ნუტრიციოლოგ-დიეტოლოგი ნატალია გოგავა გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საზამთროს დიეტის შესახებ საუბრობს და ამ დიეტის დადებით და უარყოფით მხარეებზე ამახვილებს ყურადღებას:
- "საზამთროს დიეტა" ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პრაქტიკაა საქართველოში. როგორც ყველა სხვა დიეტას, თავისი პლუსებიც აქვს და მინუსებიც.
საზამთრო დაბალკალორიული პროდუქტია, 100 გრამში 30-35 კალორიაა. გემრიელია, ცივია, სასარგებლოა. მისი 92% წყალია და ძალიან კარგი შარდმდენი ეფექტი აქვს. განსაკუთრებით კარგია მათთვის, ვისაც შეშუპებისაგან გათავისუფლება სწრაფად უნდა. ასევე, კარგი ფსიქოლოგიური მომენტია, როდესაც საზამთროს განტვირთვის დღეზე ხართ, თითქოს, ჯანსაღ კვებაზე გადასვლა გიადვილდებათ.
რაც შეეხება უარყოფით მომენტებს, საზამთრო როგორი დაბალკალორიულიც არ უნდა იყოს, დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს. ერთი კილოგრამი საზამთრო, დაახლოებით, 60-80 გრამი შაქარია, რაც ასევე ძალიან ბევრია. გარდა ამისა, რაციონში ცხიმებისა და ცილის სრული არქონა ორგანიზმს ენერგეტიკულ და სამშენებლო მასალას ართმევს.
ასევე, საკმაოდ დიდი დატვირთვაა თირკმელებისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტისთვის. განსაკუთრებით, თუ სადმე უკვე პრობლემა არსებობს, ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში შეიძლება, ეს მდგომარეობა გააუარესოს.
გარდა ამისა, ძალიან ხანმოკლე ეფექტი გვაქვს. ასეთი დაკარგული წონა, სითხის ხარჯზე, 1-2 დღეში უკან აუცილებლად დაგვიბრუნდება. ცილის არქონის გამო, კუნთის განლევა ხდება, მეტაბოლიზმი ნელდება და მეორე-მესამე დღეს მადა კიდევ მეტად იმატებს და შეიძლება, რაც დავიკელით, ორმაგად მოვიმატოთ.
თუ განტვირთვის დღეზე ვსაუბრობთ, ყოველთვის ჯობს, ამ დღეებში ცოტა ბალანსი მაინც დავიცვათ. ბევრად უკეთესი და მიზანშეწონილი იქნებოდა, თუ საზამთროს მირთმევის დროს, ცოტა მსუბუქ ცილას მივატანთ. ეს შეიძლება, უშაქრო, ნატურალური იოგურტი იყოს, ან ხაჭო. ცილოვან პროდუქტებში არსებული ცილა სისხლში შაქრის სტაბილიზაციას ხელს უწყობს. სხვათა შორის, ყველიც ძალიან უხდება. თუ ეს ყველი ძალიან მარილიანი არ არის და ძალიან ცხიმიანია, თავადაც ვაკეთებ ასეთ კომბინაციას.
ცოტაოდენი ყველი, ძალიან უხდება ნიგოზი, პიტნა, ოდნავ ორეგანო - მშვენიერი ხემსია. ასევე, ჯობს, საზამთროს რამდენიმე ცალი ნიგოზი ან თხილეულობა მივაყოლოთ. თხილებში არსებული ცხიმი სისხლში შაქრის მატებას ანელებს. ასეთი კომბინაცია ბევრად უფრო სასარგებლო და მდგრად შედეგს მოგვცემს, ვიდრე მთელი დღის განმავლობაში ცარიელი საზამთროს მიღება.