პედიატრი, ეკა უბერი, გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს იმ რისკებზე, რომლებიც მზიან ამინდში ბავშვების გარეთ გაყვანას თან ახლავს:
- მზიანი ამინდი არა მარტო პატარებში, არამედ მოზრდილებში ბედნიერების ჰორმონებს გამოყოფს და ცნობილიცაა, რომ იმ ქვეყნებში, სადაც დიდი ხარისხითაა მზე, ადამიანები უფრო ბედნიერები არიან და სუიციდის შემთხვევები გაცილებით უფრო ნაკლებია. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ მზიანი ქვეყანა გვაქვს. თუმცა, მზესთან ასოციაციაში ბევრი მითია. განსაკუთრებით, ბავშვებთან მიმართებაში. მზე ძალიან სასარგებლოა, მაგრამ მზეს ძალიან ბევრი ზიანიც მოაქვს, თუ მასთან კავშირს არასწორად დავამყარებთ. განსაკუთრებით, ადრეული ასაკის ბავშვებში.
პირველი, ყველაზე დიდი და მძაფრი საშიშროება გაუწყლოვნებაა.ორგანიზმიდან დიდი რაოდენობით სითხის დაკარგვის მაღალი რისკია. როცა გარემოს ტემპერატურა მაღალია, ბავშვის კანი ძალიან თხელია და შესაბამისად, სითხე ადვილად ორთქლდება. ბავშვის ორგანიზმი წყალს ადვილად კარგავს და ხშირად გაუწყლოვნება ხდება. ამიტომ, სასურველია, 10-დან 6 საათამდე ბავშვი მზეზე საერთოდ არ გაიყვანოთ. ასევე, თუ გარემოს ტემპერატურა +27, +28 გრადუსს აღემატება, ჯობს, გარეთ არც ამ შემთხვევაში გავიყვანოთ, რადგან არა მხოლოდ მზე, არამედ დახუთული ჰაერიც საშიშია.
თუ აუცილებელია, რომ ბავშვი მაინც უნდა გაიყვანოთ, სპეციფიკური ტანსაცმელი შეარჩიეთ. ღია ფერის, დახურული ტანსაცმელი მოარგეთ. სასურველია, ნატურალური ქსოვილი იყოს. თავსაბურავი და წყალი აუცილებელია. წყალი პერიოდულად უნდა მივაწოდოთ, რომ ბავშვს გაუწყლოვნება არ განუვითარდეს.
ჩვილებში მზის სხივებთან პირდაპირი კონტაქტი სასურველი საერთოდ არ არის. პირველი-ორი წლის განმავლობაში ბავშვის კანი ძალიან თხელია. შესაბამისად, დამწვრობისკენაა მიდრეკილი. მელანინი, რაც ჩვენს კანს აფერადებს, მათთან, პრაქტიკულად არ არსებობს, ძალიან დაბალი კონცენტრაციითაა, შესაბამისად, კანს დამწვრობისგან არ იცავს. ამიტომ, ამ შემთხვევაში, დამწვრობა გაცილებით მაღალი რისკია, ვიდრე ის D ვიტამინი, რომელიც შესაძლებელია, მიიღოს.
ბავშვები მზეზე უნდა გავიყვანოთ, მაგრამ, დილით, 8-9 საათისკენ, მანამ, სანამ მზე ზენიტში გადავა. D ვიტამინის პირველი და ძირითადი წყარო მზის სხივია. თუმცა, მკვლევარებმა დაამტკიცეს, რომ ჯობს, ბავშვს D ვიტამინი ხელოვნურად მივაწოდოთ, ვიდრე მზის სხივით, რომელსაც თან დამწვრობა, სითბური დაკვრა, ორგანიზმის გადახურება, გაუწყლოვნება ახლავს. შესაბამისად, საღამოს 6 საათამდე, განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, ბავშვის მზეზე გაყვანა საერთოდ არ არის სასურველი.