7 წესი საბჭოთა ეპოქიდან, რომლებიც წინსვლაში დღემდე გვიშლის ხელს და თავისუფლად ცხოვრების საშუალებას არ გვაძლევს - მშობლები

7 წესი საბჭოთა ეპოქიდან, რომლებიც წინსვლაში დღემდე გვიშლის ხელს და თავისუფლად ცხოვრების საშუალებას არ გვაძლევს

2025-07-01 10:42:54+04:00

დრო გადის, ეპოქები იცვლება, თუმცა ზოგიერთი დამოკიდებულება იმდენად ღრმადაა გამჯდარი, რომ ვერ ვაცნობიერებთ, როგორ აფერხებს ჩვენს ყოველდღიურობას. საბჭოთა კავშირის დროს ჩამოყალიბებული შეხედულებები დღემდე ბევრ ადამიანს აბრკოლებს, უამრავ კომპლექსს ახსენებს... მეტიც, ხშირად ეს დამოკიდებულება აღიარების, პიროვნული ზრდისა და ბედნიერი მომენტების აღსაქმელად ბარიერად გადაიქცევა. აღსანიშნავია ისიც, რომ მსგავს მიდგომებს მშობლები შვილებთან კვლავ იყენებენ და სრულიად გაუცნობიერებლად მათ თვითშეფასებასა და თავდაჯერებულობაზე ნეგატიურ კვალს სამუდამოდ ტოვებენ:

1. შეცდომა დაუშვებელია

1-1751352529.jpg

საბჭოთა გარემოში შეცდომა მარცხად ითვლებოდა. მეოცე საუკუნეში კანონმორჩილი მოქალაქეები ყველანაირად ცდილობდნენ, სახელმწიფოს მიერ დადგენილი ჩარჩოები და წესები დაეცვათ. ბავშვს ბაღიდანვე ასწავლიდნენ, რომ უნდა ყოფილიყო უშეცდომო, იდეალური. შედეგად, ადამიანებს ახალი გამოწვევების მიმართ შიში უჩნდებოდათ – ეშინოდათ შეცდომის, კრიტიკის, სირცხვილის... მოსალოდნელი მარცხისა და სირცხვილის გამო, ბევრი ინიციატივების, საკუთარი პოტენციალის გამოხატვას სრულად წყვეტდა. ეს მიდგომა სკოლაში, უმაღლეს სასწავლებლებში, სამსახურებშიც გრძელდებოდა და ადამიანებს წარმატებისკენ მიმავალ გზაზე სერიოზულად აბრკოლებდა. შენიშვნა პირდაპირ ქუჩაში, პარტიულ შეკრებებზე, სკოლაში ხმამაღლა და მოურიდებლად შეიძლება, მიეცათ, რაც განსაკუთრებით მტკივნეული ბავშვებისა და მოზარდებისათვის იყო. ამის გამო ბევრი საკუთარ თავში იკეტებოდა და სამუდამოდ იჯერებდა, რომ არაფერი გამოუვიდოდა.

2. მუდმივი შედარება

2-1751352542.jpg

საბჭოთა კავშირში ბავშვების ერთმანეთთან შედარება განსაკუთრებით უყვარდათ. ეს მიდგომა, სამწუხაროდ, დღემდე გამოიყენება და მშობლები ვერ აცნობიერებენ, რომ შვილებს ძალიან დიდ ტკივილს აყენებენ. "ნახე, მეზობლის შვილმა როგორ იყოჩაღა", "შენ ვის ჰგავხარ ასეთი", "ნატა რა კარგი მოსწავლეა, შენ რატომ არ გამოგდის არაფერი?" , "მარიამი მაკიაჟს რომ იკეთებს, რა ლამაზად გამოიყურება, შენ კიდევ ფერმკრთალი ზიხარ..." – ასეთ ფრაზებს, ალბათ, ხშირად ვისმენდით. ეს დამოკიდებულება ადამიანის თვითშეფასებას სამუდამოდ ანგრევს და უამრავ კომპლექსს აყალიბებს. სამწუხარო ისაა, რომ ის ადამიანები, რომლებსაც მშობლები ბავშვობაში მსგავს ფრაზებს ეუბნებოდნენ, დღეს იმავეს თავიანთ შვილებთან იყენებენ.

3. ფულის სიყვარული ეგოისტობაა

საბჭოთა აზროვნებაში ფულის სიყვარული ეგოისტობად ითვლებოდა. თუ ფინანსური კეთილდღეობა უნდოდა ადამიანს, მასზე ამბობდნენ, რომ მატერიალისტი, ეგოისტი და ხარბია. წარმატება თითქოს მხოლოდ სულიერებაში უნდა გამოხატულიყო. ამის გამო ამბიციური მიზნების განხორციელებისაგან ბევრი ადამიანი დღესაც თავს იკავებს. თითქოს, რცხვენიათ იმის გამოხატვის, რომ ფული უნდათ. საბედნიეროდ, უმეტეს შემთხვევაში, თანამედროვე საზოგადოებაში ცნობიერება შეცვლილია და დღეს ახალგაზრდები ყველანაირად ცდილობენ, თუნდაც ნახევარ განაკვეთზე, იმუშაონ და საკუთარი თანხა გამოიმუშაონ.

4. თავის შექება სირცხვილია

4-1751352558.jpg

საბჭოთა საზოგადოებაში ქების ნაცვლად ბავშვი მუდმივად კრიტიკას ისმენდა, რადგანაც მშობლებს სჯეროდათ, რომ თუ შვილს შეაქებდნენ, ამით ქედმაღლობას გამოხატავდნენ. ეს მიდგომა მოტივაციას კი არ ზრდიდა, არამედ სამუდამოდ ანგრევდა. სამწუხაროდ, მშობლებს დღემდე აქვთ ჩვევა, რომ თავიანთი შვილი არ შეაქონ და მხოლოდ შეცდომები აღნიშნონ. შექებას ეგოიზმის გამოვლინებად მიიჩნევენ და შვილის წარმატებების საჯაროდ აღიარების რცხვენიათ.

5. სხვის მხარეს ყოფნა

5-1751352569.jpg

სამწუხაროდ, საბჭოთა პერიოდში ბევრი მშობელი მხარს შვილს კი არა, მეორე მხარეს უჭერდა. უპირობოდ ამბობდნენ, რომ რაიმე დანაშაული, კამათი მათი შვილის ბრალი იქნებოდა... საჯაროდ აძლევდნენ შენიშვნას, ბავშვებს არ უსმენდნენ და მათ აზრს არ ითვალისწინებდნენ. ამით ცდილობდნენ, "ეგოისტი მშობლის" სტატუსისაგან თავი დაეცვათ. ბავშვისთვის ის, რომ მშობლებს მისი არ სჯეროდათ და არ უსმენდნენ, სამუდამო ტრავმად რჩებოდა.

6. უფროსი ყოველთვის მართალია

საბჭოთა კავშირში კიდევ ერთი წესი არსებობდა - უფროსი ყოველთვის მართალია და წერტილი... ძალიან ცოტა თუ ახერხებდა, უფროსთან შეპასუხებას, სულ რომ მათი აზრი აბსურდული და არასწორი ყოფილიყო. სკოლაში, ტრანსპორტში, სამსახურში უფროსებთან შეკამათება ძალიან ცუდ ტონად ითვლებოდა. ამიტომ, ახალგაზრდებს თავიანთი სურვილებისა და აზრების ჩახშობა და უსიტყვო მორჩილება უწევდათ. მსგავსი რამ დღესაც ხდება. განსაკუთრებით უფროსი თაობის წარმომადგენლები თვლიან, რომ ახალგაზრდებმა ყველაფერი ისე უნდა გააკეთონ, როგორც თავად მიაჩნიათ სწორად.

7. სხვა რას იტყვის?

7-1751352595.jpg

"ხალხი რას იტყვის?" - ფრაზა, რომელიც არა მხოლოდ საბჭოთა პერიოდში, დღემდე ძალიან აქტუალურია და ადამიანებს აიძულებს, თავიანთი ბედნიერება მეორეხარისხოვნად აღიქვან და პირველ რიგში, იფიქრონ იმაზე, თუ რას იფიქრებს ხალხი... ამის გამო, ადამიანები დღემდე თავიანთ სურვილებს უგულებელყოფენ და ბევრი ისე ატარებს მთელ ცხოვრებას, რომ "ხალხის შიშით" დამოუკიდებლად, საკუთარ ინტერესებზე მორგებულ გადაწყვეტილებებს ვერ იღებს.