"ოთხი შვილის დედა ვარ და ეს არის ჩემი მთავარი პროფესიაც და ყველაზე დიდი “ჩინიც"... ცხოვრება ერთი დიდი ძალისხმევაა, სადაც რაც უფრო მეტი შვილი გყავს, უფრო მეტი მოტივაცია გაქვს..." - მრავალშვილიანი ქართული ოჯახი, რომლის წევრებიც ერთ სტილში იმოსებიან - მშობლები

"ოთხი შვილის დედა ვარ და ეს არის ჩემი მთავარი პროფესიაც და ყველაზე დიდი “ჩინიც"... ცხოვრება ერთი დიდი ძალისხმევაა, სადაც რაც უფრო მეტი შვილი გყავს, უფრო მეტი მოტივაცია გაქვს..." - მრავალშვილიანი ქართული ოჯახი, რომლის წევრებიც ერთ სტილში იმოსებიან

2025-07-09 13:51:18+04:00

ჟურნალისტი, მარიამ გაბედავა, სოციალურ ქსელებში შვილებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს ხშირად აქვეყნებს. ის მრავალშვილიანი დედაა. ხშირად მას, ბავშვებსა და მეუღლეს ერთი სტილის სამოსი აცვიათ და უამრავი ადამიანისაგან ბევრ კომპლიმენტსა და თბილ სიტყვას ისმენენ. მარიამი ოთხი შვილის დედობის, მთავარი გამოწვევებისა და "ოჯახური სტილის“ შესახებ უფრო ვრცლად გვესაუბრება:

- ოთხი შვილის დედა ვარ და ეს არის ჩემი მთავარი პროფესიაც და ყველაზე დიდი “ჩინიც"… პროფესიას რაც შეეხება, ქართული ენისა და ლიტერატურის მაგისტრი გახლავართ… საქმიანობას თუ მკითხავთ: წლებია, ჟურნალისტად ვმუშაობ… ჩემი პირველადი პროფესიის დამსახურებაა, თუ პროფესიაა ამ უნარის დამსახურება, არ ვიცი, მაგრამ წერა გამომდის და ვწერ ყველაფერზე, რაც მაწუხებს ან მახარებს და სოციალურ ქსელში ვაქვეყნებ. ბოლო რამდენიმე წელია, მაესტროზე ერთ-ერთი გადაცემის პროდიუსერი ვარ.ჩემი გადაცემა მაქვს საპატრიარქოს ტელევიზიაში, სადაც როგორც პროდიუსერი, ისე მივედი და როგორც წამყვანმა, ასე გავაგრძელე. გარდა ამისა, ვარ საავტორო უფლებათა ასოციაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი და ძალიან ბევრ ხელოვან ადამიანთან მიწევს ურთიერთობა, რაც ერთობ საინტერესო და მრავალფეროვანია…

დროდადრო ბევრ სხვადასხვა ბრენდთან - სხვადასხვა პროექტზეც ვმუშაობ ხოლმე.

მოკლედ, ღმერთი კარგად მიცნობს, იცის რომ ერთფეროვანი საქმის კეთება არ მიყვარს. ასეთი ხასიათი მაქვს და ამიტომაც მრავალფეროვანი საქმეები გამოიმეტა ჩემთვის. როგორც ჩანს, იმაზე მეტად ვყვარებივარ, ვიდრე მე ამას ვიმსახურებ…

mariam-gabedava-10-1752055134.jpg

- მრავალშვილიანი დედა ხართ - ამ გამოცდილების შესახებ გვესაუბრეთ. რა არის მთავარი გამოწვევები, დაბრკოლებები, რომელთა გადალახვაც გიწევთ?

- მრავალშვილიანი დედობა ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა ჩემს ცხოვრებაში. ღმერთმა ოთხი არაჩვეულებრივი ადამიანის დედა გამხადა და მე მათი სიცოცხლე და მომავალი მომაბარა… ვცდილობ, ყველაფერი ისე გავაკეთო, რომ მათ მთავარი მივცე - სიყვარული და სიკეთე… მინდა, ვასწავლო, რომ იყვნენ მადლიერები ყველა წამით, რადგან ვფიქრობ, რომ სამყაროს დღეს მადლიერების შეგრძნება ყველაზე მეტად აკლია…

დაბრკოლებებს რაც შეეხება, ძალიან ბევრი გამოწვევა არსებობს. ამასთან დაკავშირებით დიდი გეგმები მაქვს და არ მინდა, მოვლენებს წინ გავუსწრო. ამიტომ, ჯერ არ მოგიყვებით დაწვრილებით…

ყველაზე მეტად კერძო სექტორის დამოკიდებულება მაწუხებს. როცა ხედავენ, მრავალშვილიანი ხარ ან არ გასაქმებენ ან დეკრეტულ შვებულებაზე გიწევს “ჭიდაობა." ამას პირადი გამოცდილებით ვამბობ. მაშინ, როცა ასეთი დემოგრაფიული პრობლემის წინაშე ვდგავართ და პირიქით, ხელის გულზე უნდა ვატაროთ ის ქალები, ვინც ბევრი შვილის პარალელურად, მზად არიან იმუშაონ კიდეც. მადლობა, ღმერთს, მე ამ ნაწილშიც გამიმართლა და ჩემი დამსაქმებლები ყველაფერში ხელს მიწყობენ.

mariam-gabedava-11-1752055157.jpg

- შვილების აღზრდის პროცესში რას ანიჭებთ უპირატესობას?

- სიყვარულის უზომოდ გაზიარებასა და წესრიგს. მიუხედავად იმისა, რომ მკაცრი დედა არ ვარ - ჩვენი წესები გვაქვს დაწესებული და ამას ბავშვებიც უფრო ითვალისწინებენ. მაგალითად გაჯეტებთან მიმართებაში, მაგალითად კვებასთან დაკავშირებით… მთავარი წესი კი ისაა, რომ ერთმანეთი არ მოვატყუოთ. მე თვითონ არასდროს ვატყუებ ბავშვებს და ვცდილობ, ამით მაგალითი მივცე…

mariam-gabedava-2-1752055177.jpg

- დროის გადანაწილებას როგორ ახერხებთ - შვილებთან კომუნიკაციისათვის თავისუფალი დრო გრჩებათ?

- ჩვენ ძალიან შეკრულად ვცხოვრობთ… აუცილებლად ერთად ვსაუზმობთ, ვვახშმობთ და ამ დროს ვუზიარებთ ერთმანეთს დღის გეგმებსა თუ მთელი დღის შთაბეჭდილებებს. ასაკითაც პატარა სხვაობაა ბავშვებს შორის და მათთაც სულ ერთად უნდათ ყოფნა, თუმცა იმასაც სულ ვცდილობთ, რომ პირადი სივრცეც და ერთი-ერთზე მშობელთან ურთიერთობის შესაძლებლობა ჰქონდეთ. ჯერ-ჯერობით გამოგვდის…

mariam-gabedava-5-1752055197.jpg

- ხშირად თქვენ, თქვენი მეუღლე, შვილები ერთნაირ სამოსს ირჩევთ და უამრავ თბილ კომენტარს იმსახურებთ. ამ გადაწყვეტილებისა და საზოგადოების რეაქციაზეც გვესაუბრეთ.

- ეს გადაწყვეტილება ჩემდა უნებურად მივიღეთ. ასე გამოვიდა… წინასწარ არ დამიგეგმავს, რომ ასე იქნებოდა. უბრალოდ, ჩემს ესთეტიკაში ასე ჯდება, რომ ფერებში და სტილში მოწესრიგებულები ვიყოთ… მგონია, რომ როცა ჩვილობიდანვე აქცევ ამას ყურადღებას, გემოვნება და ესთეტიკაც ასე უფრო კარგი ყალიბდება.

საზოგადოების დამოკიდებულებას რაც შეეხება, იმდენ კომპლიმენტს ვიღებთ მათგან, რომ მეუხერხულება კიდევაც… თქვენი საშუალებით, თითოეულ მათგანს, კიდევ ერთხელ საჯაროდ დიდ მადლობას გადავუხდი.

mariam-gabedava-4-1752055218.jpg

- შვილებსაც მოსწონთ ეს გადაწყვეტილება, რომ ერთ სტილში გეცვათ?

- ჯერ-ჯერობით ძალიან. ვნახოთ, რომ გაიზრდებიან, რას იზამენ… ჩემი უფროსი გოგო: ნინა, უკვე 9 წლისაა და ზუსტად იცის რა მოეწონოს და რა არა. ხშირად, მთხოვს ხოლმე, რომ ერთნაირად ჩავიცვათ.უყვარს საყიდლებზე ჩემთან ერთად სიარული…. ზოგადად, ჩემს აზრს მისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს და სულ მეკითხება რჩევას, თუნდაც ჩაცმასთან მიმართებაში. ასე ვიყავი მეც, ჩემთვის დედაჩემის აზრი დღემდე ყველაზე მნიშვნელოვანია - ყველა საკითხში.

- ხშირად დედებს ერთ შვილთანაც კი აქვთ ჩაცმის პრობლემა, ბავშვს სხვა რამის ჩაცმა უნდა, ან ეზარება ეს პროცესი - როგორ ახერხებთ ოთხ ბავშვთან ასეთ იდეალურ შეთანხმებას?

- სიმართლე გითხრათ, ეს პრობლემა არასდროს გვქონია. რატომღაც მენდობიან - ალბათ, იმიტომ, რომ მოსწონთ, გარშემო როგორ ავსებენ კომპლიმენტებით და ეს მათზე მოქმედებს.

რა თქმა უნდა, რაღაც პერიოდები არის ხოლმე, როცა თვითონ უნდათ შერჩევა - არჩევანის საშუალებას ვაძლევ, ოღონდ ჩემივე შერჩეული რამდენიმე ვარიანტიდან… ყოფილა სიტუაციები, როცა შორტით წასვლა მონდომებიათ, მაგალითად სკოლაში და ამიხსნია, რომ შორტს თავისი ადგილი აქვს, სკოლას კი თავისი ჩაცმის სტილი… ვასწავლი, რომ თეატრში გამოპრანჭულები დადიან და ასე წავსულვართ კიდეც და რომ ვაკის პარკში, სტადიონზე ფეხბურთელების ფორმით წასვლაც შესაძლებელია… მოკლედ, ისევ საუბრით ვწყვეტთ ამ საკითხსაც ისე, რომ ყველა კმაყოფილი რჩება… მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მოდის სამყაროში ყოველგვარი ჩარჩოები სრულად მორღვეულია, მე მაინც აკადემიური ვრჩები ამ საკითხში და მიმაჩნია, რომ ყველაფერს თავისი წესი აქვს… აკი გითხარით, ოჯახური წესებიც გვაქვს მეთქი. (იცინის)

mariam-gabedava-1-1752055245.jpg

- მოსამზადებლადაც რთული იქნება, როცა ოჯახში ამდენი წევრია. აღგვიწერეთ პროცესი, როგორ არჩევთ მეორე დღისთვის "ლუქს" და როგორ ემზადებით?

- თუ ტელევიზიაში, დაბადების დღეზე ან რამე ღონისძიებაზე არ ვართ წასასვლელები, “ლუქი" იმ დღესვე, ხასიათის მიხედვით, ირჩევა… გამომდინარე იქიდან, რომ ნინა ბავშვებში ყველაზე დიდია, ძირითადად, მის და ჩემს სურვილზე ეწყობა მთელი ოჯახის “ლუქი".

- თავიდანვე ასე იყო, პირველივე შვილზე თუ მერე თანდათან გაჩნდა "ოჯახური მოდური სტილი"?

- დიახ, თავიდანვე ასე იყო. მატებასთან ერთად, ნელ-ნელა ჩემი საქმიანობა ამ მიმართულებით გართულდა, თუმცა იმდენად სასიამოვნო პროცესია და ეს სიამოვნებას მანიჭებს, რომ ამას ყოველდღე სიხარულით ვაკეთებ… ვნახოთ, სადამდე გამომყვებიან ბავშვები… თუმცა, მჯერა, რომ მათი გემოვნების ჩამოყალიბებას ხელს ვუწყობ და რომ გაიზრდებიან, დარწმუნებული ვარ, უჩემოდაც გადასარევად გაართმევენ თავს.

mariam-gabedava-3-1752055267.jpg

- საკუთარი გამოცდილებით, რა შეგიძლიათ, ურჩიოთ იმ ქალებს, რომლებსაც ბევრი შვილის გაჩენა აშინებს?

- არაფერია იმაზე დიდი ბედნიერება, ვიდრე ხედავდე შენი შვილების ანთებულ თვალებს (რაც მეტს მით უკეთესი) და მათ საოცარ ურთიერთობას ერთმანეთში… სირთულე ბევრია და ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება ამ ყველაფერს, მაგრამ ეს ცხოვრება ერთი დიდი ძალისხმევაა, სადაც რაც უფრო მეტი შვილი გყავს, უფრო მეტი მოტივაცია გაქვს, რომ ყველაფერი გააკეთო მათი კარგად ყოფნისთვის. შენ კი უფრო მეტი გულწრფელი გულშემატკივარი გყავს, შენი შვილების სახით, რომელთაც ისეთი უყვარხარ როგორიც ხარ და შენ, უბრალოდ, ცამდე ბედნიერი ხარ მათით...

თამარ იაკობაშვილი