5 მავნე ჩვევა ორსულობის დროს - მშობლები

5 მავნე ჩვევა ორსულობის დროს

2015-05-07 17:25:35+04:00

შეიძლება თუ არა სქესობრივი კავშირი, ფიზიკური დატვირთვა - ზოგიერთი ჩვევა ამ დროს სულაც არ ყოფილა სასარგებლო ყველა ადამიანს განსხვავებული, სხვადასხვა ჩვევა აქვს: ვიღაც დილით სვამს ახლად გამოწურულ წვენს, ვიღაცას უყვარს ძილის წინ კარგად დანაყრება. მაგრამ ორსულობის დროს საჭიროა დავაწესოთ ზღვარი - აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი ჩვევა ამ დროს სულაც არ ყოფილა სასარგებლო.

ახალგამოწურული წვენები

თუ ორსულობამდე გიყვარდათ დილით უზმოზე ახალგამოწურული ფორთოხლის წვენით თავის განებივრება, ახლა ჯობს თავი შეიკავოთ. საქმე ისაა, რომ 1 ჭიქა წვენის გამოსაწურად საჭიროა 5-6 ცალი ფორთოხალი ან 1 კგ სტაფილო, რომელიც შეიცავს უფრო მეტ ვიტამინს, ვიდრე ორსულს ჭირდება. ამან შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერვიტამინოზი, რაც ნაყოფის განვითარების დარღვევას იწვევს. გარდა ამისა, წითელი ფერის ხილი და ბოსტნეული, განსაკუთრებით კი ციტრუსი, ძლიერი ალერგენია. ამის მაგივრად, ექიმის რეკომენდაციით, მიიღეთ პოლივიტამინების კომპლექსი, რომელშიც ვიტამინების ბალანსი დაცულია.

ფიზიკური დატვირთვა

თუ თქვენ ორსულობამდე სპორტით იყავით დაკავებული, პატარას მოლოდინში ჯობს შეზღუდოთ აქტიური ფიზიკური დატვირთვა. კი არ შეწყვიტოთ - არამედ შეზღუდოთ. ეს ეხება ისეთ სპორტულ აქტივობებს, როგორიცაა: ცხენითა და ველოსიპედით სეირნობა, ფრენბურთი, კალათბურთი, ალპინიზმი, ფიტნესი და სხვა. ორსულობის დროს ჯობს დაკავდეთ ისეთი სპორტის სახეობით, როგორიცაა ცურვა, აკვააერობიკა, იოგა, მსუბუქი ვარჯიშები. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ექიმ- გინეკოლოგის რეკომენდაციის გათვალისწინებით.

სექსი

თუ ექიმმა დაგისვათ დიაგნოზი: „ორსულობის შეწყვეტის საშიშროება“, ან „ მოსალოდნელი ნაადრევი მშობიარობა“, ამ დროს სექსი უნდა გამოირიცხოს. დანარჩენ შემთხვევაში სქესობრივი დაშვებულია. ეგ კი არა, მშობიარობის წინ 38-41 კვირაზე ექიმები რეკომენდაციას უწევენ სექსს, როგორც მშობიარობის სტიმულაციას. (იხილეთ ვრცლად: ორსულობა და ინტიმი)

გადანაყრება

თუ მომავალ დედას ორსულობამდე ძილის წინ კარგად დანაყრება უყვარდა, ახლა თავის შეკავება მოუწევს. ღამის კვება ვნებს როგორც დედას, ასევე პატარას. ორსულობის დროს ქალი წონაში დაახლოებით 13 კგ-ს იმატებს, მოუწესრიგებელი კვების შემთხვევაში შეიძლება ნაყოფმა წონაში მოიმატოს 4,5კგ-მდე, რასაც შეიძლება მოჰყვეს სხვადასხვა გართულება როგორც დედის, ასევე ნაყოფის მხრივ. (იხილეთ სტატია, თუ რატომ არის საზიანო ორსულობის დროს ბევრის მირთმევა)

მოწევა

ყველასათვის ცნობილია, რომ ორსულობის დროს მოწევა მავნებელია. მწეველებში გავრცელებულია მითი, რომ მოწევის მაშინვე შეწყვეტა არ შეიძლება (როგორც კი გაიგებთ, რომ ორსულად ხართ), თითქოს ნიკოტინის მაშინვე აკრძალვა იწვევს სტრესს, ეს კი აისახება ნაყოფზე. სინამდვილეში ასე არ არის. სიგარეტი შეიცავს კანცეროგენურ ნივთიერებებს, რომლის ზემოქმედებაც ერთმნიშვნელოვნად ვნებს ნაყოფს. ბავშვი შესაძლოა ჩამორჩეს განვითარებაში, წონაში. ამ დროს ხდება პლაცენტის ნაადრევი დაბერება, რისგანაც ნაყოფი იგუდება. მომავალმა დედამ ნიკოტინის მოხმარება საერთოდ უნდა შეწყვიტოს. გარდა ამისა, ორსულისთვის არ შეიძლება სიგარეტის შემცვლელის - პლასტირების, საღეჭი რეზინების, სპრეის და ელექტრონული სიგარეტების გამოყენება. ისინი შეიცავენ ტოქსინებს. არის მხოლოდ ერთი გამოსავალი - შეწყვიტოთ მაშინვე და, სასურველია, სამუდამოდ.