როდიდან გამოიდარებს საქართველოში - ივლისის პირველი ნახევრის პროგნოზი გარემოს ეროვნული სააგენტოდან - მშობლები

როდიდან გამოიდარებს საქართველოში - ივლისის პირველი ნახევრის პროგნოზი გარემოს ეროვნული სააგენტოდან

2025-07-03 12:26:06+04:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი დოდო გვაზავა მიმდინარე დღეების ამინდის პროგნოზის შესახებ გვესაუბრება:

"თბილისში არამდგრადი ამინდი 6 ივლისის ჩათვლით შენარჩუნდება. 7 ივლისიდან, ორშაბათიდან სინოპტიკური სიტუაცია შეიცვლება. ტემპერატურა მოიმატებს. არ არის გამორიცხული, 30 გრადუსსაც გადააჭარბოს. 12 ივლისის ჩათვლით უნალექო ამინდი იქნება. 8 ივლისს, შუადღეს, შესაძლოა, მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. 7-დან 9 ივლისის ჩათვლით ტემპერატურა, დაახლოებით, +29, +31 გრადუსი ფარგლებში მერყეობს. 10-დან 12 ივლისის ჩათვლით ტემპერატურა კიდევ მოიმატებს და შესაძლოა, +33, +35 გრადუსიც კი აღინიშნოს. დედაქალაქში ნალექიანი ამინდი ხვალაც შენარჩუნდება. 5 ივლისს შედარებით გამოიდარებს, თუმცა, როგორც აღვნიშნე, არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება. დღეს თბილისში ყველაზე დაბალი ტემპერატურაა, +20 გრადუსი ფიქსირდება. ხვალ შესაძლოა, ტემპერატურამ +24 გრადუსამდე მოიმატოს. 5 ივლისს +27, +28 გრადუსია მოსალოდნელი. 6 ივლისს კი +27, +30 გრადუსამდეა ნავარაუდევი. როგორც გითხარით, 7-დან ამინდი კიდევ გაუმჯობესდება და ტემპერატურაც მოიმატებს.

ასეთივე პროცესი მიმდინარეობს როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში. თუმცა, 8 ივლისიდან 11 ივლისის ჩათვლით შესაძლებელია, დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში, ტემპერატურამ +35, +36 გრადუსს მიაღწიოს. მიმდინარე დღეებში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება. ტემპერატურა დაბლობ და სანაპირო რაიონებში დაახლოებით +21, +23 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. 5 ივლისიდან +24 გრადუსამდე მოიმატებს. 6 ივლისიდან ნალექი შეწყდება და ტემპერატურა კიდევ მოიმატებს. მთიან რაიონებშიც 7 ივლისიდან ტემპერატურის მომატებაა მოსალოდნელი.

აღმოსავლეთ საქართველოშიც ასეთივე სინოპტიკური სიტუაციაა. კახეთსა და თბილისში ტემპერატურა 1-2 გრადუსით ნაკლები იქნება. თუმცა, დასავლეთ რეგიონებში, სამცხე-ჯავახეთში შესაძლებელია, ტემპერატურა კახეთზე მაღალი დაფიქსირდეს." - ამბობს დოდო გვაზავა.