ნაწლავის პროლაფსი - როგორ ვუმკურნალოთ დაავადებას, რომელიც ცხოვრების ხარისხს მნიშვნელოვნად აუარესებს - მშობლები

ნაწლავის პროლაფსი - როგორ ვუმკურნალოთ დაავადებას, რომელიც ცხოვრების ხარისხს მნიშვნელოვნად აუარესებს

2025-06-30 13:45:14+04:00

სწორი ნაწლავის დაავადებები საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. მათი უმეტესობა ქალებს აწუხებს და როგორც წესი, სხვადასხვა პრობლემის ან ასაკის თანმხლებია. მათ შორის ერთ-ერთია სწორი ნაწლავის პროლაფსი, რომელიც საკმაოდ რთული დაავადებაა და ცხოვრების ხარისხის მკვეთრ გაუარესებას იწვევს.

„ნიუ ჰოსპიტალსის“ პროქტოლოგი ლევან გულუა განმარტავს, რომ ნაწლავის პროლაფსს პათოლოგიური მდგომარეობის განვითარების შემდეგ ისეთი გართულებები ახასიათებს, როგორიცაა ტკივილი უკანა ტანის არეში, სისხლდენა, შეუკავებლობა, ყაბზობა ან ნაწლავის წყლულოვანი დაავადება. დაავადების, მისი მკურნალობისა და პრევენციის შესახებ ლევან გულუა დეტალურად გვესაუბრება.

- რა ძირითადი პროქტოლოგიური დაავადებები არსებობს და როგორია მათ შორის ნაწლავის პროლაფსის წილი?

- სწორი ნაწლავის ყველაზე ხშირი დაავადებებია ანალური ნაპრალი, ჰემოროიდული დაავადება, სწორი ნაწლავის პროლაფსი საკმაოდ იშვიათი დაავადებაა და უმეტესწილად ქალებში გვხვდება.

- რა ტიპის დაავადებაა ნაწლავის პროლაფსი? რამდენად ახდენს ის გავლენას ადამიანის ცხოვრების ხარისხზე? იწვევს თუ არა გარკვეულ შეზღუდვებს?

- სწორი ნაწლავის პროლაფსი საკმაოდ რთული დაავადებაა, რომელიც ნამდვილად იწვევს ცხოვრების ხარისხის მკვეთრ გაუარესებას. პათოლოგიური მდგომარეობის განვითარების შემდეგ აქვს ისეთი გართულებები, როგორიცაა: ტკივილი უკანა ტანის არეში, სისხლდენა, შეუკავებლობა, ყაბზობა ან ნაწლავის წყლულოვანი დაავადება.ზემოთ ჩამოთვლილი გართულებები დამოკიდებულია პროლაფსის ხარისხსა და სახეობაზე. არსებობს სწორი ნაწლავის სრული პროლაფსი, როდესაც ანალურ სფინქტერში ჩამოდის სწორი ნაწლავის კედლის ყველა შრე. ასევე არსებობს შიდა პროლაფსი, როდესაც ანალურ სფინქტერში ვიზუალურად არაფერი ჩამოდის, თუმცა დაავადება, როგორც პათოლოგია, განვითარებულია და ნაწლავის კედლის მოდუნებით გამოიხატება.

- ნაწლავის პროლაფსი რამდენად გავრცელებული დაავადებაა მსოფლიოსა და საქართველოში?

- საკმაოდ იშვიათი დაავადებაა და დამოკიდებულია ცხოვრების ფაქტორსა და ბევრ სხვა პათოლოგიაზე. შემთხვევათა 75-80% ქალებში გვხვდება.

- რა არის ნაწლავის პროლაფსის გამომწვევი მიზეზები?

- ამ პათოლოგიის გამომწვევი კონკრეტული მიზეზი არ არსებობს. თუმცა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შემთხვევათა 50 პროცენტში გვხვდება ხშირი ჭინთვები დეფეკაციის დროს და შეკრულობა. სხვა მიზეზს შორის გვხვდება ორსულობა, გადატანილი ქირურგიული ჩარევები, დიარეა, პროსტატის ჰიპერტროფია, ფილტვის ქრონიკული ობსტუქციული დაავადება, მცირე მენჯის დისფუნქცია, ნევროლოგიური დარღვევები, მენჯის ტრავმები და სხვა.

- რა სიმპტომებით ვლინდება ნაწლავის პროლაფსი?

- დაავადების პირველ ეტაპზე პაციენტები, როგორც წესი, უჩივიან მოცულობითი წარმონაქმნის არსებობას უკანა ტანის არეში დეფეკაციის დროს. ეს შეგრძნება ქრება ფეხზე ადგომის ან დაწოლის დროს. დაავადების პროგრესირებასთან ერთად შესაძლებელი ჩივილი გამოიხატოს არა მარტო დეფეკაციის, არამედ ხველის და მკვეთრი მოძრაობის დროსაც. ეს ეხება ტკივილს უკანა ტანის არეში და სისხლდენას. ძალიან შორს წასული ფორმის შემთხვევაში მოცულობითი წარმონაქმნის შეგრძნება ხდება მუდმივი. სწორედ ეს გახლავთ გამოვარდნილი სწორი ნაწლავი და და პაციენტს ხშირად მისი ხელით გასწორება უწევს.

- როგორ განსხვავდება სწორი ნაწლავის პროლაფსი სხვა ანალური ან რექტალური პრობლემებისგან, მაგალითად, ჰემოროიდისგან?

- ჰემოროიდული დაავადების დროს ხშირად აღინიშნება პატარა ზომის წარმონაქმნები ანალური არხის სხვადასხვა სეგმენტში, სისხლდენა დეფეკაციის დროს, ტკივილი, ქავილი. პროლაფსს ზემოთ აღნიშნული ჩივილები არ ახასიათებს. მისთვის დამახასიათებელია მხოლოდ ზეწოლის ან წარმონაქმნის არსებობის შეგრძნება უკანა ტანში.

- ვინ არიან დაავადების განვითარების რისკჯგუფში? არის თუ არა ის ხანდაზმულთა დაავადება?

- ასაკოვან ადამიანებში ბევრად უფრო მაღალია დაავადების განვითარების რისკი, რადგან ამ დროს მენჯის კუნთების სისუსტე ვითარდება. რისჯგუფში არიან ნამშობიარები ქალები და ადამიანები, რომელთაც ფილტვის დაავადებები, ქრონიკული ხველა და ასევე, ყაბზობა აწუხებთ.

- რომელი რისკფაქტორები ზრდის დაავადების გაჩენის რიკს?

- დაავადების განვითარება უფრო მეტად შესაძლებელია მცირე მენჯზე ჩატარებული ოპერაციების შემდეგ. მისი განვითარების რისკს ზრდის კუნთოვანი სისუსტეც.

- რამდენად სწრაფად პროგრესირებს დაავადება?

- თუ პაციენტს აწუხებს ზეწოლის შეგრძნება უკანა ტანის არეში, დისკომფორტი, უცხო სხეულის შეგრძნება, სისხლდენა, მან აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს. დაავადება განვითარების შემდგომ შესაძლებელია სწრაფად პროგრესირდეს.ამიტომ დროული მიმართვიანობა აუცილებელია.

- როგორ ხდება დაავადების დიაგნოსტირება?

- კონსულტაციაზე მისული პაციენტს ექიმი ვიზუალურად სინჯავს. საჭიროებისამებრ ტარდება შემდეგი კვლევები: კოლონოსკოპია და რექტოსკოპია ბარიუმით.

- „ნიუ ჰოსპიტალსში“ მკურნალობის რა გზებს სთავაზობთ პაციენტებს?

- დაავადების მკურნალობა მხოლოდ ქირურგიულ ჩარევას გულისხმობს.

- რამდენად რთულია ქირურგიული ჩარევა? როგორ ხდება პაციენტის მომზადება?

- ქირურგიული ჩარევა 2 სახის მიდგომით ხორციელდება. ეს გახლავთ პლასტიკა მუცლის მხრიდან ან რექტალურად. ის ყოველთვის განისაზღვრება დაავადების ხარისხისა და პაციენტის ზოგადი მდგომარეობის გათვალისწინებით.

- როგორია რეაბილიტაციის პროცესი? რეაბილიტაციის შემდეგ პაციენტს რჩება თუ არა შეზღუდვები?

- რეაბილიტაციის პროცესი დამოკიდებულია ჩარევის სახეობაზე. ის 1 თვემდე პერიოდს მოიცავს. სრული რეაბილიტაცია კი ითვალისწინებს ხანგრძლივ დიეტას, ფიზიკური აქტივობის შეზღუდვასა და სწორ კვებას.

- დაავადებას ახასიათებს თუ არა რეციდივი?

- დაავადება შეიძლება განმეორდეს, თუ პაციენტი ექიმის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს არ დაიცავს.

- შესაძლებელია თუ არა პროლაფსის პრევენცია?

შესაძლებელია რისკების მინიმალიზაცია ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვით, კვების მოწესრიგებით, ვარჯიშით, კუნთოვანი სისტემის ტონუსის შენარჩუნებით.

R