ტექნოლოგიურმა განვითარებამ უპრეცედენტო ტემპით შეცვალა ადამიანის ყოველდღიური ცხოვრება, მათ შორის, კომუნიკაციის ფორმები, სამუშაო გარემო, ინფორმაციის გავრცელების, მიღებისა და აღქმის მოდელები და სხვა უამრავი საკითხი. ზოგადად, განვითარება უმნიშვნელოვანესი პროცესია და ის ცხოვრების ხარისხს მუდმივად აუმჯობესებს. თუმცა ტექნოლოგიურმა განვითარებამ ადამიანები ახალი მენტალური გამოწვევების წინაშეც დააყენა.
თანამედროვე კვლევები ნათლად მიუთითებს, რომ ტექნოლოგიების ინტენსიური ინტეგრაცია ადამიანის ცხოვრებაში გავლენას ახდენს როგორც ცნობიერებაზე, ისე ემოციურ სტაბილურობასა და სოციალურ ურთიერთობებზე. სწორედ ამიტომ აუცილებელია, რომ ფსიქოლოგებმაც სიღრმისეულად შეისწავლონ აღნიშნული გამოწვევები. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებენ, პაციენტებისთვის სრულყოფილი მომსახურების გაწევასა და მათ დახმარებას. ამ საჭიროებებიდან გამომდინარე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა შექმნა ახალი საბაკალავრო პროგრამა „ფსიქოლოგია ციფრულ სამყაროში“, რომელიც თანამედროვეობის მოთხოვნებს პასუხობს. პროგრამა უნიკალურია იმით, რომ ის ფოკუსირებულია ფსიქოლოგიისა და ტექნოლოგიების ინტეგრირებულ სწავლებაზე. სტუდენტები შეისწავლიან, როგორ მოქმედებს ციფრული ტექნოლოგიები ადამიანის ქცევასა და მენტალურ მდგომარეობაზე, როგორ უნდა ვუპასუხოთ თანამედროვე გამოწვევებს და როგორ ავამაღლოთ ფსიქიკური ჯანმრთელობა ტექნოლოგიურად განვითარებულ გარემოში.
პროგრამის ხელმძღვანელი, ფსიქოლოგი გიორგი ჭუმბურიძე გვიზიარებს ინფორმაციას იმ მენტალური გამოწვევების შესახებ, რომლებიც ტექნოლოგიურმა განვითარებამ მოიტანა.
სოციალური მედია და თვითშეფასების პრობლემა
სოციალური მედია პლატფორმების პოპულარობის ზრდამ მნიშვნელოვნად იმოქმედა ადამიანების მიერ საკუთარი თავისა და სხვების აღქმაზე. Instagram, TikTok და Facebook ხშირად წარმოაჩენს იდეალიზებულ ცხოვრების იდეალიზებულ სტილს, ფილტრებით დაფარულ გარეგნობასა თუ მიზანმიმართულად ამორჩეულ კონტენტს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პლატფორმები ხელს უწყობენ ერთმანეთთან კავშირსა და თვითგამოხატვას, ისინი ასევე გარკვეულ პრობლემებსაც იწვევენ. კერძოდ ბევრი მომხმარებელი, განსაკუთრებით მოზარდები და ახალგაზრდები, მუდმივად ადარებენ საკუთარ თავს სხვა ადამიანების (ხშირად) არარეალურ სილამაზეს, წარმატებას თუ ბედნიერებას. ეს იწვევს თვითშეფასების დაქვეითებას და ხშირად — არასრულფასოვნების, შურისა თუ დეპრესიის განცდას. „ლაიქების“ და გამომწერების რაოდენობაც კი იქცევა გარედან მიღებული ღირებულების საზომად, რაც გავლენას ახდენს ადამიანის თვითაღქმაზე. მომხმარებლები განიცდიან შფოთვას მაშინაც კი, როცა პოსტი საკმარის ყურადღებას ვერ იღებს. მუდმივი შედარება და იდეალურობის მცდელობა იწვევს FOMO-ს (შიში, რომ რაღაც გეშლება), რასაც სოციალური იზოლაციაც კი მოსდევს. ეს განსაკუთრებით საზიანოა მოზარდებისთვის, რომლებსაც ჯერ კიდევ არ აქვთ ჩამოყალიბებული იდენტობა და თვითშეფასება. დროთა განმავლობაში, ამგვარი ზეწოლა შეიძლება გადაიზარდოს სხეულის დისმორფიაში, კვების აშლილობებსა და მუდმივ დაუკმაყოფილებლობაში. მიუხედავად იმისა, რომ ციფრულ პლატფორმებს ბევრი დადებითი მხარე აქვთ, მათი ფსიქოლოგიური ზეგავლენა, შედარების, მოლოდინის და წნეხის მიმართულებით, დღეს მნიშვნელოვანი გამოწვევაა.
ციფრული გადატვირთვა და გადაწვა
ციფრულმა ეპოქამ წარმოქმნა ძალიან სწრაფი, მუდმივად დაკავშირებული გარემო, სადაც ადამიანებს უჭირთ ტექნოლოგიებისგან გამოთიშვა. სმარტფონები, ელფოსტა, მესენჯერები და სოციალური ქსელები გვიტოვებს შთაბეჭდილებას, რომ სხვებისთვის ყოველთვის „ღია“ და ხელმისაწვდომი უნდა ვიყოთ. მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიამ გაზარდა პროდუქტიულობა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, ამავდროულად გამოიწვია ციფრული გადატვირთვა და გადაწვა. მუდმივი და დაუსრულებელი შეტყობინებები, წამიერად განახლებადი ინფორმაცია ართულებს დასვენებისა და კონცენტრაციის პროცესს. სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის ზღვარი იშლება, რაც შფოთვას, უძილობას და კონცენტრაციის პრობლემებს იწვევს. ტვინი მუდმივად იღებს სტიმულს, რის გამოც იკარგება დრო ფიქრისთვის, შემოქმედებისა და დასვენებისთვის. ამის შედეგია გაზრდილი სტრესი, გაღიზიანება და ემოციური გამოფიტვა. ციფრული გადატვირთვა ხშირად იწვევს ფიზიკურ სიმპტომებსაც, როგორიცაა: თავის ტკივილი, თვალის დაღლილობა და ძილის პრობლემები. ემოციურად კი ჩნდება აპათია. გამოსავალი არა ტექნოლოგიაზე უარის თქმა, არამედ ჯანსაღი ციფრული ჩვევების განვითარებაა. ესენია: ეკრანთან დროის განსაზღვრა, პერიოდული „ციფრული დეტოქსი“ და პირადი ურთიერთობების გაძლიერება. ეს ყველაფერი ეხმარება ადამიანს, შეინარჩუნოს მენტალური ბალანსი ციფრულად გადატვირთულ სამყაროში.
კიბერბულინგი და ონლაინ ძალადობა
ციფრულ ეპოქაში კიბერბულინგი და ონლაინ შევიწროება სერიოზულ ფსიქიკურ პრობლემად გადაიქცა. ტრადიციული ბულინგისგან განსხვავებით, რომელიც ხშირად კონკრეტულ სივრცეებში ხდება, კიბერბულინგი ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს და ის მსხვერპლს ყველგან თან სდევს. პარალელურად, ის ხშირად ანონიმური და დაუსრულებელია. ადამიანებს შეურაცხყოფენ, ემუქრებიან, ავრცელებენ ცრუ ან დამამცირებელ ინფორმაციას სოციალურ ქსელებში, მესენჯერში, ფორუმებსა და თამაშებში. ამ მიმართულებით, მოზარდები განსაკუთრებით დაუცველები არიან. მათთვის კიბერბულინგი დაკავშირებულია დეპრესიასთან, შფოთვასთან, თვითდაზიანებასა და სუიციდურ აზრებთან. თუმცა არც მოზრდილები არიან დაზღვეულნი. ონლაინ შევიწროება, როგორიცაა დოქსინგი (პირადი მონაცემების გამოქვეყნება), კიბერსტალკინგი და პირდაპირი მუქარები, სერიოზულ სტრესს იწვევს. ანონიმურობა აქცევს მოძალადეს შეუმჩნევლად, მსხვერპლს კი უჭირს დაცვა ან სამართლებრივი რეაგირება. პოსტების სწრაფი გავრცელების შესაძლებლობა ართულებს გამოქვეყნებული შინაარსის კონტროლს, რაც მსხვერპლს უტოვებს განცდას, რომ ძალადობა საჯაროა და გამოუვალი. ხშირი შევიწროება შლის ადამიანის უსაფრთხოების გრძნობას და ნდობას. ამ ტიპის კონტენტის უბრალო ნახვამაც კი შეუძლია გამოიწვიოს სტრესი ან ემოციური გულგრილობა. პრობლემის მოგვარება მოითხოვს სისტემურ ცვლილებებს: უკეთეს მონიტორინგს, ციფრული წიგნიერების დონის გაუმჯობესებას და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის გაძლიერებას.
სწორედ ამ და კიდევ სხვა არაერთი გამოწვევის დაძლევას ისახავს მიზნად ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამა „ფსიქოლოგია ციფრულ სამყაროში“. პროგრამის ფარგლებში სტუდენტები ამ სამეცნიერო დარგს სრულიად განსხვავებულ ჭრილში შეისწავლიან. უფრო კონკრეტულად, პროგრამის კურიკულუმი აერთიანებს ფსიქოლოგიასა და ციფრულ ტექნოლოგიებს, რათა კურსდამთავრებულები მზად იყვნენ, ერთი მხრივ, მათ საქმიანობაში არსებული ციფრული გამოწვევებისთვის და, მეორე მხრივ, სწორად მართონ ტექნოლოგიური საკითხებით გამოწვეული პრობლემები. ის მოიცავს ტექნოლოგიურ მოდულებსაც. სტუდენტები ყველა საგნის ფარგლებში შეისწავლიან შესაბამის ტექნოლოგიურ უნარებს, გაეცნობიან, როგორ ვითარდება აღნიშნული მიმართულებები ციფრულ სამყაროში, მათ შორის, რა როლი აქვს ხელოვნურ ინტელექტს აღნიშნულ პროცესში.
პროგრამა აკრედიტაციის პროცესშია და მის არჩევას NAEC-ის ვებგვერდზე აბიტურიენტები უახლოეს პერიოდში შეძლებენ. პირველ სასწავლო წელს მისაღები სტუდენტების რაოდენობა 150 იქნება.
პროგრამაზე ჩაბარებისას ქართულისა და ინგლისურის გამოცდის გარდა, აბიტურიენტებს მესამე საგნად შეუძლიათ აირჩიონ მათემატიკა, ბიოლოგია ან ისტორია. პროგრამის ყოველწლიური საფასური 2250 ლარია. სტუდენტებს სახელმწიფო გრანტის მოპოვების შემთხვევაში სწავლა დაუფინანსდებათ.
R