აკადემიური ცოდნის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება და მსოფლიო მოქალაქედ ჩამოყალიბების ხელშეწყობა - ეს ის ძირითადი საკითხებია, რასაც გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა სტუდენტებს სთავაზობს. რეალურად კი სარგებელი, რომელსაც სტუდენტები სხვა ქვეყანაში სწავლისგან იღებენ, ბევრად უფრო მასშტაბურია და ხშირად ეს პერიოდი მთელ მათ მომავალ კარიერასა და ცხოვრებას განსაზღვრავს. ახალგაზრდები, რომლებიც ჯერ კიდევ მსოფლმხედველობის ჩამოყალიბების პროცესში არიან, ცხოვრობენ და სწავლობენ უცხო კულტურულ გარემოში, რაც მათ განსხვავებული ღირებულებების, ტრადიციებისა და ცხოვრების სტილის გაგებაში ეხმარება. უცხო გარემოში ცხოვრება ხელს უწყობს დამოუკიდებლობის, პასუხისმგებლობისა და პრობლემების გადაჭრის უნარის განვითარებას. სტუდენტებს სრულად უცხო ენაზე უწევთ სწავლა და კომუნიკაცია, რაც ენობრივი უნარების პრაქტიკულად გარემოში გაუმჯობესებას განაპირობებს. მეორე მხრივ, გაცვლით პროგრამებში ჩართული უნივერსიტეტები სტუდენტებს ხშირად სთავაზობენ უნიკალურ კურსებს, ლაბორატორიებსა და კვლევით შესაძლებლობებს, რაც მათ სამშობლოში განსხვავდებოდა. და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, საერთაშორისო გამოცდილება რეზიუმეში დამსაქმებლებს აჩვენებს, რომ კანდიდატი მოქნილია, მარტივად შეუძლია უცხო გარემოს და გამოწვევებთან ადაპტირება, უყვარს სიახლეები და მრავალფეროვნება.
ნინო კურტანიძე, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მეორეკურსელია, ერთ-ერთია იმ სტუდენტებს შორის, რომლებმაც გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის გადაწყვეტილება ადრეულ ასაკში მიიღეს და უნივერსიტეტის დახმარებით მიზანსაც მიაღწია. ნინო გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას, თუ რაში და როგორ დაეხმარა ლუბლინში სწავლა და სხვა სტუდენტებს გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის შესახებ რჩევებსაც აძლევს.
საინფორმაციო ტექნოლოგიებით ჯერ კიდევ ბავშვობიდან დავინტერესდი, როდესაც საკუთარი ინტერესების აღმოჩენას ვცდილობდი. განსაკუთრებით იმ ფაქტმა მიიპყრო ჩემი ყურადღება, თუ როგორ შეუძლია ტექნოლოგიებს რეალური პრობლემების გადაჭრა. ჩემი მიზანი იყო ისეთი პროფესიის არჩევა, რომელიც მუდმივად ვითარდება და საზოგადოების განვითარების კონკრეტულ პროცესებზე ზემოქმედებს. სწორედ ამ მიზეზით ავირჩიე IT და შემდეგ უკვე BTU. BTU-ს საბაკალავრო პროგრამა დავინახე, როგორც სივრცე, სადაც ტექნოლოგიური ცოდნა მხოლოდ თეორიით არ შემოიფარგლება და სტუდენტებს საშუალებას აძლევს, თავიანთი ცოდნა პრაქტიკაშიც გამოცადონ. პროგრამა თანამედროვეა, მორგებულია ბაზრის მოთხოვნებზე და რაც მთავარია, ძალიან მდიდარია საერთაშორისო კავშირებით, რაც სტუდენტს მრავალმხრივი განვითარების საშუალებას აძლევს.
პროგრამამ ჩემი იმედები გაამართლა. განსაკუთრებულად მომწონს ლექტორების პროფესიონალიზმი და მიდგომა. ისინი თავადაც ტექნოლოგიურ სფეროში მოღვაწე ადამიანები არიან და გვიზიარებენ არა მხოლოდ თეორიულ, არამედ პრაქტიკულ გამოცდილებას. ამასთან, BTU მუდმივად ცდილობს სტუდენტები ჩართოს სხვადასხვა ტექნოლოგიურ კონკურსებში, ჰაკათონებსა და საერთაშორისო პროექტებში, რაც ამ პროგრამას აშკარად გამოარჩევს სხვა უნივერსიტეტებისგან.
გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად საჭირო იყო მაღალი აკადემიური მოსწრება, ინგლისური ენის ცოდნა, სამოტივაციო წერილი და რა თქმა უნდა, გასაუბრება. BTU-ს ამ პროცესში დიდი წვლილი მიუძღვის, არა მხოლოდ ინფორმაციის მიწოდების კუთხით, არამედ თითოეული ეტაპის ორგანიზებითაც. განაცხადის შევსებიდან მოყოლებული საბოლოო შედეგამდე უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ყველანაირად მხარს მიჭერდა, რაც მიხსნიდა სტრესს და მთელ პროცესს უფრო მარტივსა და სასიამოვნოს ხდიდა.
გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა საკმაოდ გამჭვირვალე და ორგანიზებული პროცესია. სტუდენტებს რეგულარულად მიეწოდებათ ინფორმაცია Erasmus+ და სხვა პროექტების შესახებ, რის შემდეგაც იწყება აპლიკაციის ეტაპი — საჭირო დოკუმენტების შეგროვება, აკადემიური მოსწრებისა და უცხო ენების ცოდნის დადასტურება. ეს ძირითადი პირობებია, რომლებსაც სტუდენტი უნდა აკმაყოფილებდეს. საბოლოო ეტაპზე ტარდება გასაუბრება, რაც პროგრამაში შერჩევის ერთ-ერთი გადამწყვეტი ეტაპია.
რაც შეეხება დაფინანსებას, Erasmus+ პროგრამა სთავაზობს სტუდენტებს როგორც ნაწილობრივ, ისე სრულ დაფინანსებას. სრული დაფინანსების შემთხვევაში, სტუდენტს უნაზღაურდება მგზავრობის ხარჯები, ეძლევა ყოველთვიური სტიპენდია, რომელიც ცხოვრების ძირითადი ხარჯების დასაფარად არის გათვლილი. ასევე, სრულად იფარება სწავლის საფასური პარტნიორ უნივერსიტეტში. დაფინანსების მოცულობა დამოკიდებულია მასპინძელი ქვეყნის ეკონომიკურ სტანდარტებზე და კონკრეტული პარტნიორი უნივერსიტეტის პოლიტიკაზე.
პროგრამა ნამდვილად უნიკალური შესაძლებლობაა, რომელიც სტუდენტებს არა მხოლოდ აკადემიური, არამედ კულტურული თვალსაზრისითაც უზარმაზარ გამოცდილებას აძლევს.
ჩემთვის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა იყო არა მხოლოდ აკადემიური გამოწვევა, არამედ პიროვნული განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპიც. მინდოდა საკუთარი თვალით მენახა, როგორ ფუნქციონირებს საგანმანათლებლო სისტემა უცხო ქვეყანაში, როგორ ინტეგრირდება თანამედროვე ტექნოლოგიები სწავლების პროცესში და როგორია სტუდენტური გარემო განსხვავებულ კულტურულ კონტექსტში. ერთ-ერთი ყველაზე ღირებული, რაც ამ პროგრამამ მომცა, არის მულტიკულტურული გამოცდილება — ყოველდღიური ურთიერთობა სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებთან, მათი კულტურის, ხედვებისა და ფასეულობების შეცნობა. ამ ყველაფერმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ჩემი კომუნიკაციის უნარები და მასწავლა დამოუკიდებლად ცხოვრება უცხო გარემოში. ვფიქრობ, საერთაშორისო გამოცდილება დღეს უმნიშვნელოვანესია, რადგან გეხმარება, გახდე მოქნილი, ადაპტირებადი და უფრო ღია ახალ გამოწვევებთან მიმართებით.
ლუბლინში სწავლის პროცესმა ჩემი პროფესიული განვითარება ახალი კუთხით დამანახა. საგნების დიდი ნაწილი პრაქტიკაზე იყო ორიენტირებული, რაც სწავლას უფრო მიზანმიმართულს ხდიდა. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო საგანი, რომელსაც გავდიოდი, იყო „ხელოვნური ინტელექტის საფუძვლები“.
ამ კურსის ფარგლებში ვიმუშავეთ პროექტზე, სადაც Roboflow-ის პლატფორმის გამოყენებით შევქმენით object recognition სისტემა — პროგრამა, რომელსაც შეუძლია გამოსახულებაზე კონკრეტული ობიექტების ამოცნობა. შევაგროვეთ მონაცემთა ნაკრები, დავატრენინგეთ მოდელი და საბოლოოდ მივიღეთ სისტემა, რომელიც უკვე ვიზუალურ მასალაზე ამოიცნობდა ობიექტებს.
ეს იყო ჩემი პირველი რეალური შეხება AI-ის პრაქტიკულ გამოყენებასთან და მკაფიოდ დავინახე, რამდენად დიდ პოტენციალს გულისხმობს ეს ტექნოლოგია. მიღებული გამოცდილება აუცილებლად გამომადგება, როგორც მომავალი სტუდენტური პროექტების განხორციელებისას, ასევე პროფესიულ საქმიანობაში. ეს შეიძლება იყოს პროდუქტების განვითარება, მონაცემებზე მუშაობა თუ ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა.
გულწრფელად ვურჩევ თითოეულ სტუდენტს, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა. გაცვლითი პროგრამა გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ აკადემიური გამოცდილება. ეს არის საშუალება, რომელიც გაძლევს სამყაროს სხვა კუთხიდან დანახვისა და საკუთარი თავის შეცნობის შესაძლებლობას. სწავლა უცხო ქვეყანაში გაძლევს საშუალებას, იყო დამოუკიდებელი, გადალახო სირთულეები საკუთარი ძალებით და შეიძინო უნარები, როგორიცაა კულტურული ადაპტაცია და მრავალფეროვან გარემოში ეფექტური კომუნიკაცია.
ჩემი მთავარი რჩევაა, რომ არ შეუშინდეთ გამოწვევებს. ფიქრი იმაზე, რაც შესაძლოა ვერ გამოგივიდეს, მხოლოდ წინსვლის სურვილს აბრკოლებს. ბევრად მნიშვნელოვანია იმაზე ფოკუსირება, თუ რას მოიპოვებ ამ გამოცდილებით.
რა თქმა უნდა, საჭიროა ენების ცოდნა, დროის ეფექტური მართვა და მზადყოფნა სწრაფი ადაპტაციისთვის, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც თავდაჯერებულობა და ღიაობაა ახალი გარემოსა და შესაძლებლობების მიმართ.
ვფიქრობ, უცხოეთში მიღებული ცოდნის საქართველოში გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი ქვეყნის IT სექტორი სწრაფად ვითარდება, მაგრამ კიდევ უფრო მეტი პოტენციალი აქვს, თუ მას თანამედროვე ტექნოლოგიური ხედვები დაემატება. უცხოეთში სწავლისას ხედავ, როგორ მუშაობს თანამედროვე სისტემა და როგორ არის ტექნოლოგია ინტეგრირებული ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს კი საქართველოში ახალი ხედვების შემოტანაში დაგვეხმარება. მჯერა, რომ ახალგაზრდების დაბრუნება ასეთი ცოდნით ქვეყნის განვითარებისთვის დიდი ღირებულებაა, რადგან ეს ყოველივე აძლიერებს ტექნოლოგიურ ეკოსისტემას.
R