ენის ბორძიკის მიზეზები და განკურნების გზები - მშობლები

ენის ბორძიკის მიზეზები და განკურნების გზები

2015-06-03 08:58:38+04:00

იგი რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობით გამოწვეული პათოლოგიაა ენის ბორძიკი ბავშვებში ეს არის სამეტყველო ტიპისა და რითმული ორგანიზაციის დარღვევა. ენაბორძიკობა ძირითადად 2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ვლინდება. რა იწვევს ენაბორძიკობას ბავშვებში? ამ და მასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე AMBEBI.GE მეტყველების პედაგოგს ზეინაბ წულუკიძეს ესაუბრა.

- რა იწვევს ენის ბორძიკს ბავშვებში?

-ზუსტი პასუხის გაცემა თუ რამ გამოიწვია ენის ბორძიკი, ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია, რადგან პრობლემის ბუნება შეუსწავლელი და დაუდგენელია. ყველაზე უპრიანი იქნება თუ ვიტყვით, რომ იგი რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობით გამოწვეული პათოლოგიაა, რომელთა შორის მნიშვნელოვანია: მემკვიდრეობა, სოციალური გარემო, შიში, სტრესი, სიზმარი, ფსიქიკური ტრამვა, კომპიუტერთან დიდხანს ჯდომა, არაასაკობრივი გადაცემების ყურება. აღსანიშნავია, რომ მემკვიდრეობა დიდ გავლენას ახდენს ბავშვის მეტყველებაზე. ერთი მოსწავლე მყავდა, რომელსაც მეტყველების პრობლემა ჰქონდა. მერე ბავშვმა მითხრა, რომ მამაჩემს ბავშვობაში ენა ებმოდაო. ჩემს პრაქტიკაში ასეთი არაერთი შემთხვევა ყოფილა.

- როგორ ვუმკურნალოთ ენის ბორძიკს?

-პირველ ეტაპზე სასურველია მეტყველების ტემპის შემცირება, ხმოვნების გაწელვა, სამეტყველო კუნთების მოდუნება. რის შედეგადაც პაციენტები იწყებენ ნელა მეტყველებას ყოველგვარი ბორძიკის გარეშე. მეტყველების მეორე ეტაპზე აუცილებელია ინტონაციების გაზრდა და ბუნებრივად მეტყველება. ყოვლად მიუღებელია ბავშვს ვუთხრათ მკაცრად,"ილაპარაკე გამართულად"! გახსოვდეთ, ეს მისგან დამოუკიდებლად ხდება. ასეთმა მიდგომამ შესაძლოა გამოიწვიოს კომპლექსები და ბავშვმა საერთოდ აკრძალოს მეტყველება.

-არსებობს თუ არა ენის ბოძიკის სამკურნალო მედიკამენტები?

-დღეისათვის არ არსებობს მედიკამენტი, რომელიც სახელდობრ ენის ბორძიკის სამკურნალოდ გამოიყენება. ეს არ არის დაავადება, ენის ბორძიკი სიმპტომია, თუმცა არსებობს მედიკამენტები, რომლებიც მას ამცირებენ.

ასეთებია დოფამინის ანტაგონისტები: ისინი ამ პრობლემეას 30-50%-ით ამცირებენ. ენის ბორძიკის შემცირება შეუძლია ზოგიერთ დამამშვიდებელ საშუალებასაც. თუმცა ამ პრეპარატებს გააჩნიათ გვერდითი მოვლენები და ამ პრობლემის მოსაგვარებლად თითქმის აღარ იყენებენ.

- განკურნებადია თუ არა ენის ბორძიკი?

-ბავშვები 50-80% სქესობრივი სიმწიფის ასაკამდე სრულად იკურნებიან. მოზრდილებში გაცილებით რთულად არის საქმე. წარმატებული მკურნალობის შემდეგ ხშირია განმეორება. აღსანიშნავია, რომ ვინც კარგად მღერის, სიმღერის დროს ენა არ ებმის და თავისუფლად მღერის.

- რამდენი დროა საჭირო ამ პრობლემისგან თავის დასაღწევად?

-ამას საკმაოდ ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს. მნიშვნელოვანია სწორად შერჩეული მეთოდიკა, პაციენტის ასაკი, ენის ბორძიკის ხასიათი და ფორმა. ნებისმიერ შემთხვევაში, ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია. რამდენიმე თვიდან ერთ წლამდე გრძელდება.

თიკო გურაშვილი

AMBEBI.GE