზისგან დამცავი კრემები გამოიყენონ. ჯობს, ბავშვებს ღია ფერის, ბამბის, მსუბუქი სამოსი ჩავაცვათ.
ბავშვთა ჯანმრთელობისა და განვითარების ერთ-ერთი პრინციპი ჰიგიენაა. კანის მდგომარეობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ბევრი ინფექცია კანიდან იჭრება. ამიტომ, ზღვაზე ყოფნის შემდეგ კანის სისუფთავეს, შხაპის მიღებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ასევე, ჯობს, 0-დან 3 წლამდე პატარებმა ონკანის წყალი არ დალიონ. თუ არ არის საშუალება, რომ შეიძინონ, შესაძლებელია, წყალი 20 წუთის მანძილზე გადადუღდეს და შემდეგ გამოვიყენოთ. ასევე, შეგვიძლია, წყალი გავყინოთ, შემდეგ გავადნოთ. ბოლო ყინულის კუბი უნდა გადავაგდოთ, რადგან მასშია დალექილი ის, რაც წყალში იყო. 3 წლამდე უმჯობესია, სუფთა, გაფილტრული წყალი მიიღონ.
არსებობს თანამედროვე, მწერებისაგან დამცავი სტიკერები, რომლებიც შეგიძლიათ, ბავშვს კანზე დააწებოთ. რაც შეეხება ელექტრო მოწყობილობებს, თუ მათ ხარისხში დარწმუნებულები არ ხართ, ამას ბავშვების ოთახში ნუ გამოიყენებთ. ამას ჯობს, ისევ ხალხური მეთოდები გამოვიყენოთ.
თუ ბავშვი მზეზე დაიწვა, აუცილებლად ბევრი წყალი დაალევინეთ. დანარჩენი ექიმმა უნდა გადაწყვიტოს. ყველა ასაკზე ერთნაირი საშუალებების გამოყენება არ შეიძლება. დღევანდელ დღეს ისიც მარტივია, რომ ექიმს თუნდაც სურათი გადაუგზავნოთ და ასე მიიღოთ რჩევა.
სასურველია, პატარებმა 1 თვე მაინც დაისვენონ, რომ მათი იმუნური სისტემა უფრო გაძლიერდეს. ბავშვები, რომლებიც ზაფხულში თუნდაც სოფლად, ზღვაზე დიდხანს ისვენებენ, ისინი ზამთარში ნაკლებად ავადობენ. ეს ნამდვილად დამტკიცებულია. შესაბამისად, რაც მეტ გარემოს გამოიცვლის ბავშვი უკეთესია. გარემოს გამოცვლა მათ იმუნურ სისტემაზე, ჯანმრთელობასა და განვითარებაზე მოქმედებს. ამიტომ, რაც მეტს შეძლებენ მშობლები, ამას მხოლოდ მივესალმებით. თუმცა, განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით.