როგორ უნდა გაიგოთ ბევრი წლით ადრე, შეგაწუხებთ თუ არა გულის დაავადებები - გიორგი ღოღობერიძე მარტივ კვლევებს ასახელებს - მშობლები

როგორ უნდა გაიგოთ ბევრი წლით ადრე, შეგაწუხებთ თუ არა გულის დაავადებები - გიორგი ღოღობერიძე მარტივ კვლევებს ასახელებს

2025-07-04 12:56:08+04:00

ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე, აქვეყნებს ვიდეოს და ადამიანებს აწვდის ინფორმაციას იმ კვლევების შესახებ, რომლებითაც შეგიძლიათ, გულის დაავადებების განვითარების რისკი ათწლეულებით ადრე აღმოაჩინოთ:

- საქართველოში გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, მოსახლეობის უმეტესობა გულისა და სისხლძარღვების დაავადებებით - მიოკარდიუმის ინფარქტით, გულის უკმარისობით, ინსულტით იღუპება.

როგორ შეგვიძლია, დღეს გავიგოთ, ათწლეულების მერე გულის დაავადებები ან სისხლძარღვების პრობლემები შეგვაწუხებს თუ - არა?

დღეს გულის მხრივ რა ტესტებიცაა, მაგალითად, დატვირთვის ტესტი, ექოკარდიოგრაფია, კორონაროგრაფია, CT ანგიოგრაფია, პერფუზიული კვლევა თუ სხვა - ყველა მათგანი დაავადების შორს წასულ შემთხვევებს ადგენს. მაგრამ, არის რამდენიმე ბიუჯეტური, მარტივი კვლევა, რომლებიც სისხლიდან კეთდება და რომლებსაც შეუძლია, ათწლეულებით ადრე გითხრათ, გექნებათ თუ არა გულის დაავადებები.

ერთ-ერთი მათგანი შეიძლება LDL- ქოლესტეროლი იყოს. ქოლესტეროლი ნორმაშია, თუ ის 100 მგ/დლ-მდეა. თუ უფრო მეტი იქნება, ეს იმას ნიშნავს, რომ სისხლძარღვებში ქოლესტეროლი უკვე გილაგდებათ და სისხლძარღვები გივიწროვდებათ, რაც თავისთავად გულზე აისახება. თუ თანმხლები ფაქტორები, მაგალითად, შაქრიანი დიაბეტი გაქვთ, მაშინ ქოლესტეროლის რაოდენობა 70 მგ/დლ-ზე მეტი არ უნდა იყოს.

თუ გინდათ, რომ ეს კვლევა კიდევ უფრო მაღალმგრძნობიარე გახადოთ, მაშინ ჯობს APO-B ( აპოლიპროპროტეინ B) გადაამოწმოთ.

ასევე, შეიძლება მაღალმგრძნობიარე, მაღალსენსიტიური C-რეაქტიული ცილა გამოიყენოთ, რომელიც ახლავე გეტყვით, სისხლძარღვებში გაქვთ თუ არა ანთება და გილაგდებათ თუ არა მასში ცხიმი.

ამ სამი ტესტით ათწლეულებით ადრე შეგვიძლია, გავიგოთ, გვექნება თუ არა გულის დაავადებები. შესაბამისად, სამივე ტესტის მონაცემების ნორმაში ჩაყენების შემთხვევაში, შეგვიძლია, ეს პათოლოგიები ნორმაში ჩააყენოთ.

ასევე, კიდევ შეგიძლიათ, 3 სხვა ტესტი ჩაიტაროთ. ესენია: გლიკოზირებული ჰემოგლობინი, ჰომოცისტეინი, NT-proBNP. ამათი შემოწმებითაც გულის დაავადებების დროული პრევენცია შეიძლება.