ყვავად ქცეული ძმების ამბავი - ზღაპარი - მშობლები

ყვავად ქცეული ძმების ამბავი - ზღაპარი

2015-05-04 07:57:09+04:00

იყო ერთი ცოლ-ქმარი, შვიდი ვაჟი ჰყავდათ და ქალიშვილზე ოცნებობდნენ. მართლაც შეეძინათ გოგონა, მაგრამ ისეთი სუსტი იყო იყო ერთი ცოლ-ქმარი, შვიდი ვაჟი ჰყავდათ და ქალიშვილზე ოცნებობდნენ. მართლაც შეეძინათ გოგონა, მაგრამ ძალიან სუსტი იყო.

მამამ ერთ-ერთი ვაჟი მდინარეზე გააგზავნა, ბავშვის მოსანათლად წყალი მოიტანეო, დანარჩენი ექვსიც უკან გაედევნა. იმდენი იძიძგილავეს - არა მე ავავსებ დოქს წყლით, არა მეო, რომ ბოლოს დოქი მდინარეში ჩაუვარდათ. ბიჭებს სახლში დაბრუნების შეეშინდათ და მდინარესთან დარჩნენ. მამამ უცადა, უცადა, ბოლოს მოთმინება დაკარგულმა თქვა: - ეტყობა, ის საზიზღრები თამაშით გაერთნენ და საქმე კი დაავიწყდათო, - შეეშინდა გოგონა მოუნათლავი არ მომკვდარიყო და განრისხებულმა წამოიყვირა, - ყვავებად გაქციოთ განგებამო!

როგორც კი ეს სიტყვები წარმოთქვა, ცაში ფრთების შხუილი მოესმა, აიხედა და ხედავს, თავს კუპრივით შავი შვიდი ყვავი დასტრიალებს...

დედ-მამამ ვეღარაფრით მოახერხეს თავისი წყევლის მოხსნა, რა არ იღონეს, ბევრი იდარდეს, მაგრამ ვერაფერს გახდნენ. ბოლოს ბედს შეეგუენ. გოგონა კი იზრდებოდა, დღითიდღე ლამაზდებოდა და ჯანსაღდებოდა.

გოგონამ კარგა ხანს არაფერი იცოდა იმის შესახებ, რომ ოდესღაც ძმები ჰყავდა, - დედ-მამა უმალავდა ამ ამბავს. მაგრამ ერთხელ შემთხვევით ყური მოჰკრა მეზობლების ლაპარაკს, - ეს გოგონა მართლაც მშვენიერია, მაგრამ თავისი შვიდი ძმის უბედურებაში ბრალი მიუძღვისო. ამის გამგონე გოგონა დანაღვლიანდა, მივიდა დედ-მამასთან და გამოკითხვა დაუწყო, მართლაც მყავდა თუ არა ძმები და სად არიან ახლაო. ჰოდა, სიმართლე ხომ არასოდეს იმალება. მშობლებმაც აუხსნეს ეს განგების ძალით მოხდა, შენ არაფერ შუაში ხარო. მაგრამ გოგონა მაინც თავს დამნაშავედ გრძნობდა და სულ იმის ფიქრში იყო, ძმები როგორ გადავარჩინოო.

mshoblebi

ვერა და ვერ მოისვენა გოგონამ, ერთ დღესაც ჩუმად ბოღჩა გამოკრა და ძმების საძებნელად გაეშურა. ბევრი არაფერი წაუღია, - დედ-მამის მოსაგონრად ერთი ბეჭედი წაიღო, გზად იქნებ მომშივდესო - ერთი ნაჭერი პური ჩაიდო და პატარა სკამიც წაიყოლია - რომ დავიღლები, ჩამოვჯდებიო.

გაუდგა გზას. იარა, იარა ქვეყნის დასალიერამდე. ბოლოს მზეს მიადგა, მაგრამ მზე ძალიან ცხელი იყო და ვერ მიეკარა, თანაც პატარა ბავშვებს ერჩოდა. გოგონამ ახლა მთვარეს მიმართა, მაგრამ ის ისეთი ცივი, მოღუშული და ავი იყო, როგორც კი გოგონა დაინახა, მაშინვე წაიბურტყუნა, - აქედან გამეცალეო.

შეშინებული გოგონა გაიქცა და ვარსკვლავებთან მიირბინა. ციმციმა ვარსკვლავები ძალიან ალერსიანები და კეთილები იყვნენ. ულამაზეს სკამებზე წამოსკუპებულიყვნენ და ვერცხლის ჩხირებით რაღაცას გამალებით ქსოვდნენ. ჰკითხა გოგონამ ვარსკვლავებს თავისი ძმების ამბავი. წამოიწია ცისკრის ვარსკვლავი, მიაწოდა გოგონას ვერცხლის ჩხირი და უთხრა: - წადი, მოძებნე შუშის მთა, იქ არიან დამწყვდეული შენი ძმები, ამ ჩხირის გარეშე კი მთის კარს ვერაფრით გახსნიო.

გოგონამ ცისკრის ვარსკვლავს ჩხირი გამოართვა, საგულდაგულოდ შეახვია ხილაბანდში, შეინახა და გზას გაუდგა. ბევრი იარა, თუ ცოტა იარა, ბოლოს შუშის მთას მიადგა. კარი დაკეტილი დაუხვდა. ამოიღო ხილაბანდი და რას ხედავს, - სადღაა ვერცხლის ჩხირი? ნუთუ გზაში დაკარგა? შეწუხდა გოგონა. რა ქნას აღარ იცის. არადა, ძმები უნდა დაიხსნას - ეს გადაწყვეტილი ამბავია. რა ექნა? - ადგა და დანით ნეკა თითი მოიჭრა, შეარჭო მთის კარიბჭეში და... გაიღო კარი. ქონდრის კაცი გამოეგება და ეკითხება:

- აქ რას ეძებო.

- ჩემს ძმებს ვეძებ, შვიდ ყვავსო, - უპასუხა გოგონამ.

ქონდრის კაცი ეუბნება: - ყვავები შინ არ არიან. თუ გინდა შემოდი და აქ მოუცადეო.

მერე ქონდრის კაცმა, შვიდი თეფშით და შვიდი თასით ყვავების საჭმელი და სასმელი მოიტანა, გოგონამ ყოველი თეფშიდან თითო ნამცეცი გასინჯა, ყოველი თასიდან ყლუპი წყალი მოსვა, ბოლო თასში შინიდან წამოღებული ბეჭედი ჩააგდო. უცებ ჰაერში ფრთების ტყლაშუნი და შხუილი გაისმა. ქონდრის კაცმა თქვა, - აი, ყვავებიც ბრუნდებიანო.

მოფრინდნენ ყვავები, ჭამა-სმა მოუნდათ, მოძებნეს თავიანთი თეფშები და თასები და ერთმანეთს ეკითხებიან:

- ვინ შეჭამა ჩემი თეფშიდან? ვინ მოსვა ჩემი თასიდან? ნუთუ ადამიანის ტუჩები შეეხო ჩვენს თასებს?

მეშვიდე ყვავმა თასი დაცალა და ხედავს, შიგ ბეჭედი დევს, მაშინვე იცნო დედის ბეჭედი და თქვა:

- ღმერთმა ქნას, ჩვენი დაიკო იყოს აქ, მაშინ ხომ ჯადოც მოგვეხსნებაო.

გოგონა იქვე, კარს უკან იდგა და როგორც კი ეს სიტყვები გაიგონა, მაშინვე სამალავიდან გამოვიდა... და ჰოი, სასწაულო - ყვავები ადამიანებად იქცნენ. გაიხარეს და-ძმებმა, ატყდა ხვევნა-კოცნა, სიცილ-ტირილი, ჟრიამული. ბოლოს, როგორც იქნა, გაახსენდათ, რომ მშობლები ელოდებოდნენ და ბედნიერები გაეშურნენ შინისკენ.

უნგრული ზღაპარი