"ხალხის მოშტერებული მზერა მტანჯავდა. კითხვები - უიმე, რა სჭირს?!" - რას ჰყვება რთული დიაგნოზის მქონე ბიჭის დედა და როგორია მკურნალობის შედეგი - მშობლები

"ხალხის მოშტერებული მზერა მტანჯავდა. კითხვები - უიმე, რა სჭირს?!" - რას ჰყვება რთული დიაგნოზის მქონე ბიჭის დედა და როგორია მკურნალობის შედეგი

2025-07-13 18:32:54+04:00

"ბევრი წინააღმდეგობის მიუხედავად, არც ერთი წამით არ მიფიქრია, რომ უკან დავიხევდი. არ ვიცი, როგორ, მაგრამ ვიცოდი, ბოლომდე გავიდოდი... ვიღაცები გვლანძღავდნენ, მაგრამ მოსახლეობისგან დიდი მხარდაჭერა მივიღეთ... დედის ინსტინქტი და დედის გრძნობა მმართავდა - არაფრის მეშინოდა,“ - ამბობსქეთი ბეგიაშვილი,აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონეზაკო მუშკუდიანის დედა.

ის შვილის ჯანმრთელობისთვის წლების მანძილზე თავდაუზოგავად და აქტიურად იბრძოდა. იბრძოდა იმისთვისაც, რომ მის შვილს შესაბამისი წამალი მიეღო. მისი ინიციატივით დაწყებული ბრძოლა წარმატებით დასრულდა.

  • ქეთი ბეგიაშვილი იმ მძიმე გზის შესახებ გვიყვება, რაც შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გაიარა.

- ზაკო ჩემი უფროსი შვილია. მასზე 6 თვის ორსული ვიქნებოდი, როდესაც ექოსკოპიურ კვლევაზე მივედი. მითხრეს, რომ ნაყოფს ბარძაყის სიგრძე თავის გარშემოწერილობას განვითარებაში ორი-სამი კვირით ჩამორჩებოდა. ექიმის ვარაუდით, რაღაც პრობლემა შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ რეალურად ვერ ამბობდნენ, რა იყო და რატომ უნდა ყოფილიყო ასე. კონსულტაცია სხვა რადიოლოგთანაც გავიარე, მანაც იგივე მითხრა და დასძინა, ბავშვი რომ დაიბადება, მომიყვანე და მანახეო. ერთ-ერთმა ცნობილმა რადიოლოგმა მითხრა, დაუნის სინდრომი შეიძლება იყოსო.

- მოკლედ, გეუბნებოდნენ, რომ რაღაც რიგზე არ იყო.

- კი და 9 თვემდე ასე მივედი. მთელი ის პერიოდი სულ იმის შიში მქონდა, ბავშვი როგორი დაიბადებოდა, მუდმივ სტრესში ვიყავი. თან არ მინდოდა იმის დაჯერება, რომ ჩემს შვილს რაიმე პრობლემა ექნებოდა... ფიზიოლოგიური მშობიარობა მქონდა.

ახალშობილი 8-9 ქულით შეაფასეს - 53 სანტიმეტრი და 4 კილო დაიბადა (ჩემი სამი შვილიდან ყველაზე დიდი იყო წონითაც და სიგრძითაც). ამ მონაცემების გამო მისთვის არანაირი დიაგნოზი არ დაუსვამთ, მაგრამ თავი რომ დამეზღვია, ექიმებს შევთავაზე, რაიმე დამატებითი კვლევა ჩაეტარებინათ. ბავშვი ჯანმრთელია და არანაირ კვლევას არ ვაპირებთო. გამოვედით სამშობიაროდან. ზაკო ჩვეულებრივად იზრდებოდა, პრობლემა არაფერი ჰქონია.

3-4 თვიდან შევამჩნიე, რომ თავის გარშემოწერილობა მეტად იზრდებოდა და შუბლი გამოწეული ჰქონდა. ასევე არ მომწონდა და მაწუხებდა მისი თითების სიგრძე - პატარა იყო და ყველა თითი ერთმანეთის ტოლი.

- ამან დაგაფიქრათ?

- პროფესიით ექიმი ვარ და როდესაც უნივერსიტეტში ვსწავლობდით და გენეტიკური დაავადებები გავიარეთ, მახსოვდა, რომ ტანდაბალი ადამიანის ანატომიური აგებულება იყო ასეთი - თითები ერთმანეთის ტოლი და დიდი თავი. ამიტომ ბავშვს ამას რომ ვატყობდი, შინაგანად არ მსიამოვნებდა. მერე ტანიც გაეზარდა და პედიატრს ვკითხე, - ჩვეულებრივი მომენტიაო, ამაში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავო. მიუხედავად ამისა, დედის შინაგანი ინსტინქტი არ მასვენებდა, ვფიქრობდი, რომ ჩემს შვილს რაღაც სჭირდა. ენდოკრინოლოგთან კონსულტაციაზე წავიყვანე, საიდანაც ჩემი გოლგოთა დაიწყო.

- რას გულისხმობთ?

- ექიმი დიდხანს აკვირდებოდა, სხვაც შემოიყვანა და მითხრა, წავსულიყავი ორთოპედთან, სახელიც და გვარიც დამისახელა, რომელიც ერთ-ერთ ცნობილ ორთოპედად მიიჩნეოდა... მასთან რომ მივედი, სტუდენტები ჰყავდა და პირველი რაც მითხრა, კიდევ გყავს შვილებიო? პირველი შვილია-მეთქი. გააჩინე ბევრი შვილი, ამ ბავშვს ყურადღება სჭირდება, მთელი ცხოვრება სხვაზე დამოკიდებული უნდა იყოსო. რატომ-მეთქი? - შოკირებულმა ვკითხე. ეს არის პატარა და არ გაიზრდებაო. რას ნიშნავს არ გაიზრდება და ამისთვის შესაბამისი მკურნალობა არ არის, დანიშნეთ-მეთქი. არ არისო. გამოვედი მისი ოთახიდან და ისევ შევბრუნდი - ამბობთ, რომ ბავშვი ჯანმრთელი არ არის და მკურნალობა არ არსებობს-თქო?! რაღაც ვიტამინები დაასახელა და თუ გინდა, მიეციო. მესამედაც შევბრუნდი, მაგრამ ისევ არაფერიო, - ასე გამომისტუმრა. საშინლად მომექცა.

განაგრძეთ კითხვა