10 საკულტო საქორწილო კაბა, რომლებიც მოდის ისტორიაში სამუდამოდ შევიდა - მშობლები

10 საკულტო საქორწილო კაბა, რომლებიც მოდის ისტორიაში სამუდამოდ შევიდა

2025-07-01 12:12:38+04:00

ყველა გოგონას სურს, ქორწილში გამორჩეულად გამოიყურებოდეს. საქორწილო კაბა კი ცერემონიის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი დეტალია. გამონაკლისი არც ცნობილი ადამიანების შემთხვევაშია. სამეფო ოჯახის წევრები, მსახიობები, საჯარო პირები საქორწილო კაბას განსაკუთრებული ყურადღებით არჩევენ და ხშირად დიზაინერები, ცნობილი მოდის სახლები სასურველი ვერსიის შექმნაზე უამრავ საათსა და დიდ ძალისხმევას ხარჯავენ.

დღეს გაჩვენებთ საკულტო საქორწილო კაბებს, რომლებიც მოდის ისტორიაში სამუდამოდ შევიდა და ამავდროულად, დღემდე ბევრი გოგონასთვის ინსპირაციაა:

გრეის კელის საქორწილო კაბა

1-1751357783.jpg

გრეის კელის საქორწილო კაბა ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე ელეგანტურ და დასამახსოვრებელ საქორწილო ლუქად ითვლება. მაქმანებიანი, უამრავი მარგალიტით გაფორმებული კაბა დიზაინერმა ჰელენ როუზმა შექმნა და მსახიობს ჰოლივუდურმა სტუდიამ, MGM-მა აჩუქა. მის დამზადებას 270 მეტრზე მეტი ქსოვილი, 30 მკერავი და ექვსი კვირა დასჭირდა.

ჟაკლინ კენედის საქორწილო კაბა

2-1751357792.jpg

ცნობილი საქორწილო კაბა, რომელიც ისტორიაში ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად შევიდა, შესაძლოა, საერთოდ გამქრალიყო... საქმე ისაა, რომ 10 დღით ადრე, სტუდია, სადაც კაბა ინახებოდა, დაიტბორა. საქორწილო კაბა კი მნიშვნელოვნად დაზიანდა. უმოკლეს დროში აფროამერიკელმა მოდის დიზაინერმა ენ ლოუმ და მისმა მკერავებმა ჟაკლინის კაბა ხელახლა შეკერეს და პატარძალს მომხდარის შესახებ არაფერი უთხრეს. ლოუმ ყველა ხარჯი თავად დაფარა. ფაქტის შემსხებ მხოლოდ ცერემონიის შემდეგ გასაჯაროვდა.

პრინცესა დიანას საქორწილო კაბა

3-1751357804.jpg

პრინცესა დიანას საქორწილო კაბა დევიდ და ელიზაბეტ ემანუელებმა შექმნეს. დეტალები მკაცრად გასაიდუმლოებული იყო, რადგანაც სამეფო ოჯახს არ სურდა, პრესაში ეს თემა წინასწარ განეხილათ. სპილოსძვლისფერი, ულამაზესი მაქმანებიანი კაბა, ხელით ნაქარგ დეტალებსა და 10 000 მარგალიტს აერთიანებდა. კაბას სამეფო ქორწილების ისტორიაში ყველაზე გრძელი შლეიფი ჰქონდა. მისი სიგრძე 7.6 მეტრი იყო.

ოდრი ჰეპბერნის საქორწილო კაბა

4-1751357814.jpg

პირველი ქორწილისთვის ცნობილმა მსახიობმა ოდრი ჰეპბერნმა Pierre Balmain-ის საშუალო სიგრძის საქორწილო კაბა შეარჩია საყელოთი, მოკლე სახელოებითა და ატლასის ქამრით. მან ლუქი ყვავილების გვირგვინითა და ხელთათმანებით დაასრულა. ოდრი ჰეპბერნის ელეგანტური კაბა დღემდე ბევრი გოგონასთვის შთაგონებაა.

ელიზაბეტ ტეილორის საქორწილო კაბა

5-1751357827.jpg

ელიზაბეტ ტეილორი რვაჯერ იყო დაქორწინებული და მისი ყველა საქორწილო კაბა მოდის ისტორიაში შევიდა. მსახიობის პირველი საქორწილო კაბა გრეის კელის საქორწილო კაბის დიზაინერმა, ჰელენ როუზმა შექმნა. ტეილორის კაბა 15-მა ადამიანმა სამი თვის განმავლობაში შეკერა. 2013 წელს კაბა აუქციონზე თითქმის 188 000 დოლარად გაიყიდა.

პრისცილა პრესლის საქორწილო კაბა

6-1751357839.jpg

თავისუფალი სტილის საქორწილო კაბა, რომელიც პრისცილა პრესლიმ მოირგო, ასევე მოდის ისტორიაში შევიდა. ორგანზას კაბა მძივებიანი სახელოებით იყო გაფორმებული და შესანიშნავად გამოიყურებოდა. კაბას ასევე, ულამაზესი ფატა ამშვენებდა.

სელინ დიონის საქორწილო კაბა

7-1751357851.jpg

სელინ დიონის ულამაზესი კაბის განსაკუთრებით დასამახსოვრებელი დეტალები მდიდრული თავსაბურავი და ფატა იყო. ეს ცნობილი ადამიანების საქორწილო კაბებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზ და ძვირად ღირებული კაბაა. მომღერალს მხოლოდ ქსოვილი 25 000 დოლარზე მეტი დაუჯდა.

ქეით მიდლტონის საქორწილო კაბა

8-1751357862.jpg

ქეით მიდლტონმა ქორწილში Alexander McQueen-ის მოდის სახლის ულამაზესი საქორწილო კაბა ჩაიცვა. კაბა გამჭვირვალე მაქმანებიანი სახელოებითა და დიდი შლეიფით ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ საქორწილო კოსტიუმად იქცა. მისი დიზაინერი სარა ბერტონია. დღემდე ქეით მიდლტონის კაბის იდეა მთელ მსოფლიოში პატარძლების მიერ ყველაზე ხშირად კოპირებულ ვერსიად ითვლება.

პიპა მიდლტონის საქორწილო კაბა

9-1751357871.jpg

პიპა მიდლტონის საქორწილო კაბა ბრიტანელმა დიზაინერმა, ჯაილს დიკონმა შეკერა. მოკლესახელოიან კაბას, მაღალი ყელი და ნაქარგებით გაფორმებული სხვადასხვა დეტალი ჰქონდა. პიპა მიდლტონის კაბაც ბევრი პატარძლისთვის ინსპირაციაა.

მეგან მარკლის საქორწილო კაბა

10-1751357883.jpg

მეგან მარკლის ულამაზესი საქორწილო კაბა ბრიტანელმა მოდის დიზაინერმა, კლერ უეიტ კელერმა შექმნა. ის მაშინ Givenchy-ს სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. სადა, ელეგანტური საქორწილო კაბა ყველას ყურადღებას იპყრობდა. ფატაზე კი ხელით ნაქარგი ყვავილები თანამეგობრობის თითოეულ ქვეყანას პატივსაცემად იყო შექმნილი.