როგორ გავიგოთ, მკერდის არეში ტკივილს გულის პრობლემაა თუ ნევრალგია? - რჩევები, რომლებიც ინფარქტისგან გიხსნით - მშობლები

როგორ გავიგოთ, მკერდის არეში ტკივილს გულის პრობლემაა თუ ნევრალგია? - რჩევები, რომლებიც ინფარქტისგან გიხსნით

2025-07-04 12:06:15+04:00

ზოგჯერ გულის ტკივილის გარჩევა ნეკნთაშუა ნევრალგიისაგან არც ისე ადვილია, მაგრამ არსებობს 3 ძირითადი განსხვავება, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, ეს პრობლემები ერთმანეთში არ აგვერიოს და სასწრაფო დახმარებას დროულად მივმართოთ.

პირველი ეს ტკივილის ხასიათია. გულის ტკივილს ძალიან ხშირად შეკუმშვის, დაჭიმულობის შეგრძნება ახლავს. თითქოს, მკერდს მარწუხებივით უჭერს. ეს შესაძლოა, მკერდის ცენტრალურ ნაწილში ან მარცხენა ნახევარში იგრძნობოდეს. ასევე, შესაძლოა, ტკივილი მარცხენა ხელს, ყბას ან კისერს გადაეცემოდეს

ნევრალგია კი მჩხვლეტავი, მწვავე ლოკალიზებული ტკივილია. უარესდება ჩასუნთქვისას, მოძრაობისას ან ტკივილის ადგილას ხელის დაჭერისას.

მეორე ნიშანი გამომწვევი ფაქტორებია. გული ხშირად სხვადასხვა მძიმე დატვირთვაზე, სტრესზე, სიცივეზე განსაკუთრებით რეაგირებს. ადამიანი შესაძლოა, მირბის და ტკივილი აწუხებს. გაჩერდება და ცოტათი გაუყუჩდება. ნევრალგია კი პირიქით გამოიხატება. შესაძლოა, ადამიანი სახლში ზის, უეცარი შემობრუნების ან ღრმად ჩასუნთქვის დროს გრძნობდეს ტკივილს.

მესამე თანმდევი სიმპტომებია. ინფარქტს შეიძლება, თან ახლდეს სუნთქვის გაძნელება. ცივი ოფლი, გულისრევა, შფოთვის შეგრძნება, სიკვდილის შიში... ნევრალგია კი სისტემურ სიმპტომებს არ იწვევს. მხოლოდ ლოკალური ტკივილია გამოხატული.

თუმცა, მთავარია გახსოვდეთ, თუ მკერდის არეში ძლიერ ტკივილს გრძნობთ, თავად დიაგნოზის დასმას ნუ შეეცდებით. სასწრაფო დახმარება აუცილებლად გამოიძახეთ და კლინიკას მიაკითხეთ.

ხშირი შეცდომაა, როდესაც ვალიდოლი, კორვალოლი ან წნევის წამლები საკმარისი ჰგონიათ. გულის შეტევის შემთხვევაში ეს მედიკამენტები ვერ დაგეხმარებათ. ძალიან მაღალი წნევის ან გულის შეტევის შემთხვევაში აუცილებლად სასწრაფო გჭირდებათ, ხოლო თუ რაიმე მიზეზით ვერ ახერხებთ სწრაფად ექიმთან კონტაქტს, ეს 2 მედიკამენტი უნდა გქონდეთ:

პირველი ნიტროგლიცერინია. პირველი საშუალებაა, რომელიც გულის ძლიერი ტკივილის დროს დაგეხმარებათ, სანამ ექიმამდე მიხვალთ. შესაძლოა, ტაბლეტი ენის ქვეშ დაიდოთ და 5 წუთის შემდეგ ტკივილი გაივლის. არ შეიძლება ეს წამალი მაშინ, როდესაც სისტოლური არტერიული წნევა 90-ზე ნაკლებია.

მეორე აცეტილსალიცილის მჟავა. ეს მედიკამენტი სისხლს ათხელებს და თრომბის ზრდას აჩერებს. მკერდის არეში ძალიან ძლიერი ტკივილის შემთხვევაში უნდა მიიღოთ და რა თქმა უნდა, სასწრაფო დახმარებაც გამოიძახოთ.