რამდენად უსაფრთხოა ბავშვისთვის კბილის დაბჟენა ან ამოღება ნარკოზით და რომელ ასაკში უნდა მივიყვანოთ ის პირველად სტომატოლოგთან - სპეციალისტი განმარტავს - მშობლები

რამდენად უსაფრთხოა ბავშვისთვის კბილის დაბჟენა ან ამოღება ნარკოზით და რომელ ასაკში უნდა მივიყვანოთ ის პირველად სტომატოლოგთან - სპეციალისტი განმარტავს

2025-07-07 11:19:18+04:00

სტომატოლოგი თამარ ორდენიძე გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს, რომელ ასაკში უნდა მივიყვანოთ ბავშვი პირველად სტომატოლოგთან და რატომ არის დროული შეფასება აუცილებელი:

- მუცლადყოფნის პერიოდში არა მხოლოდ დროებითი, არამედ მუდმივი კბილების ჩანასახიც ყალიბდება. 6 თვის შემდეგ, როდესაც პირველი კბილი ამოიჭრება, ბავშვი სტომატოლოგთან უნდა წავიყვანოთ. ექიმი-სტომატოლოგი ლორწოვანს, ყბა-სახის მიდამოს დაათვალიერებს, შეამოწმებს, რაიმე ანომალია რომ არ გამოგვეპაროს, დემინერალიზაციის მიმართულებით რომ არ წავიდეს ეს ყოველივე, მისცემს დედას რჩევა-დარიგებებს, თუ რამდენი ხნის განმავლობაში უნდა იყოს ბავშვი ბუნებრივ კვებაზე, რამდენი ხნის განმავლობაში შეიძლება საწოვარას მიცემა, ღამის განმავლობაში შეიძლება თუ არა დატკბობილი სითხეების მიცემა და ასე შემდეგ. 6 თვის ასაკიდან პირის ღრუს ჰიგიენის რუტინა იწყება. შესაბამისად, ჩვენ სწორედ ამ მიმართულებით უნდა მივცეთ მშობლებს სწორი რეკომენდაციები.

სპეციალისტმა ამავე გადაცემაში ასევე ისაუბრა, თუ რამდენად უსაფრთხოა ბავშვისთვის კბილის დაბჟენა ან ამოღება ნარკოზის გამოყენებით:

- დღევანდელ რეალობაში ძირითადი ნაკადი ექიმ-სტომატოლოგს ამ პრობლემით მიმართავს. შესაძლოა, ბავშვს, რომელიც 2,5 წლისაა და ექიმთან მიდის, დემინერალიზაციიდან გამომდინარე ყველა კბილი დაშლილი ჰქონდეს. საქმე გვაქვს ტკივილთან, რომელსაც ბავშვი ვერ ახსნის. მისთვის წყლის დალევაც დისკომფორტია, არა თუ საკვების მიღება. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში, ეტიოლოგიური ფაქტორი უნდა გავარკვიოთ. თუ გამომწვევ ფაქტორს არ გამოვიკვლევთ, პროფილაქტიკური ღონისძიება, რომ ბავშვს კბილი გავუკეთოთ, შედეგს არ მოგვცემს. დემინერალიზაცია უფრო გავრცელდება და მუდმივი კბილებიც ასე დაიშლება. აქედან გამომდინარე, საფუძვლიანი კვლევა უნდა ჩატარდეს, რა იწვევს კბილის დაშლას. მხოლოდ კალციუმი და ფტორი არ გახლავთ ის მიკროელემენტები, რომელთა ნაკლებობამაც შეიძლება, კბილების დაშლა გამოიწვიოს.

კითხვაზე თუ რამდენად უსაფრთხოა ბავშვისთვის კბილის დაბჟენა ან ამოღება ნარკოზის გამოყენებით, აზრი ორად იყოფა. მშობელს ურჩევნია, რომ აღიქვას, თუ რა უკეთდება მის შვილს. ბავშვიც მზად იყოს, თუ რა მანიპულაციებთან აქვს საქმე და ამ რეალობას თავი არ აარიდოს. ჩვენ ბავშვთა ასაკში 20 კბილი გვაქვს, შემდეგ - 32 კბილი. ალბათ, წარმოგიდგენიათ, რამდენ ნარკოზს მოიცავს თითო კბილის მკურნალობა. მაგრამ, არსებობს ისეთი უმართავი სიტუაციები, ან ისეთი მასშტაბის დაზიანებები, სადაც უბრალოდ სტომატოლოგია უძლურია. შესაძლოა, სპეციალისტმა 2,5 წლის ბავშვი ვერ გააჩეროს და ყველა კბილი ვერ მოუწესრიგოს. ამიტომ, უნდა ავწონ-დავწონოთ. რა თქმა უნდა, სწორი მიდგომით, ჯობს, ყველა მანიპულაცია ბავშვის ფსიქიკისთვის და მშობლის მზაობისთვის შესაბამისად გაკეთდეს. აღსანიშნავია, რომ როდესაც ანესთეზია კეთდება, ადამიანი სრულიად ჯანსაღი და ჯანმრთელი უნდა იყოს. კბილი კი ისე სწრაფად გვტკივდება, ამის გარკვევას ვერ ვასწრებთ.