უახლოეს დღეებში მძღოლებისა და ქვეითად მოსიარულეებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება. თემის შესახებ ვრცლად პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თორნიკე ჭეიშვილი, გადაცემაში "შუადღე" საუბრობს:
- როგორც მოგეხსენებათ, ჩვენს მოსახლეობას, განსაკუთრებით მათ, ვინც ქალაქად ცხოვრობს, ღამის საათებში ტრანსპორტის ხმაური აწუხებს. ეს შეიძლება იყოს ავტომობილები, მოტოციკლები და სხვა სატრანსპორტო საშუალებები. ხმაურის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი, ხშირ შემთხვევაში, მაყუჩია, რომელიც გადაკეთებულია და შესაბამისი ქარხანა-დამამზადებლის მიერ დადგენილი მოდელისათვის განკუთვნილ სტანდარტს არ შეესაბამება. გასაგებია, რომ ვიღაცისთვის ეს დამატებითი ჰობი ან სიამოვნებაა, მაგრამ ამ შემთხვევაში ინტერესებს შორის ბალანსი უნდა დავიცვათ. ერთია ავტომოყვარული და მისი ინტერესები და, რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზეც ვფიქრობთ, მაგრამ მეორეა საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის ინტერესი, რომლებსაც უბრალოდ სურთ, საღამოსა და ღამის საათები მშვიდად გაატარონ. პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია, როდესაც საქმე ბავშვებს ეხება. სწორედ აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მაყუჩის გადაკეთება სატრანსპორტო საშუალების თვითნებურად გადაკეთებად ჩაითვალოს. ასევე, ადმინისტრაციული სახდელი ამ გადაცდომის გამო გაიზარდოს. თუ აქამდე ზოგადად ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაკეთებისთვის ჯარიმა 100 ლარი იყო, ამ შემთხვევაში, ჯარიმა ორმაგდება, 200 ლარი გახდება და ასევე, მინუს 30 ქულა ჩამოეჭრებათ მართვის მოწმობიდან.
როცა დამამზადებელი ქარხანა სატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებით თავადვე აკეთებს გათვლას და მძღოლი მას თვითნებურად არ გადააკეთებს, აღნიშნული ქმედება და სატრანსპორტო საშუალება არ დაჯარიმდება.
გარდა ამისა, თუ მძღოლს თვითნებურად აქვს სატრანსპორტო საშუალება გადაკეთებული, ერთხელ დაჯარიმდა ხმურზე და კიდევ დაფიქსირდება მსგავსი შემთხვევა, კიდევ 30 ქულა დააკლდება. ასევე, ყოველ განმეორებით შემთხვევაზე 200 ლარია ჯარიმა.
თუ მძღოლი ტრანსპორტზე თვითნებურად ციმციმა სიგნალს დაამონტაჟებს, ასეთ შემთხვევაშიც ჯარიმა იზრდება. აქამდე საქართველოს კანონმდებლობა სპეციალურ ციმციმა სიგნალად მხოლოდ ლურჯ ან ლურჯ და წითელ, გარკვეულ შემთხვევებში კი ნარინჯისფერ ციმციმა სიგნალს თვლიდა. თუმცა, დღეს უკვე არაერთი ციმციმა სიგნალია, რომელიც შეიძლება, თავისი ეფექტით სპეციალურ ციმციმა სიგნალს ჰგავდეს. ნებისმიერი შეფერილობის, სპეციალური ციმციმა სიგნალი, რომელსაც მძღოლი თვითნებურად ამონტაჟებს, 2000-ლარიანი ჯარიმას გამოიწვევს. პირველ შემთხვევაზე მინუს 20 ქულაა, განმეორების შემთხვევაში მინუს 25 ქულა და 2500-ლარიანი ჯარიმა. მსგავსი ტიპის ციმციმა სიგნალები შეიძლება, მძღოლმა საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეების შეცდომაში შეყვანის მიზნით გამოიყენოს და გარკვეული უპირატესობა მოიპოვოს. ეს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე აისახებოდა. იმისათვის, რომ ასეთი გაუგებრობები გამოვრიცხოთ და არავის ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ საკანონმდებლო ჩანაწერი ბოროტად გამოიყენოს, შემოვიდა ცნება, რომ სპეციალური ციმციმა სიგნალის თვითნებურად დამონტაჟება, მიუხედავად შეფერილობისა, ადმინისტრაციული წესით დასანქცირდება.
დრიფტი ისედაც აკრძალული იყო. თუმცა, აქამდე აქცენტი ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, მანქანებზე კეთდებოდა. ამ შემთხვევაში, დრიფტის ცნება ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებით მიზანმიმართულ მოცურებასა და წრიულ მოძრაობას გულისხმობს. ეს ეხება მოტოციკლსაც, კვადროციკლსაც და სხვა საშუალებებსაც. ჯარიმა 300 ლარის ოდენობითაა განსაზღვრული. ასევე, მძღოლს მართვის მოწმობიდან მინუს 30 ქულა ჩამოაკლდება.
ბოლო წელიწად-ნახევრის სტატისტიკა აჩვენებს, რომ 8500 მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევებიდან, 2500 ქვეითად მოსიარულეს უკავშირდება. პასუხისმგებლობა როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლს, ასევე ქვეითად მოსიარულეებს ეკისრება. აქამდე მიზერული ჯარიმა იყო გათვალისწინებული, რაც პრევენციულ ფუნქციას ვერ ასრულებდა. საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, იმ შემთხვევაში, თუ ქვეითად მოსიარულე შესაბამის მონიშვნებს არღვევს, არ ემორჩილება სათანადო ნიშნებს, უადგილო ადგილას ჭრის გზას, ეს პირველ შემთხვევაში 50 ლარის ოდენობით ჯარიმას გამოიწვევს. განმეორების შემთხვევაში - 100 ლარის ოდენობით ჯარიმას. თუ ამას საავარიო სიტუაციის შექმნა მოჰყვა, აქაც პირველივე შემთხვევაში 100 ლარია ჯარიმა. ხოლო, თუ ეს ავტომაგისტრალზე ხდება, პირველ შემთხვევაში 100-ლარიანი ჯარიმა, განმეორების შემთხვევაში, 200-ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული.
საქართველოს პარლამენტიდან საქართველოს პრეზიდენტთან შესაბამისი კანონი ხელმოსაწერად და გამოსაქვეყნებლად უკვე იგზავნება. გამოქვეყნებისთანავე ახალი რეგულაციები ამოქმედდება.