თავხედი დათუნია - მშობლები

თავხედი დათუნია

2015-05-08 07:39:23+04:00

უღრან ტყეში ერთი თავნება და თავხედი დათუჩა ცხოვრობდა. ტყის ბინადრები მასთან თამაშსა და მეგობრობას ერიდებოდნენ...

უღრან ტყეში ერთი თავნება და თავხედი დათუჩა ცხოვრობდა. ტყის ბინადრები მასთან თამაშსა და მეგობრობას ერიდებოდნენ. ერთ დილით დათუნია თავისი ბუნაგიდან გამოძვრა, დიდი წკეპლა მოტეხა და ქნევა-ქნევით გზას დაადგა. უცებ ხის ტოტზე შემოსკუპებულ ციყვს მოჰკრა თვალი, ზურგიდან მიეპარა და წკეპლა ისე მაგრად მოუქნია, რომ საწყალს ლამის გული გაუხეთქა. მერე პატარა გუბურასთან ზღარბუნა და ბეღურა დაინახა, რომლებიც წყალს სვამდნენ. თავხედმა ბელმა წკეპლა წყალს დასცხო და წყალი აამღვრია. გაბრაზებული ზღარბუნა აბუზღუნდა, გაქცევა დააპირა, მაგრამ ფეხი დაუცდა და გუბურაში მოადინა ტყაპანი. გაწუწული და შეშინებული ბეღურა კი იქაურობას სასწრაფოდ გაეცალა.

mshoblebiდათუნიამ ახლა მინდვრისკენ გასწია, სადაც ბაჭიები და მელაკუდა ბურთს თა­მაშობდნენ. მოთამაშეებს ბუ­­რთი წაართვა, ბაჭიას წი­ხ­ლი უთავაზა და ბალახებ­ში გადააკოტრიალა, მერე მელაკუდას სწვდა კუდში და ისე ძლიერად მოქაჩა, რომ კინაღამ მოაწყვიტა.

- ჰეი, შე თავხედო, რას ერჩი ამ პატარებს, ჩამოსძახა ხიდან ჩხიკვმა.

- შენ ვინ გეკითხება, მე­ცამეტე გოჭივით რომ გამოხტი? - შესძახა დათუნიამ.

- როგორ თუ ვინ მეკითხება? დიდი და ღონიერი რომ ხარ, შენზე პატარები უნდა დაჩაგრო? როგორ არ გრცხვენია?! - ცხარობდა ჩხიკვი.

თავხედმა დათუნიამ მოზრდილ ჯოხს წამოავლო ხელი და ჩხიკვის ბუდეს ესროლა. საბედნიეროდ, ჯოხი ბუდეს ასცდა, ზევიდან გადაევლო და ბუჩქებში ჩავარდა. ბუჩქის ძირას კი თურმე გარეულ ღორს ეძინა და საწყალს დიდი ჯოხი დინგში მოხვდა. გაშმაგებული ღორი წამოხტა და ბუჩქებიდან ღრიალით გამოვარდა.

საზარელი მხეცის დანახვაზე დათუჩას შიშისგან ბეწვი ყალყზე დაუდგა, უკან დაიხია, ძირს დავარდნილი ერთი ორჯერ ამოკოტრიალდა და ფაცაფუცით იქვე მდგარ უშველებელ ხეზე აც­ოცდა. ტახი ხეს დაეძგერა და ეშვებით ფესვებს დაუწყო თხრა, თან გაცოფებული ღრიალებდა: - დამაცადე, შე თავხედო, სულ ნაკუწებად გაქცევ!

- მიშველეთ, შემიბრალ­ეთ, - აბღავლდა შეშინებული დათუნია. ამ დროს ნაცემ-ნაბეგვი კურდღლები და მე­ლაკუდა თხრილში ისხდნენ და კვნესოდნენ.

mshoblebi- როდემდე ვითმინოთ დათუნიას თავხედობა, ჭკუა უნდა ვასწავლოთ, - თქვა ნაცარამ.

- მართალია, წავიდეთ და ჭკუა ვასწავლოთ! - გადაწყვიტეს მეგობრებმა და დათუნიასკენ გასწიეს. როგორც კი ჭალაში გავიდნენ, შიშისგან ერთ ადგილას გაშეშდნენ:

- შეხედეთ, დათუნია განსაცდელშია, - დაიძახა ნაცარა ბაჭიამ.

- მოდი, ვუშველოთ! - გადაწყვიტეს ერთხმად.

მელაკუდამ რაღაც მოი­ფიქრა, თვალები მოჭუტა და ძია მიხოს ბოსტანში მდგარ საფრთხობელას გახედა.

- მომყევით! - შესძახა მელიამ და ბოსტნისკენ გაიქცა. მეგობრებმა საფრთხობელა ზურგზე მოიგდეს და ბელისკენ გაეშურნენ. ის-ის იყო ხე უნდა წაქცეულიყო, რომ ამ დროს ღორს უცნაურად გამოწყობილი რაღაც საშინელება თავზე წამოადგა. შეშინებულმა ტა­ხმა ერთი მაგრად დასჭყივლა და უკან მოუხედავად მოჰკურცხლა.

mshoblebi- არ გაუშვათ! დაიჭირეთ, დასცხეთ მაგას! - ყვიროდნენ გათამამებული ცხოველები.

დათუნია ფეხების კანკალით ხიდან ჩამოცოცდა და თავისი მშველელების წინ დარცხვენით გაჩერდა - გადამრჩენელებს თან მადლობას უხდიდა და თანაც თათებით ცრემლებს იწმენდდა.

- ოღონდ ახლა მაპატიეთ და დღეიდან თქვენი მეგობარი და ქომაგი ვიქნები, - ბურტყუნებდა პატარა დათუნია.

მელაკუდამ დათუჩას თა­­თი ჩაჰკიდა და სათამაშოდ წაიყვანა. იმ დღის შემდეგ პატარა დათვი ისე გამოსწორდა, რომ მისთვის თავხედი აღარავის უწო­დებია.