მეორე კატა ყოველგვარი ზიზღის გარეშე შევჭამეთ, კმაყოფილები ვართ, რომ დავნაყრდით მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 70 წელი გავიდა. კაცობრიობას დღემდე თავზარს სცემს ის სისასტიკე, რაც მაშინ ადამიანების თავს დატრიალდა. ამ ომმა მილიონობით ბავშვიც იმსხვერპლა. ძალიან ბევრმა მოზარდმა დღიურებში ასახა ის მოვლენები, რაც მათ თვალწინ განვითარდა. გამოცემაში "ბავშვური წიგნი ომზე" 35 ასეთი დღიური შევიდა. ამ დღიურებს ბავშვები 1941-1945 წლებში ტყვეობაში, ბლოკადაში, საკონცენტრაციო ბანაკებსა თუ ოკუპირებულ ტერიტორიებზე წერდნენ. ფურცელზე გადაჰქონდათ ის ენით აუწერელი სისასტიკე, რის წინაშეც აღმოჩნდნენ. ეს ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და სულისშემძვრელი დოკუმენტებია კაცობრიობის ისტორიაში. წარმოგიდგენთ ამონარიდებს ამ დღიურებიდან:
• როგორ მინდა გავექცე ამ სასიკვდილო შიმშილის მარწუხებს, გავექცე მუდმივ შიშს და ახალი ცხოვრება დავიწყო სადმე პატარა სოფელში, ბუნებასთან ახლოს, დავივიწყო გადატალინი უბედურება... აი ჩემი დღევანდელი ოცნება.
• უკვე ჩიხია, ასე ცხოვრების გაგრძელება აღარ შემიძლია, შიმშილი, საშინელი შიმშილი. გვერდით დედა და ირა. არ შემიძლია მათ პურის ლუკმა წავართვა... არ შემიძლია, თუმცა ახლა თუნდაც ერთი ნამცეცი პური... დღეს, საფუნთუშედან რომ მოვდიოდი, დედას და ირას წილი 25 გრამი პური უნამუსოდ შევჭამე... უფსკრულში მივექანები, უსინდისოდ... მრცხვენია... ირას საცოდაობას ვეღარ ვუყურებ... საჭმელი! საჭმელი!
1941 წელი, ლენინგრადის ბლოკადა
• მეორე კატა ყოველგვარი ზიზღის გარეშე შევჭამეთ, კმაყოფილები ვართ, რომ დავნაყრდით. მერე საშინელი შიმშილის დღეები დაიწყო. მაღაზიებში არაფერი აღარაა, არც სახლში, კატებსაც, ეტყობა, სხვებიც ჭამენ. ქუჩაში ერთ მაწანწალა კატასაც ვეღარ იპოვი.
1942 წელი, ლენინგრადის ბლოკადა
• ზედამხედვალმა რვანი შეგვარჩია და გვითხრა, დამკრძალავთა ბრიგადაში იქნებითო. აქამდე დიდი არეულობა იყო, მკვდრები რამდენიმე დღე იწვნენ ბარაკებში. ახლა გვევალება, რომ ადამიანი მოკვდება თუ არა, მაშინვე გავხადოთ, ამოვაცალოთ ოქროს კბილები, ოთხმა კაცმა გავიტანოთ და ბარაკის კართან დავაწვინოთ.
1943 წელი, შტუტჰოფის საკონცენტრაციო ბანაკი.
• აი თურმე რად შეიძლება იქცეს ადამიანი. უკვე მეც ვფიქრობ, რომ მართლა "რუსი ღორი" ვარ ნომრით 25795. მკერდზეც ნომერი მაქვს, ჯიბეშიც, ქუდზეც, ყელზეც მაიძულებენ, რომ ნომერი მეკიდოს... ყველანი დანომრილები ვართ.
1943 წელი, დრეზდენი
• 23-დან გესტაპოში მთელი ებრაელი ინტელიგენცია დაიბარეს, ზოგი დახვრიტეს, ზოგი დააპატიმრეს. მხოლოდ გუშინ 5000 ადამიანი დახვრიტეს. დღეს ფ. გაიყვანეს დასახვრეტად. აღარ ვიცი, რას ვგრძნობ. მიმძიმს და მრცხვენია. რით იყო ფ. ჩვენზე უარესი? მშვენიერი და მამაცი გოგო იყო. გამართული წავიდა, თავი აწეული ჰქონდა... დარწმუნებული ვარ, ასე თავაწეული მოკვდა. ფ. იცოდე, რომ არასოდეს დაგივიწყებ და ოდესმე შურს ვიძიებ.
1942 წელი, კრემენეცი
• მეგონა, ცეცხლში ვიყავი, ცრემლებში ვიხრჩობოდი. ამდენ დარდსა და სიცივეში რას ვიფიქრებდი, თუ დღიურის წერას დავიწყებდი. დღეს ისეთი რამ მოხდა, რომ წერა დამაწყებინა... მამა, როგორც ყოველ დილით, ცეცხლის ასანთებად წავიდა, რომ მანის ფაფა მოგვეხაშა... ახადა სამალავს თავი და მეზობელს დაუძახა: "შურა, გამოდი, ცოცხა..." - და ამ დაუმთავრებელ სიტყვით მისი სიცოცხლეც დასრულდა. სროლის ხმა გაისმა, მერე რაღაც გაჩხაკუნდა და მამა ნელ-ნელა ჩამოცურდა სამალავის კიბეზე...
1942 წელი, სტალიგრადი