რისი წამალია ატარაქსი და როგორ მუშაობს - მშობლები

რისი წამალია ატარაქსი და როგორ მუშაობს

2025-07-07 16:07:47+04:00

ატარაქსი წამალია, რომელსაც შფოთვისა და უძილობის შესამსუბუქებლად ზოგჯერ ფსიქიატრები ნიშნავენ. შეიძლება იფიქროთ, რომ იგი დამამშვიდებელი ან საძილე საშუალებაა, თუმცა ეს მისი პირველადი ფუნქცია სულაც არ არის. მაშ, რისი წამალია ატარაქსი?

რისი წამალია ატარაქსი?

წამლების კლასიფიკაცია რომ მოვიშველიოთ, ატარაქსი პირველ რიგში ანტიჰისტამინური, იგივე ალერგიის საწინააღმდეგო მედიკამენტი გახლავთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მისი მთავარი დანიშნულება ისაა, რომ ჰისტამინის რეცეპტორებზე იქონიოს ზეგავლენა და ამით ალერგიის სიმპტომების გამოვლენას შეუშალოს ხელი.

განსხვავებით ახალი თაობის ანტიჰისტამინებისგან, ჰიდროქსიზინი სისხლიდან ტვინშიც აღწევს, შედეგად კი ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ზემოქმედებს და როგორც მოდუნებას, ასევე ძილიანობასაც იწვევს. სწორედ ამ მოქმედების გამოა, რომ ატარაქსს ანქსიოლიზურ და სედაციურ საშუალებადაც ვიცნობთ.

როგორ მუშაობს ჰიდროქსიზინი?

ჰიდროქსიზინი პირველი თაობის ანტიჰისტამინია, ანუ ალერგიის წამლების იმ ჯგუფს განეკუთვნება, რომელთაც შედარებით მეტი გვერდითი მოვლენა ახასიათებს. იგი ახალი თაობის ანტიჰისტამინებზე იშვიათად გამოიყენება, თუმცა ალერგიულ ქავილს მათზე ეფექტიანად ამსუბუქებს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, პრეპარატს საძილე და მომადუნებელი მოქმედებაც ახასიათებს.

ალერგიული რეაქციების წარმართვაში ჰისტამინის H1 რეცეპტორებს წამყვანი როლი მიუძღვის. ალერგენთან კონტაქტისას იმუნური უჯრედები, მასტოციტები და ბაზოფილები, ჰისტამინსა და ანთების გამომწვევ სხვა ნივთიერებებს გამოყოფს. ჰისტამინი H1 რეცეპტორებს უკავშირდება და მათ ააქტიურებს, შედეგად კი ანთების გამომწვევი სხვა ნაერთებიც გამოიყოფა, მათ შორის ინტერლეიკინები. სწორედ ეს ნივთიერებები იწვევს ალერგიის სიმპტომებს, თუნდაც ქავილსა და ცემინებას.

ჰიდროქსიზინი H1 რეცეპტორებთან ძლიერი შებრუნებული აგონისტის როლს ასრულებს. ბლოკერებისგან განსხვავებით, რომლებიც რეცეპტორის აქტივობას უბრალოდ ბლოკავს, ასეთი აგონისტები რეცეპტორთა საბაზისო აქტივობას ამცირებს. ამ თვისების გამო ჰიდროქსიზინი განსაკუთრებით ეფექტიანია ჰისტამინის ზემოქმედებისგან გამოწვეული გასივების, სიწითლისა და ქავილის საწინააღმდეგოდ.

ჰიდროქსიზინი ძილიანობასაც იწვევს, თუმცა იგი ქერქოვანი (ტვინის ქერქის) დეპრესანტი არაა. ნაცვლად ამისა, დამამშვიდებელი ეფექტი ტვინის უფრო ღრმა რეგიონებში მოქმედებითაა გამოწვეული, სავარაუდოდ ქერქქვეშა ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. ასე აიხსნება, რატომაა იგი ეფექტიანი შფოთვის წინააღმდეგ.

მსგავსი მოქმედების გამო ჰიდროქსიზინი ძირითადად შემდეგი მიზნებისთვის გამოიყენება:

  • შფოთვის შესამსუბუქებლად (თუნდაც გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის ქონისას);
  • ალერგიული ქავილის შესამსუბუქებლად (იქნება ეს გამოწვეული ჭინჭრის ციებისგან თუ /კონტაქტური დერმატიტებისგან);
  • ძილიანობის გამოსაწვევად უძილობის დროს ან ქირურგიულ ოპერაციამდე.

გაითვალისწინეთ, რომ ჰიდროქსიზინი რეცეპტით გაიცემა და იგი აუცილებლად ექიმის დანიშნულებით უნდა გამოიყენოთ. იგი თქვენი მდგომარეობისა და საჭიროებების მიხედვით შეაფასებს, რამდენად შესაფერისია ატარაქსი თქვენთვის და საჭიროების შემთხვევაში დოზასაც შეგირჩევთ.

ატარაქსის შეძენას პსპ-ს ონლაინ აფთიაქიდანაც შეძლებთ.

R