რატომ ჩნდება მეჭეჭები, როგორი მეჭეჭებია საშიში და რის გაკეთება არ შეიძლება - ზაზა თელიას რეკომენდაციები - მშობლები

რატომ ჩნდება მეჭეჭები, როგორი მეჭეჭებია საშიში და რის გაკეთება არ შეიძლება - ზაზა თელიას რეკომენდაციები

2025-07-09 12:10:32+04:00

მეჭეჭები, როგორც წესი სახესა და ხელებზე ჩნდება. მაგრამ, ასევე, შეიძლება, ნებისმიერ ადგილზე გამოჩნდეს. წარმონაქმნების მიზეზი პაპილომა ვირუსია, რომელიც დაავადებულ ადამიანთან კონტაქტისას ან საერთო ნივთების ქონის შემთხვევაშია გადამდები. დაავადების სიმპტომები ქავილი, წარმონაქმნები, კანის დაჭიმულობაა, რაც პაციენტისთვის ძალიან შემაწუხებელია. ასეთ დროს თვითმკურნალობას ხშირად მიმართავენ. თუმცა, სპეციალისტები ხალხური მეთოდის გამოყენებას არ მიესალმებიან. თემაზე დერმატო-ვენეროლოგი, მედიცინის დოქტორი ზაზა თელია გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს:

- მეჭეჭებს ადამიანის პაპილომა ვირუსი იწვევს. მეჭეჭი შეიძლება, კანის ნებისმიერ ადგილას შეგხვდეს. მათ შორის: სახეზე, ხელებზე, ფეხებზე, ფეხისა და ხელის გულებზე და ასე შემდეგ. გადამდებია. ბავშვებში ძალიან ხშირია. გადადება უშუალოდ კანით კანთან კონტაქტითაა შესაძლებელი. ასევე, შესაძლებელია, პირადი მოხმარების ნივთებით, მაგალითად პირსახოცის გამოყენებითაც გადაედოს ადამიანს.

მას გამრავლება ახასიათებს. თუ, პირობითად, ადამიანს ხელზე, მტევანზე აქვს მეჭეჭები, შეიძლება, თითების ერთმანეთთან შეხების შემთხვევაში, ეს მეჭეჭები გავრცელდეს. სხვათა შორის, ხელზე არსებული მეჭეჭები და ფეხსა და ფეხის გულზე არსებული მეჭეჭები ადამიანს ხელს ძალიან უშლის. ტკივილს იწვევს. შეიძლება ზომაში ისე გაიზარდოს, რომ გადაადგილების პრობლემა შექმნას.

თვითმკურნალობა, სხვადასხვა ხალხური მეთოდის გამოყენება რეკომენდებული არ არის. ადამიანის პაპილომა ვირუსით განპირობებული მეჭეჭები თვითგანკურნებადია. როდესაც ერთი მეჭეჭი ჩნდება, შემდეგ მრავლდება, გარკვეული ტიპის პიკს აღწევს და შემდგომ ჩვენი იმუნური სისტემა მასთან ბრძოლას იწყებს და ამარცხებს. მეჭეჭები ინდივიდუალურ ვადაში ქრება. მყოლია პაციენტები,რომლებსაც წლების განმავლობაში ჰქონიათ და შემდეგ გაუქრათ. არიან პაციენტები, რომლებსაც თვეების განმავლობაში აქვთ.

თუ ეს ადამიანისათვის ყოფა-ცხოვრებაში შემაწუხებელია, ამ შემთხვევაში, შეიძლება, გარკვეული ტიპის მკურნალობა დავგეგმოთ, მოშორების თვალსაზრისით. ბავშვებში, როგორც წესი, ვურჩევთ ხოლმე - განსაკუთრებით, თუ მეჭეჭები სახის არეშია გამოხატული, მოცდითი, დაკვირვებითი ტაქტიკა გვაქვს. მშობელს ვარწმუნებთ, რომ ხელი არ ახლოს, ხალხური რჩევები არ გაითვალისწინოს. არ შეიძლება, მეჭეჭი მექანიკური დაზიანებით ან ხალხური მეთოდებით მოვიშოროთ. ამან შესაძლოა, ძალიან სერიოზული შედეგები გამოიწვიოს. შესაძლოა, კიდევ მეტად გავრცელდეს და ამავდროულად, ადამიანს ნაწიბურები დარჩეს. მერე ნაწიბურის მკურნალობა ძალიან რთულია.

ქრისტესისხლა, ვაშლის ძმარი, სოდასთან ერთად, შელოცვები, სხვა საშუალებები - გაუმართლებელია. თუ ჩვენ არასწორად ჩავერიეთ, მეჭეჭის შედეგად შესაძლოა, კელოიდური ნაწიბური განვითარდეს. ეს კანის ზედაპირზე ამობურცული ნაწიბურია. ქრისტესისხლას, სხვა საშუალებების, რომლებიც, სამწუხაროდ, აფთიაქებში იყიდება, გამოყენება არ შეიძლება. კელოიდური ნაწიბურის ბოლომდე გაქრობა, პრაქტიკულად, შეუძლებელია, ამიტომ ყურადღებით უნდა ვიყოთ.

არაგენიტალიური მეჭეჭები სხვა მხრივ სრულიად უსაფრთხოა. როგორც აღვნიშნე, თვითგანკურნებადია. თუმცა, შესაძლოა, დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდეს ადამიანს.

მეჭეჭების მკურნალობის ოქროს სტანდარტი კრიოთერაპიაა თხევადი აზოტით, იგივე მოყინვა, რომელმაც ძველი მეთოდი - ელექტროკოაგულაცია ჩაანაცვლა. ეს ე.წ. მოწვაა. კრიოთერაპია ბევრად უფრო ეფექტურია და პაციენტს მკვეთრად გამოხატული ტკივილი არ აქვს. კრიოთერაპია აუცილებლად დერმატოლოგის კაბინეტში, გამოცდილმა დერმატოლოგმა უნდა ჩაატაროს.

თუ ადამიანს მეჭეჭი წელიწადზე მეტი აქვს, გავრცელებულია და ძალიან ბევრია, ასევე გიგანტური ზომისაა - ასეთ შემთხვევაში, ექიმს უნდა მივმართოთ.

არსებობს კანი წარმონაქმნი, რომელსაც აკროქორდონი ჰქვია. მისი გავრცელების ყველაზე ხშირი ადგილი კისერი და თვალის მიდამოებია. ხშირად მოსახლეობაში მას პაპილომას უწოდებენ. არადა ის პაპილომა ვირუსთან საერთოდ არ არის კავშირში. ეს მეჭეჭი არ არის.

გამომწვევი მიზეზებია:

  • გენეტიკა
  • ჭარბი წონა, სიმსუქნე
  • ინსულინ რეზისტენტობა
  • ასაკი
  • ხახუნი - კანის კანთან, სამკაულთან ან ტანსაცმელთან კონტაქტი

ამიტომ, მეჭეჭი და აკროქორდონი ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ. მეჭეჭებისაგან განსხვავებით, აკროქორდონის შემთხვევაში, შეიძლება, ძაფი (მოჭერის შედეგად), მაკრატელი გამოვიყენოთ, თუ ძალიან დიდი ზომის არ არის. აბსოლუტურად უსაფრთხოა. ასევე უნდა დავრწმუნდეთ, რომ ის აკროქორდონია. მაკრატელი, რა თქმა უნდა, სტერილიზებული უნდა იყოს. ჩვეულებრივი ძაფი შეიძლება, წარმონაქმნს ძირში მოვაბათ, გავკვანძოთ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში დავტოვოთ, დანეკროზდება და მოძვრება.

აკროქორდონის მოსაშორებლად ე.წ. მოწვის ან მოყინვის მეთოდი ნაკლებად გამართლებულია იმიტომ, რომ ეს მოყინვის შემთხვევაში, მის გარშემო კანი ზიანდება და შეიძლება, ჰიპერპიგმენტური ლაქები ან ნაწიბურიც კი დარჩეს. მისი ლაზერთ მოშორებაც შესაძლებელია. თუ ის დიდი ზომისაა, დერმატოლოგს უნდა მივმართოთ.

მედიკამენტი, რომელსაც მივიღებთ და ადამიანის პაპილომა ვირუსი გაქრება, უბრალოდ არ არსებობს. ამიტომ, ის რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ, რაზეც ვისაუბრე.