ბავშვობიდან სტრესისა და შიშის ქვეშ უწევდა ცხოვრება. მეშვიდე კლასში იყო, მისი სახლიდან გატაცებაც რომ სცადეს. მოტაცების, მუქარის, ბულინგის ფაქტი მის ცხოვრებაში არაერთი ყოფილა. ამბობს, რომ ამაში ცხოვრობდა და ბევრჯერ გადარჩა.
რთულმა ცხოვრებამ მისი მტკიცე ხასიათი კიდევ უფრო გაამტკიცა და საბოლოოდ ძლიერი ქალად ჩამოაყალიბა.
"არაერთხელ ვცადე სუიციდი, მაგრამ ცხოვრების და მომავლის იმედი მაინც მქონდა, რომ გადავრჩებოდი. ყველაფერში ბრძოლამ მომიწია,“ - ამბობს უფლებადამცველი,სამირა ბაირამოვა, რომელიც ახლა სხვების უფლებების დაცვას ცდილობს.
სამირა ბაირამოვა AMBEBI.GE-ს ჩვენი თხოვნით საკუთარი ცხოვრების მძიმე ეპიზოდებს უყვება.
- ადრეულ წლებში უფრო მეტად იყო თემებში ჩაკეტილობა, 90-იანებში - განსაკუთრებით. ჩემი ბავშვობა ამ პერიოდს დაემთხვა. გოგო რომ დაიბადებოდა, ადრეულ ასაკში უნდა გათხოვებინათ. რამდენჯერ ვარ მოტაცებას გადარჩენილი, ამიტომ სკოლაში მამას მანქანით დავყავდი. ვცხოვრობდით მარნეულის რაიონის სოფელ ალგეთში.
იყო ისეთი ფაქტებიც, როცა სახლში უფროსები არ იყვნენ, გოგოს მოსატაცებლად შედიოდნენ. მეშვიდე კლასელი ვიყავი, რომ ჩემ შემთხვევაშიც მოხდა ერთი მძიმე შემთხვევა. იცოდნენ, რომ მეორე უბანში ქორწილი იყო, ჩემი მშობლები იქ იყვნენ წაულები, სახლში მარტო ვიყავი და ჩემს მოსატაცებლად მოვიდნენ. რომ დავინახე ეზოში შემოვიდნენ, უცებ რაც მოვახერხე, სამზარეულოს ბაკის შენობა იყო, სადაც დამალვა შევძელი. ბაკი ერთი მეტრი სიმაღლის იყო - მოკლედ სხვა დასამალი ადგილი არ გვქონდა.
- მოხერხებული ბავშვი ყოფილხართ...
- ალბათ ვერ წარმოიდგინეს, რომ იქ შეძლება ვინმე ყოფილიყო. რაც შეეხება ჩემს მოხერხებულობას, არც ისე მოხერხებული, უბრალოდ იმდენად ხშირი იყო ასეთი შემთხვევები, ფაქტობრივად ყოველდღიურად, რომ ამაზე ხშირად ვფიქრობდი, თუ რამე იქნება, რას ვიზამდი, სად დავიმალებოდი. ამაში ვცხოვრობდი... სულ გვესმოდა, რომ ვიღაცასთან შევიდნენ და სარდაფში, თუ კარადაში იპოვეს...
ჩემ შემთხვევაში თვითგადარჩენის ინსტინქტი ჩაირთო, მაგრამ არც ვიცოდი, გადავრჩებოდი თუ არა, მაგრამ ასე დამალვა შევძელი. მათი ნაბიჯები ახლოში მესმოდა, ვფიქრობდი, რომ ყველაფერი მორჩა, ახლაც რომ ვიხსენებ, ის მძიმე ემოცია თავს ისევ მახსენებს... სერიოზული შიში განვიცადე, კიდევ კარგი გული არ გამისკდა. არადა, მშობლებმა ქორწილში იმიტომ არ წამიყვანეს, რომ ვინმეს იქიდან არ მოვეტაცებინე. მოკლედ სახლში შემოსულებმა რომ ვერ მიპოვეს, მათი ლაპარაკი მესმოდა, - ეტყობა, ვიღაც ნათესავის სახლში დატოვეს. არადა, ხომ ასე თქვა იმან, რომ სახლშიაო?! ყველა ოთახი რომ დაიარეს, წავიდნენ.
- რამდენი იყვნენ და იცნობდით, ვინ იყვნენ?
- ვერ ვხედავდი, მაგრამ ხმების მიხედვით ვხვდებოდი, რომ 3-4 კაცი იქნებოდა. არ ვიცნობდი, ვინ იყვნენ, მაგრამ ის ადამიანი ორჯერ ცდილობდა ჩემს მოტაცებას. მერე გაბედეს და სახლშიც მოვიდნენ. მეზობელი სოფლიდან იყვნენ... შემდეგ ჩემს მშობლებს ელჩებს უგზავნიდნენ, მაგრამ ჩემები თანახმა არ იყვნენ. არაფერი რომ არ გამოუვიდათ, ცოლად მეზობლის გოგო მოიყვანა. განაგრძეთ კითხვა