თუ ზეთს აწერია, რომ იგი არ შეიცავს ქოლესტერინს, იცოდეთ, რომ ეს მხოლოდ სარეკლამო ხრიკია ზეთის არჩევის ზოგადი წესები ასეთია:
• თუ ზეთი გაცხელების გარეშე (მაგალითად სალათებში) უნდა იხმაროთ, შეეცადეთ არარაფინირებული (ან არა-სრულად რაფინირებული) ზეთი შეიძინოთ. ხოლო თუკი ზეთი რაიმეს შესაწვავად გინდათ, მაშინ რაფინირებული ზეთი გჭირდებათ;
• აუცილებლად გაეცანით შენახვის ვადას: რაფინირებული ზეთის შენახვის ვადა 1 წელი ან ცოტა მეტი შეიძლება იყოს (გამონაკლისია რაფინირებული ზეითუნის ზეთი - მისი შენახვის ვადა 2 წელია), არარაფინირებულის კი უფრო მცირე: 3-8 თვე. თუკი ზეთის შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადა ამაზე მეტია, ეს იმას ნიშნავს, რომ მასში სპეციალური ქიმიური დანამატები - ანტიოქსიდანტები არის დამატებული. როგორც წესი, ეს ნივთიერებები ადამიანის ორგანიზმისთვის საკმაოდ მავნეა. ამიტომ, თუ შესაძლებლობა გაქვთ, მოერიდეთ ისეთი ზეთის შეძენას, რომელსაც 2 წელზე მეტი შენახვის ვადა აქვს.
• აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება, რომ ზეთის შენახვის ვადა გასული არ იყოს! გაფუჭებული ზეთი ძალზე საშიშია ჯანმრთელობისთვის!
• მიაქციეთ ყურადღება, რომ რაფინირებული ზეთი კრიალა-გამჭვირვალე იყოს, ყოველგვარი ნალექის გარეშე. არარაფინირებულ ზეთს კი შეიძლება მცირე ნალექი ჰქონდეს, რომელიც სასარგებლოც კია ორგანიზმისათვის.
• თუ ზეთს აწერია, რომ იგი არ შეიცავს ქოლესტერინს, იცოდეთ, რომ ეს მხოლოდ სარეკლამო ხრიკია და ზეთის ეს სახეობა არაფრით არ ჯობს სხვას. ქოლესტერინს არც ერთი მცენარეული ზეთი არ შეიცავს, მას მხოლოდ ცხოველური პროდუქტები შეიცავენ.
ზეთის შენახვა და გამოყენება სახლში
იმისათვის, რომ ზეთმა შეინარჩუნოს სასარგებლო თვისებები, იგი უნდა შევინახოთ ბნელ ადგილას, დავიცვათ მეტალებთან და წყალთან შეხებისაგან.
ზეთის შენახვის ოპტიმალური ტემპერატურაა +5-დან +20 გრადუსამდე. არარაფინირებული ზეთი უმჯობესია შევინახოთ მაცივარში, მინის ჭურჭელში.
გახსნილ ბოთლში ზეთი უფრო სწრაფად ფუჭდება. ამიტომ სახლში ზეთის ბოთლის გახსნის შემდეგ ეცადეთ ზეთი 1-1.5 თვის მანძილზე გამოიყენოთ.
გახსნილ ბოთლს ყოველთვის დაახურეთ თავი, რათა დავიცვათ ზეთი ჟანგბადისა და ტენისაგან ;
გირჩევთ, ნუ იყიდით ზეთს იმაზე დიდი რაოდენობით, ვიდრე მის შენახვის ვადაში მოიხმართ. თუ თქვენს ჯანმრთელობას უფრთხილდებით, ზეთს ვადა როგორც კი გაუვა, უნდა გადააქციოთ;
გაცხელებისას ზეთში კანცეროგენური და ტოქსიკური ნივთიერებები წარმოიქმნება. ამიტომ ზეთის რამდენჯერმე გაცხელება არ შეიძლება! ერთხელ შესაწვავად გამოყენებული ზეთი უნდა გადაასხათ!
ზეთი გამოსაყენებლად უვარგისია, თუკი:
• მას მწარე ან მძაღე გემო აქვს (შესაძლებელია ეს გემო მხოლოდ ზეთის გაცხელების შემდეგ იგრძნოთ) - ეს ზეთი ან დაძველდა, ან უვარგისი, ამძაღებული ნედლეულისგან არის დამზადებული. ნუ იხმართ ასეთ ზეთს, ის მავნეა თქვენი ჯანმრთელობისთვის!
• თუ გაცხელებისას ზეთი თევზის სუნს გამოჰყოფს - ეს ნიშნავს რომ ზეთი მიღებულია ტექნოლოგიური პროცესის დარღვევით და უხარისხოა. ის არ მოგწამლავთ, მაგრამ არც სარგებლობას მოგიტანთ.
momxmarebeli.ge