ფსიქოლოგების შეფასებით, ბავშვისთვის სწავლისადმი ინტერესის გაჩენა ხშირად დამოკიდებულია არა მხოლოდ საგანმანათლებლო გარემოზე ან პროგრამაზე, არამედ იმ პედაგოგზე, რომელიც მასთან მუშაობს. მასწავლებლის მოტივაცია, მიდგომის ფორმა და ემოციური ჩართულობა ხშირად იმაზე მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე ბავშვის ბუნებრივი მიდრეკილებები.
ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ბავშვების დაყოფა „ჰუმანიტარებად“ და „ტექნიკურებად“ მეცხრე კლასამდე გაუმართლებელია. მსგავსი კატეგორიზაცია ხშირად ემყარება არა რეალურ უნარებს, არამედ იმ გამოცდილებას, რომელიც ბავშვს შეიძლება ჰქონდეს კონკრეტულ საგანთან დაკავშირებით. მაგალითად, ბევრ ბავშვს უჭირს მათემატიკაში წინსვლა არა იმიტომ, რომ არ აქვს შესაბამისი უნარი, არამედ იმიტომ, რომ ერთი კონკრეტული თემა გამოტოვა, ვერ გაიგო, მასწავლებელს ვერ უგებს და ამის შემდეგ ვეღარ მიჰყვა სხვა მასალას.
ამ ვითარებაში მოსწავლეს შეიძლება გაუჩნდეს რწმენა, რომ უბრალოდ „არ შეუძლია“ ამ საგნის სწავლა, თუმცა სინამდვილეში პრობლემა ტექნიკური ხასიათისაა და თავიდანვე სწორად მართვის შემთხვევაში შესწევს უნარი, გაუმკლავდეს ნებისმიერ თემას.
განსხვავებით სხვა საგნებისგან, როგორიცაა, მაგალითად, უცხო ენა — სადაც ერთ-ორ გაკვეთილს დიდი გავლენა არ აქვს — მათემატიკაში ერთი გამოტოვებული საკითხი ხშირად იწვევს დომინოს ეფექტს: ყოველი შემდეგი თემა ემყარება წინა ცოდნას და დაუკავშირებლობის გრძნობა სწრაფად იწვევს მოტივაციის დაკარგვას.
ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ ხშირად სკოლებში გავრცელებულია მცდარი წარმოდგენა, თითქოს მხოლოდ ზოგიერთ ბავშვს აქვს „მათემატიკური აზროვნება“, სხვებს კი — მხოლოდ ჰუმანიტარული უნარები. სინამდვილეში, მათემატიკური აზროვნება არის უნარების კომპლექსი, რომელიც შესაძლებელია განვითარდეს სწორი მიდგომით, პრაქტიკითა და მხარდაჭერით.
სკოლის ასაკამდე ან თუნდაც მეცხრე კლასამდე შეუძლებელია ზუსტად განვსაზღვროთ, რომ ბავშვს არ შეუძლია ტექნიკური საგნების ათვისება. ამიტომ ბავშვების დაყოფა ჰუმანიტარებად და ტექნიკურებად ამ ეტაპზე სრულიად გაუმართლებელია. ხშირად იმ მოსწავლემ, ვისაც მათემატიკასთან პრობლემები აქვს, უბრალოდ გამოტოვა რომელიღაც მნიშვნელოვანი თემა და ვეღარ მიჰყვა გაგრძელებას — ამიტომ ნაჩქარევია იმ დასკვნის გამოტანა, რომ მას არ აქვს ამ საგნისთვის საჭირო „ტიპის“ აზროვნება.
სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა მოახერხოს ბავშვის ინტერესის გაღვივება და შიშის შემცირება რთული თემების მიმართ. მოტივირებული პედაგოგი, რომელიც თავად არის ამ სფეროთი გატაცებული, ბევრად მეტს აღწევს, ვიდრე სტანდარტული სასწავლო მიდგომა.
სწავლების პროცესში ყველაზე მეტად სჭირდებათ ბავშვებს ის ზრდასრული, რომელსაც ნამდვილად სჯერა, რომ მათი გაუგებრობები არ არის უნარის ნაკლებობა — არამედ მხოლოდ დროებითი შეფერხება. სწორედ ამ რწმენით იქმნება მოსწავლის თავდაჯერება და სწავლისადმი ნამდვილი ინტერესი.