"რა მოხდა წელს ისტორიის გამოცდასთან დაკავშირებით? აბიტურიენტების დიდი ნაწილი განსაკუთრებით უკმაყოფილოა... სინამდვილეში..." - სპეციალისტის შეფასება - მშობლები

"რა მოხდა წელს ისტორიის გამოცდასთან დაკავშირებით? აბიტურიენტების დიდი ნაწილი განსაკუთრებით უკმაყოფილოა... სინამდვილეში..." - სპეციალისტის შეფასება

2025-07-13 11:34:48+04:00

წელს ისტორიის გამოცდას დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. ბევრი აბიტურიენტი წერდა, რომ იმაზე რთული იყო, ვიდრე ელოდნენ. ამ საკითხზე ვრცელ სტატუსს აქვეყნებს ისტორიკოსი გიორგი არქანია:

"რა მოხდა წელს ისტორიის გამოცდასთან დაკავშირებით?

10-11 ივლისს ჩატარდა ერთიანი ეროვნული გამოცდა ისტორიაში. აბიტურიენტების დიდი ნაწილი განსაკუთრებით უკმაყოფილოა სწორედ ამ საგნის გამოცდით. ბევრი წერს, რომ წინა წლებთან შედარებით წელს გამორჩეულად რთული ტესტი მოვიდა. ბევრმა თქვა, რომ საგამოცდო ტესტი არაპროგრამული საკითხებისგან შედგებოდა.
სინამდვილეში, საგამოცდო ტესტი ისტორიის პროგრამით განსაზღვრულ საკითხებს მოიცავდა და საშუალო სირთულის იყო.
რთული იყო ამ გამოცდამდე მისასვლელი გზა. წლევანდელ ნაკადს ამ თვალსაზრისით ნამდვილად არ გაუმართლა. დარწმუნებული ვარ, ქვემოთ მოცემული ახსნა ერთი დიდი გაუგებრობა იქნება, მაგრამ, ვფიქრობ, ზუსტად ასახავს ჩვენს განათლების სისტემაში არსებულ ვითარებას:
თუ აქამდე გამოცდისთვის სრულყოფილად მოსამზადებლად ორი წიგნი სავსებით საკმარისი იყო, წელს წიგნების რაოდენობა ლამის 10-ს აღწევდა. ეს კი ისტორიის სწავლების მიმართულებით ბოლო წლებში განხორციელებული მორიგი „გენიალური რეფორმის“ წყალობით მოხდა. როგორც მოგეხსენებათ, უკანასკნელ პერიოდში მოსწავლეები მე-10-მე-11 კლასებში სწავლობენ ორ დამოუკიდებელ საგანს - „ისტორია“ (ძირითადად მსოფლიო ისტორია) და „საქართველოს ისტორია“. მე-10 კლასში გვაქვს თითოეული საგნის 2-2 ნაწილი (შესაბამისად - წიგნი), მე-11 კლასში - 3-3. პლუს, თითოეულ მათგანში 3 სხვადასხვა გამომცემლობის ალტერნატიული წიგნები. არის შემთხვევები, როდესაც მოსწავლე „ისტორიას“ ერთი გამომცემლობის სახელმძღვანელოთი სწავლობს, „საქართველოს ისტორიას“ კი - მეორე გამომცემლობის. ხშირ შემთხვევაში მათ სხვადასხვა მასწავლებლები ასწავლიან, რაც ძალიან ართულებს ამ საგნების და შესაბამისად - მსოფლიოსა და საქართველოს ისტორიული მოვლენების სინთეზს. არის შემთხვევები, როდესაც გამომცემლობას გრიფი მიენიჭა ერთი საგნის პირველი სემესტრის წიგნში, მეორე სემესტრისაში კი - არა, ამიტომაც მოსწავლეს ერთ სემესტრში ერთი გამომცემლობის სახელმძღვანელოთი უწევს სწავლა, მეორეში კი - მეორეთი.
არაფერს ვამბობ იმაზე, რომ მე-12 კლასშიც ახალი გრიფირებული სახელმძღვანელო უნდა შესულიყო, რომელიც მე-20 საუკუნის ისტორიას ასწავლიდა მოსწავლეებს და ამით დაასრულებლდა მე-10-მე-11 კლასების ქრონოლოგიურ მსვლელობას, თუმცა მოხდა ისეთი რამ, რაც, წესითა და რიგით, ნორმალურ სახელმწიფოში არ უნდა მოხდეს - გრიფირება ჩაიშალა და წელს მე-12 კლასელებს ისტორიის სახელმძღვანელო უბრალოდ არ ჰქონდათ, და უფრო მეტიც - არც მომდევნო სასწავლო წლის მე-12 კლასელებს ექნებათ.
რადგან ერთიანი ეროვნული გამოცდის პროგრამა შესაბამისობაში უნდა მოსულიყო სასკოლო სახელმძღვანელოებთან, წელს იგი შეიცვალა. საგამოცდო ტესტის შემდგენლები აღმოჩნდნენ რთულ ვითარებაში. თუკი პროგრამა სრულად მოვიდოდა სასკოლო სახელმძღვანელოების შესაბამისობაში, მოსწავლეებს გამოცდისთვის მოუწევდათ 10-ზე მეტი წიგნის დამუშავება (თანაც, ხომ ვიცით, რომ აბიტურიენტები გამოცდისთვის ბოლო 1 წლის განმავლობაში ემზადებიან). ამიტომაც მათ გადაწყვიტეს, რომ საგამოცდო პროგრამაში მხოლოდ „ისტორიის“ სახელმძღვანელოებიდან შეეტანათ საკითხები, „საქართველოს ისტორიის“ სახელმძღვანელოებზე კი თვალი დახუჭეს (ამას რამდენიმე თვის წინ საზოგადოების დიდი აღშფოთებაც მოჰყვა). თუმცა პროგრამაში იყო ისეთი საკითხები საქართველოს ისტორიიდან, რომელსაც „ისტორიის“ სახელმძღვანელო არ ფარავდა. ამიტომაც, მასწავლებლებს და მოსწავლეებს შეექმნათ დიდი გაუგებრობა, ზოგიერთი „საქართველოს ისტორიის“ სახელმძღვანელოებსაც ამუშავებდა.
ზოგიერთმა მასწავლებელმა არჩია უყურადღებოდ დაეტოვებინა ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოები, მხოლოდ ძველი წიგნებით ასწავლა აბიტურიენტებს, ეს კი შედეგებზე პირდაპირ აისახა.
რომ შევაჯამოთ, წლევანდელ აბიტურიენტებს მოუწიათ რამდენიმე წიგნის ფორსმაჟორში დამუშავება, რამაც ისინი საკმაოდ არია, დააბნია და საკუთარი თავის რწმენა შეურყია. ეს იყო ისტორიის გამოცდის უმთავრესი სირთულე.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ძალიან დიდი მადლობა უნდა ვუთხრა ჩემს მოსწავლეებს, მათ წელს თითქმის შეუძლებელი შეძლეს და ძალიან კარგად იმუშავეს.
ვფიქრობ, ისტორიამ დიდი გამოცდილება მოგცათ, რომელსაც სამომავლოდ გამოიყენებთ.
რა შედეგიც არ უნდა დაიდოს, თქვენ უკვე ძალიან ძლიერები ხართ!
ვამაყობ თქვენით!
და მადლობა ყველაფრისთვის!"